სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა, ამჯერად, ექსპერტიზის ბიუროდან ნივთმტკიცებები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის მტკიცებულებები ინახებოდა, ექსპერტიზის ბიუროს საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით უმანკოშვილმა დაალომბარდა. უმანკოშვილმა ამბის შესახებ თავად აღიარა და მტკიცებულებების დალომბარდების ფაქტი ფინანსური პრობლემებით ახსნა. ამ ფაქტს შაბათის ეთერთან უმანკოშვილის დაც ადასტურებს.
დაკარგულია 150 ნივთმტკიცება. პოლიციამ 20 ნივთმტკიცებას ლომბარდებში მიაკვლია.
ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ შენობაში შემოწმება ჩაატარეს და ეჭვი თავად გაუჩნდათ, თუმცა ტვ პირველის ინფორმაციით, გამოძიება ბრალდებულის აღიარების ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
მართალია, პოლიცია ლომბარდებში ეძებს მტკიცებულებებს, მაგრამ ამ დრომდე არ არის ცნობილი შევიდა, თუ არა, სამხარაულის სახელობის ბიუროში სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა, ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება მთავრობის ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო უშუალო მთავრობის და პრემიერის დაქვემდებარებაშია.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან ბევრი კითხვა აქვთ ადვოკატებს, აქამდე მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ სამხილების გაყალბება არ ხდება – ახლა, როცა საერთოდაც სამხილების გაქრობაზეა საუბარი, საინტერესოა როგორი იქნება პრემიერის განცხადება, რომელმაც გუშინ ქართული განათლების სისტემა დაიწუნა და თქვა, რომ მეტმა ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს უცხოეთში. დაიწუნებს, თუ არა, პრემიერი ქართულ ექსპერტიზასაც და დადგება თუ არა საქმეების გადახედვის საჭიროება?
კომენტარები