დღეს შსს აცხადებს, რომ “დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც პირველ, ასევე გუშინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და ასევე საპროცესო მოქმედებები. დაკავებული არავინაა, არცერთი პირი. გუშინ რამდენიმე პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე, თუმცა არ დაუკავებიათ. ისინი დაკითხვის შემდეგ გათავისუფლდნენ”
“ალია” შეგახსენებთ, როგორ და რატომ გრძელდებოდა გუშინ კონფლიქტი დმანისში:
გუშინ არაერთი საათის განმავლობაში მოქალაქეები შეკრებილნი იყვნენ პოლიციის შენობასთან და ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას, ვიდეოკადრებიც არსებობს, სადაც ისინი პოლიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან:
“22 კაცი დააკავეთ, იქეთა მხრიდან არავინაა დაკავებული. ჩვენი ოჯახის წევრს შეუვარდნენ, პიწკზე არიან გადარჩენილი ქალბატონები, ამის მპატიებელი არ ვართ, სვანეთიდან მოდის ხალხი, სანამ არ დაძაბულა უფრო, სიტუაცია უნდა განიმუხტოს და ეს 22 კაცი გათავისუფლდეს.” – ვიდეო – https://fb.watch/5zAyatmf4r/
პოლიციის არც ერთი წარმომადგენელი ეუბნება მათ, არ გვყავს დაკავებულები და მხოლოდ გამოკითხვაზე არიანო, არც იმას ეუბნებიან, არ გვყავს დაკავებული 22 ადამიანიო. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე საათი გრძელდება კონფლიქტი, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ სცემს ერთ წაქცეულს ათობით ადამიანი და ა.შ. რამდენიმე ადგილას ერთდროულად მწვავდება სიტუაცია.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ინფორმაციით, ინციდენტის რამდენიმე ფიგურანტი უკვე დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით დაკავებული არაავინაა. რომელი სტყუის, ვერ გავარკვიეთ, მაგრამ ცხადია, შიდა კომუნიკაცია არ მუშაობს.
ადგილობრივები კი ამბობენ მედიასთან, რომ გამოძიება ვერ გაგრძელდება, რადგან ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გვერდი-გვერდ უნდა იცხოვრონ.
გამოდის, გომელაური და ლილუაშვილი გასაშველებლად ჩასულან გუშინ დმანისში, დიდად გაშველებაც კი არ გამოუვიდათ, როგორც ვხედავთ.
მერიაში “საქმე გაირჩა”, ხელი ჩამოართვა რამდენიმე კაცმა ერთმანეთს და დამთავრდა? “საქმის გარჩევაც” დასჯადია, კანონით, ბატონო მინისტრებო.
დაარქვით დროზე რამე სახელი დმანისში მომხდარ ამბავს, თორემ გენგრევათ ისედაც მორყეული სკამები.
თუ ვერავის დააკავებდით, თუ კანონის გვერდის ავლით უნდა მოგეგვარებით კონფლიქტი, თუ მაინც უნდა გამოგეშვათ დაკავებულები – დროზე მაინც გამოგეშვათ, დაპირისპირება არ გაგრძელდებოდა იმდენი საათით.
თუ მაინც არ კანონობს კანონი და მხოლოდ “საქმის გარჩევით” წყდება ასეთი საქმეები, ბარემ წინა დღეს ჩასულიყავით, რას დააწყვიტეთ ხალხს ნერვები? წინა დღეს მოგეგვარებიათ, თუ ასე უნდა “მოგვარებული” და დანაშაულს დანაშაული აღარ დაემატებოდა. დაგეკავებიათ და მერე ამნისტია “გამოგეცხოთ”… ბოლო სიტყვა რომლის იყო ისე, “კანონიერი გომელაურის”, თუ კანონიერი ლილუაშვილის”?
იყო ჩხუბი, ცემა, იყო დაპირისპირება, დაუმორჩილებლობა – ჩავიდა შს მინისტრი და სუს-ის უფროსი, შეიკრიბნენ მერიის შენობაში და მაშინ როცა გარეთ ხალხს ქოლავდნენ, რამდენიმე კაცში გაირჩა საქმე და რამდენიმე კაცმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, მერე ეს რამდენიმე კაცი გამოვიდა გარეთ და ხალხს უთხრა, ხელი ჩამოვართვით ჩვენ და მორჩაო? ანუ, თავის მხრივ, ეს რამდენიმე კაცი ჯგუფების “ავტორიტეტები” იყვნენ? – ასე იყო? სამთავრობო და ადგილობრივი “ავტორიტეტები” დაზავდნენ? “ყოჩები” დაზავდნენ და ასე “გაიასნდა”?
და დღეს შსს გვიმტკიცებს, არავინ დაგვიკავებიაო და არავინ რომ დაუკავებია, კარგი ჰგონია?
მოვყვებოდით ახლა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება და რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე და ასე მოხდებოდა, მაგრამ მგონი, უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნების მთავრობათა მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება!
კომენტარები