სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკლესიები დროებით დაიხურა და მრევლისთვის ონლაინ ღვთისმსახურება ტარდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მორწმუნეები ქადაგების მოსმენას YouTube-ზე შეძლებენ.
„შევიტყვე, რომ ღვთისმსახურება არ იქნება, თუმცა მაინც მოვედი ტაძარში გადასამოწმებლად. დიახ, ის დაკეტილია. გონივრული გადაწყვეტილებაა, ხალხმრავალ ადგილებში ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ეკლესია გამონაკლისი ვერ იქნებოდა“, – აცხადებს ერთ-ერთი მორწმუნე, სონ იუნ კო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 500-ს აჭარბებს.
ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 870-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 824-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 2970-ს გადააჭარბა. 86 992 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
წყარო:imedinews.ge
კომენტარები