ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. როგორც ვახო სანაიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, ის სამივე ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს.
“გიგაური, რომელიც პირველად წამოვიდა დასარტყმელად, როცა მე გავიწიე წაიქცა. შემდეგ ის ორი მოვიდა, ამასობაში ესეც წამოდგა, და სამივე მონაწილეობდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში – ხელებით, ფეხებით. ამიტომ ამ ნაწილში სამივეა დამნაშავე. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობას, გიგაური ცალსახად დამნაშავეა, მეორეც, საყევარიშვილი ასევე ცალსახად დამნაშავეა. პირდაპირ ამბობდნენ, როგორც ჟურნალისტს ისე მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ასახელებდნენ ტელევიზიებს, სადაც ვმუშაობდი.
რაც შეეხება ერთ-ერთს, სახელაშვილს, ის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა, თუმცა მის ნაწილში არ მომისმენია ტელევიზიის ხსენება ან რაიმე ამდაგვარი ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ისიც უნდა დაისაჯოს, რადგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა. სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს არის ჩემი მოთხოვნა, და არ გაბედოს სხვა რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ”
თავდასმხაში მონაწილე პირების იდენტიფიკაციის პროცესში, ფორმულამ დაადგინა, რომ ვაჟა გიგაური, რომელიც სანაიას თქმით, მის წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის მთავარი ინიციატორი იყო, კორცხელის დარბევაში მონაწილე გიორგი გიგაურის ნათესავია.
ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ასევე გაარკვია, რომ ბრალდებულები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან. გეგეშიძე, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტსმენია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო.
გეგა გეგეშიძის სახელს უკავშირდება 2016 წელს სოფელ კორცხელში, ოპოზიციის წინააღმდეგ სპორტსმენების მობილიზაციაც.
წყარო – ფორმულა
კომენტარები