ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი შეტევები განახორციელა ყირიმის მიმართულებით და რუსეთს რამდენიმე სამხედრო ობიექტი გაუნადგურა. როგორ შეაფასებთ უკრაინელთა ამ აქტიურობას ყირიმის მიმართულებით?
– გეთანხმებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სამხედრო–საბრძოლო ოპერაციები გამოირჩევა მოულოდნელობით, გონიერებითა და საკმაოდ მაღალი მანევრირებით, რომელიც ძალიან აფრთხობს რუს ოკუპანტებს და მათ ერთგარი პანიკური შიშის ელემენტი გაუჩნდათ. ამით უკრაინელები არა მარტო ფსიქოლოგიურ ომში, კონვენციურ ომშიც აღწევენ წარმატებას. ანექსირებულ ყირიმში მათ მოხერხეს თუნდაც წყალქვეშა ნავის ჩაძირვა,სადესანტო ხომალდები გაუნადგურეს მტერს. თუ უკრაილებს გაუჩნდებათ ზეზუსტი ტიპის „ატაკამსის“ სარაკეტო–კომპლექსებიდა F–16 ტიპის ავიაგამანადგურებელები, შემიძლია გითხრათ, რომ ოპერატიულ–სტრატეგიული ინიციატივა შეიძლება გადავიდეს უკრაინელების მხარეს. ამ ეტაპზე უკრაინელები ძალიან ჭკვიანად იყენებენ თუნდაც იმ შეზღუდულ სამხედრო რესურსს, რასაც ისინი ფლობენ, მათ შორის, საზღვაო „დრონებს“, რომელიც ახალი მოვლენაა საბრძოლო–ოპერატიულ ხელოვნებაში, საჰაერო „დრონებს“ და ზეზუსტი ტიპის სარაკეტო კომპლექტებს, რომლებიც უკრაინელებს გადასცეს დასავლეთის სახელმწიფოებმა. ფაქტობრივად, რეორგანიზაცია ხდება თავდაცვითი და შეიარაღებული ძალებისა და საკმაოდ და ეფექტურად ხორციელდება თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები, რაც უპირატესობას აძლევს უკრაინის არმიას. დღეს რუსი ოკუპანტები გადავიდნენ ღრმა სტრატეგიულ თავდაცვაში, კუპიანსკი–ხარკოვის მიმართულებითაც კი ვერ გადავიდნენ შეტევაზე და უკან დაიხიეს. რუსეთის საოკუპციო ჯარების დემორალიზაციის დაწყების პროცესს ვუყურებთ ახლა, რუსეთის ფედერაციის შიგნით არეულია სიტუაცია, „ვაგნერის“ განადგურებით, კრემლმა უკრაინაში არსებულ რუსეთის სამხედრო ძალებს სასიკვდილი განაჩენი გამოუტანა.
– რუსეთის მომხრე ქართველი სამხედრო ექსპერტებისგან, სამხედრო საქმეში მეტ–ნაკლებად ჩახედული სამოქალაქო აქტივისტებისგან, გამუდმებით მესმის იმაზე ლაპარაკი, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებულ შეიარაღებას ბევრად სჯობს მათი რუსული ანალოგები. ბოლოს ასეთი შედარება იყო „ლეოპარდსა“ და რუსულ ტანკებს შორის. თუ რუსეთს უკეთესი შეიარაღება აქვს, ვიდრე უკრაინას, ომის დაწყების პირველ პერიოდს თუ გამოვრიცხავთ, როდესაც უკრაინას დასავლეთი არ ეხმარებოდა, რუსეთის არმია წინ ვერ მიიწევს და ხშირ შემთხვევაში, უკან იხევს. სასაცილოა იმაზე ლაპარაკიც კი, რომ ამას უკრაინელები ცოცხალი ძალის ხარჯზე ახერხებენ. გამოდის, ამ შეზღუდული და რუსეთზე უარესი შეიარაღებით უკრაინელები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ და როგორ? რის ხარჯზე?
