ლევან ჯავახიშვილი
ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ალიას“ ესაუბრება სამხედრო ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება რომ მიიღო და შესაბამისი ქმედებების განხორციელება დაიწყო, მაშინ პოლიტიკოსები და ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ეს ექსცენტრიული ტრამპის ახირება იყო. ტრამპის შემცვლელმა, ჯო ბაიდენმა კი მისი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა – დღეს ამერიკის არც ერთი ჯარისკაცი აღარ არის ავღანეთში. გამოდის, ტრამპის გადაწყვეტილება ამერიკის საგარეო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი და როგორც „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. რამ აიძულა ამერიკის ხელისუფლება, ავღანეთიდან ჯარების გამოეყვანა?
– კი, ბატონო, ეს იყო ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთობლივი გადაწყვეტილება, ეს უკვე აშკარაა. ცხადია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უმაღლეს პირებთან შეთანხმებული. კი, ბატონო, ტრამპმა დაიწყო ეს პროცესი და ბაიდენმა ბოლომდე მიიყვანა. ვიეტნამიდან ჯარების გამოყვანა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა დაიწყო და რიჩარდ ნიქსონმა დაამთავრა. ჯონსონმა შეიყვანა ჯარები სამხრეთ ვიეტნამში, მაგრამ როდესაც საზოგადოებისთვის ცხადი გახდა ამერიკელი ჯარისკაცების დიდი მსხვერპლის, უზარმაზარი, გაუმართლებელი სამხედრო ხარჯებისა და სხვა დანაკარგების შესახებ. რაც მთავარია, ცხადი გახდა, რომ სამხრეთ ვიეტნამელების დამარცხება შეუძლებელი იყო საომარი გზით. საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების ზეწოლის შედეგად, ჯონსონის ადმინისტრაცია იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა. ბევრი კითხულობს, რამდენად ჰგავს ერთმანეთს ვიეტნამისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციები ერთმანეთსო. კი, ჰგავს ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს და არის ბევრი ანალოგია. მაშინაც, როგორც ამერიკელები გამოვიდნენ სამხრეთ ვიეტნამიდან, მოხდა საიგონის, ამერიკელების მხარდამჭერი ხელისუფლების დამხობა. იგივე მოხდა ავღანეთში, „თალიბებმა“ დაამხეს ამერიკის მოყვანილი ხელისუფლება. იყო სოციალური რყევები ამერიკაში ვიეტნამის კამპანიის შემდეგ და სავარაუდოდ, ამგვარ პროცესებს ახლაც ექნება ადგილი ამერიკაში. სავარაუდოდ, იმ მასშტაბისა არა, რაც გასული საუკუნის 70–იან წლებში იყო, მაგრამ მაინც იქნება. ტრამპს უნდოდა ამერიკის ნეოიზოლაციონისტური პოლიტიკის გამოცხადება, რომ ამერიკა აღარ ერევა სხვა ქვეყნების საქმეებში. ამის გამო ტრაპს ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარკვეულწილად, მინიმუმ, ავღანეთთან მიმართებაში, ის მართალი იყო. 2001 წელს შეიყვანა ამერიკამ ჯარები ავღანეთში და ამ 20 წლის მანძილზე 1 ტრილიონი დოლარი დახარჯა ამ სამხედრო მისიაში. ასეთი დიდი ინვესტიცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამერიკას არ გაუკეთებია არასდროს და არავისთან. ამერიკის მიზანი იყო ტერორისტული ქსელის, „ალ ქაიდას“ განადგურება და „თალიბების“ დამორჩილება. შედეგად, „ალ ქაიდა“ ჯერ კიდევ არსებობს, „თალიბები“ უკვე ავღანეთის ხელისუფლებას დაეპატრონნენ და თან ახალი ტერორისტული ქსელი, „ისლამური ხალიფატი“ შეიქმნა. ეს ორი ფაქტორი იყო გადამწყვეტი, რომ ამერიკამ ჯარები გამოიყვანა ავღანეთიდან – ამდენი დახარჯული ფული და შედეგი, რომელიც ვერ მიიღეს.
