თეა წულუკიანის მხრიდან ჩატარებული საკადრო წმენდის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულმა გუგა გოგაძემ, 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო – ამის შესახებ ინფორმაციას მისი ინტერესების უფლებადამცველი ორგანიზაცია, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.
ამასთან, სასამართლომ მოპასუხე მხარეს სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
“სააპელაციომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა. მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა – გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხა. ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა” – ნათქვამია განცხადებაში.
გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ.
(მთავარი არხის ფოტო)
კომენტარები