– მოდით, სტატისტიკური მონაცემები ავიღოთ. ავიღოთ „ლეოპარდ–2“–ის საბრძოლო ტანკები, რომელთა კოეფიციანტი დაა მასშტაბები შეიძლება შევადაროთ რუსულ ტანკს T-80-ს და T-80y-ს. რუსებმა უკრაინელებს გაუნადგურეს 3 თუ 4 „ლეოპარდი“, მაგრამ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. უკრაინელებმა რუსეთს გაუნადგურეს დაახლოებით 200 ერთეული ტანკი T-80 და T-80 y. პირობითად, ვთქვათ, უკრაინას დასავლეთმა გადასცა 60 ერთეულამდე „ლეოპარდი“, რუსებს კი 1000 ამ ტიპის ტანკი ჰყავთ, უკრაინამ იქიდან დაკარგა 4 ტანკი, რუსეთმა – 200. აქედან ჩანს, რომელი ტიპის ტანკი რომელზე უკეთესია. ამ ომში უკრაინელები რუსებზე ათი თავით მაღლა დგანან საბრძოლო ტანკების განადგურების მაჩვენებლის მიხედვით.
– რუსეთის დიდ ქალაქებში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა უკრაუნული „დრონებით“ ჩამოგდებული ბომბები, რუსები შეეჩვივნენ ყოველდღიურ აფეთქებებს. შესაძლოა, ამან უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს?
– რა თქმა უნდა, შესაძლებელია და საქმე აქეთკენ მიდის. უკრაინელები ახლა წავიდნენ მეხუთე თაობის ომის სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს უკონტაქტო ბრძოლების დროს ახლი ტექნოლოგიების გამოყენებას. ახლა შესაძლებელია, საჰაერო „დრონების“ მეშვეობით, უკრაინის მხარემ მოახდინოს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში განთავსებული სამხედრო ნაწილების დაბომბვა. უკვე სტრატეგიული დანიშნულების აეროდრომებსაც ანადგურებენ უკრაინელები „დრონებით“. ეს უკვე კიბერ–სივრცეში წარმოებული ოპერაციებია. რუსები, მე–4 თაობის „დრონებს“ ძლივს „ქაჩავენ“, მე–5 თაობის „დრონები“ არ გააჩნიათ. უკრაინელებს აქვთ მე–5 თაობის „დრონები“ და კიდევ მიაწვდის დასავლეთი. უკრაინელები პრინციპულად გააგრძელებენ რუსეთის ქალაქების დაბომბავას. ჯერ ერთი, ეს გამოიწვევს რუსეთში ხალხის, პოლიტიკური და სამხედრო ელიტის უკმაყოფილებას, რაც საბოლოოდ ბევრ ბზარს გააჩენს რუსეთის ხელისუფლებაში. მეორეც, უკრაინას ამის გაკეთებას არავინ უშლის, რუსეთი თითქმის ვერ ახერხებს მათი „დრონების“ ჩამოგდებას.
– სუს–მა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, რომელიც უკრაინიდან იმართება. სუს–მა ხუთჯერ დაიწყო გამოძიება 315–ე მუხლით, რაც გულისხმობს „შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“. 2015 წლის 20 ოქტომბერი, 2016 წლი 18 სექტემბერი, 2019 წლის 4 ივლის, 2020 წლის 6 ნოემბერი, 2021 წლის 28 ოქტომბერი – ეს ის თარიღებია, როდესაც სუს–მა ამ ბრალდებით აღძრა საქმე. ამას დავამატოთ 2014 წლის აპრილი, როდესაც შ.ს. მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ, სხვათა შორის, „ალიასთან“ ინტერვიუში, დააანონსა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ე.წ. „საბურავების“ საქმე. არც ერთხელ არავინ დაუჭერიათ ამ ბრალდებით. სადამდე უნდა ატყუონ და აშინონ ხალხი ამ გადატრიალებებით?
– სუს–ის ეს განცადება იყო ოთარ ფარცხალაძის ჯაშუშური სკანდალის გადაფარვის უსუსური მცდელობაა, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამგვარი ქმედებების კლასიკური მაგალითი. საქართველოში ვითომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები აპირებენ გადატრიალების მოწყობას. ეს არის სრული სისულელე. თან მინიშნება იყო, რომ უკრაინის გარდა, პოლონეთი იგულისხმებოდა, რადგან განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე ამზადებდნენ დივერსულ ჯგუფებს და ეს უცხო ქვეყნის დაფინანსებით ხორციელდება. აქ პოლონეთზე იყო აქცენტი გაკეთებული, თორემ უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას რომ გეგმავს, ეს აბსურდი უკვე წლებია გვესმის. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, უკრაინასა და პოლონეთს სურთ აქ გადატრიალება? ვისაც ეს თავში მოუვიდა, ერთუჯრედიანი დოქსოპულოები არიან, ასეთ სისულელემდე მივიდნენ. პოლონეთი წლებია გვეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში, სამხედრო–ტექნიკურ დახმარებას გვიწევს და იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადავუხდოთ, ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა ასეთ ამორალურ და ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს. რით განსხვავდება ეს სპეცსამსახური სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის სპეცსამსხურებისგან? სააკაშვილის სპეცსამსახური იყო საბჭოთა შინსახკომი, ნკვდ–ს და მისი „ტროკის“ მაგვარი სტრუქტურა, დღევანდელი სუს–ი არის საბჭოთა კავშირის დროინდელი სუკ–ის მაგვარი სპეცსამსახური, ეჟოვისა და სემიჩასტნის დროინდელი, ერთმა 1937 წლის სისხლიანი ტერორი მოაწყო, მეორემ – 1956 წლის 9 მარტი და სხვა უბედურებები. ანდროპოვის დროინდელი სუკი–ს დონემდეც ვერ განვითარდნენ, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების სამსხურის დილემა. ხრუშჩოვმა მოინდომა სუკ–ის რეფორმა და მაინც ნკვდ–ს და შინსახკომის დროინდელი კადრები აღმოჩნდნენ წამყვან თანამდებობებზე. აქაც ასეა, კუდ–ი გადაკეთა სუს–ად, ვითომ რეფორმა ჩაატარა და კუდ–ის კადრებით არის გატენილი სუს–ი. თან იმ ხალხით, რომელთაც ხალხს ტერორი, უკანონო პატიმრობა და ათასი უბედურება გამოატარა. არ იცვლება მათი მენტალიტეტი და შედეგიც სახეზეა, უკვე მეხუთედ აღძრეს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით და დღემდე არავინ დაუჭერიათ. მეექვსედ ვინ დიჯერებს? მხოლოდ ბრიყვი. სააკაშვილის სპეცსამსახურები რუსეთის ჯაშუშებს დასდევდნენ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს. იმასაც ვერ აკონკრეტებდნენ, რუსეთის რომელ სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობდა ეს ხალხი, რადგან არ იცოდნენ რუსული სპეცსამსახურების სტრუქტურები. რუს ჯაშუშებს ებრძოდნენ და რუსეთის სპეცსამსახურების სპეციფიკაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. მაგალითად, ვალერი ზუმბაძე, სააკაშვილის დროს კონტდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სრული იდიოტი და ტიპიური ჩეკისტი. ის ჩემი საქმის ერთ–ერთი ფასლიფიკატორი იყო, სხვებთან ერთად შემითითხნა სისხლის სამართლის საქმე, ვითომ რუსეთის ჯაშუში ვიყავი და ციხეშიც ვიჯექი, თქვენ კი კარგად იცით, ეს ყველაფერი. სასამართლო პროცესზე ვკითხე, რუსეთის სპეცსამსახურების ნუსხა, სახელწოდებები დამისახელე–მეთქი და ვერ დამისახელა, გრუ და „ესვეერიც“ კი ვერ თქვა, ამ იდიოტმა და ისევ მუშაობს უსაფრთხოების სამსახურში. რას გვეუბნება ახლა სუს–ი? უკრაინის სამხედრო დაზვერვა გეგმავს საქართველოში სამხედრო გადატრიალებასო. უკრაინა ამხელა ომშია, ამხელა მონსტრს ებრძვის, მისი სამხედრო წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სამხედრო დაზვერვის ეფექტურ მუშობაზე და მეტი საქმე არ აქვთ ახლა, რომელიმე ქვეყანაში გადატრიალებები მოაწყონ. თან წინასწარ გვეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირის სტატუსს არ მოგვცემენ და ქუჩაში გავალთ პროტესტის გამოსახატვად, უკრაინისა და პოლონეთის ჯაშუშები ვიქნებით. დიახ, ეს ყველაფერთან ერთად, პრევენციაა ამ ხელისუფლებისა, რომ ხალხი არ გავიდეს ქუჩაში და თუ გავა, საზოგადოებაში შეიქმნას ხალხის დარბევის ლეგიტიმაცია. ეს უკვე არის სახელმწიფო გადატრიალების მანია. ამათ გამახსენეს ფრანგული კონოკომედია „მაღალი, ქერა მამაკაცი შავ ფეხსაცმელში“, რომელშიც პიერ რიშარი ასრულებს მთავარ როლს. რიშარის გმირს, ფრანსუა პერენზეს რომ დასდევენ აგენტები, მიშას და დღევანდელი უსაფრთხოების სამსახურები იმ აგენტებს მაგონებენ. გია ლორთქიფანაძეზე როდესაც ლაპარაკობენ, ადრე გაერკვიათ, ვინ იყო ლორთქიფანიძე, დროც ჰქონდათ და საშუალებაც. „ლაფანყურის სპეცოპერაციის“ საქმე გამოიძია საგამოძიებო ჯგუფმა და მე ვიყავი იმ ჯგუფში. მაშინ აშკარად იკვეთებოდა გია ლორთქიფანიძის საეჭვო კავშირები ტერორიზმთან დაკავშირებულ ელემენტებთან.
– ის ხალხი, რომელიც პარლამენტში ლობირებდა „აგენტების კანონს“, ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღებით უცხო ქვეყნის აგენტურას და მათ დამფინანსებლებს შეებრძოლებოდნენ, დღეს ხმას არ იღებენ რუსეთის აგენტად შერაცხულ ოთარ ფარცხალაძის შესახებ, თითქოს რუსეთი საქართველოს შემადგენლობაში შედის და უცხო ქვეყანა არ არის.
– ეს სრული მარაზმია, აგენტი აგენტია და ჯაშუშობა ჯაშუშობაა. ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ხელს ადებს ფარცხალაძეს და მის რუს კურატორსაც ასახელებს. პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ ის იყო რუსეთის გავლენის აგენტი, რეზიდენტი და ამაზე ხმას არ იღებენ. რა მნიშვნელობა აქვს რომელი ქვეყნის აგენტია? აგენტია და მას ისე უნდა მოექცე, როგორც კანონი მოითხოვს. თუმცა, ამ ხელისუფლებას კანონიერების დაცვა მოსთხოვო, სრული უგუნურებაა. პრობლემა კიდევ ის არის, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, 307–ე მუხლი გიგა ბოკერიამ ამოიღო და დღეს ვერავის წაუყენებ სამშობლოს ღალატის ბრალდებას. იმათ გააუქმეს და ამათ არ აღადგინეს. საქმე იქით მიდის, რომ შექმნიან რაღაც ავტოკრატიული და ტოტალიტარული რეჟიმების მსგავს ჰიბრიდულ რეჟიმს და წარსულში დავბრუნდებით, არც ამას გამოვრიცხავ. ჩემი საქმის ხელახლა გამოძიება დაიწყო მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ მას. მის ადგილას მოვიდა ოთარ ფარცხალაძე და შეწყდა საქმის გამოძიება. ახლა არ მიკვირს, რომ ჩემი საქმე დღემდე „ბუქსირებს“ მთავარ პროკურატურაში. მე აღმოვჩნდი რუსეთის მიერ უცხო ქვეყნების აგენტებად შერაცხულთა სიაში, სომხეთში არ შემიშვეს ამის გამო და ეს ემთხვევა ფარცხალაძისა და მისი მომდევნო მთავარი პროკურორის, ბადაშვილის პერიოდს. საბოლოდ დავრწმუნდი, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით არის გაჩერებული ჩემი საქმე.
კომენტარები