– მართალია, „თალიბებმა“აიღეს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული, პრეზიდენტი გაიქცა ქვეყნიდან, მაგრამ წინააღმდეგობის მოძრაობა ჩამოყალიბდა და რამდენიმე ქალაქს ვერ აკონტროლებენ „თალიბები“.
– პანჯერისა და ბალხანის პროვინციებს ვერ აკონტროლებენ „თალიბები“. კი, შეიქმნა წინააღმდეგობრივი ფრონტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ავღანეთის ვიცე–პრეზიდენტი, არმულა სალეჰი. მის გვერდში დგანან შაჰ ახმედ მასუდი–უმცროსი, რომლის მამაც „თალიბებმა“ მოკლეს 2001წლის ტერაქტების წინა დღეს, მარშალი ტუსტუმი, რომელიც უზბეკი საველე მეთაურია და მათ შეუერთდა ისმალიტების ლიდერი, ისმაილ ხანი. მათ დაქვემდებარებაშია 20 ათასამდე გამოცდილი მებრძოლი და საკმაოდ სერიოზული შეიარაღება. მათ უკვე დაიკავეს რამდენიმე სტრატეგიული უღელტეხილი. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „თალიბანის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებს შორის, მაგრამ არ მგონია, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ. ისინი იარაღს არ დაყრიან და ავღანეთში სამოქალაქო ომი დაიწყება.
აქვე ვიტყვი, რომ „თალიბებს“ აქამდე ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ორპალატიანი პარლამენტი, თავისი 15 კომისიით, რომლებიც ყველა სფეროს და დარგს მოიცავენ, 3 სხვა და სხვა სახის სპეცსამსახური. ასევე, ერთგვარი სამინისტროების ფუნქციით აღჭურვილი სამსახურები, რომელთაც თავიანთი ხელმძღვანელები ჰყავთ და თავიანთი სასამართლო სისტემა. „თალიბანი“ დიდხანს რომ ემზადებოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად და ამის რეალური იმედი ჰქონდათ, აქედანაც ჩანს. „თალიბანი“ ახლა არ იწყებს ხალხის შერჩევას და ხელისუფლების დაკომპლექტებას. ხელისუფლებაში მოვიდნენ უკვე გამზადებული სტრუქტურებით და კადრებით. ახლა კონსტიტუციის შემუშავებას და მიღებას აპირებენ, რომელიც დაეფუძნება „ყურანის“ პრინციპებს. ავღანეთი გახდება ფუნდამენტალისტური ისლამური სახელმწიფო. მათ გადმოიღეს ისლამური სახალიფოს მოდელი.
– ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთი შეიყვანს ავღანეთში ჯარებს. რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს და რაში სჭირდება რუსეთს ავღანეთში ჯარების შეყვანა?
– არა მგონია. რუსეთმა შექმნა რეგიონალური სამხედრო კოალიცია, სადაც შევიდნენ რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. ამ კოალიციის შემადგენლობაში 15 000 სამხედრო მოსამსახურეა გაერთიანებული – 5–5 ათასი თითო ქვეყნიდან. მათ უკვე ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ტერიტორიებზე. ამით რუსეთმა შექმნა სამხედრო ალიანსი, რომელიც საჭირო შემთხვევაში, შევა და დაიკავებს ავღანეთის 5 პროვინციას. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ავღანეთში დაიწყო სამოქალაქო ომი და რუსეთს შეექმნა ტერორიზმის ან სხვა საფრთხეები ავღანეთიდან.
– შეიძლება იმის თქმა, რომ ავღანეთიდან ასე სასწრაფოდ და არც თუ ღირსეულად გამოსვლით, ამერიკამ, როგორც სუპერ–სახელმწიფომ, გარკვეული გავლენა და ავტორიტეტი დაკარგა? ასევე, ეს ფაქტი ნიშნავს, რომ ამერიკამ უარი თქვა იმპერიალისტურ ომებზე?
– ეს, ალბათ, აისახება ამერიკის ახალ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში. იქ გამოჩნდება ბევრი რამ და ეს დოკუმენტი მომავალ წელს გამოქვეყნდება. ბაიდენის ადმინისტრაცია, ვიქრობ, ერთგვარად შოკში და გაურკვევლობაშია, როგორი საგარეო პოლიტიკა აწარმოონ, ჯერ არ იციან. ავღანეთში ასეთი ფიასკოს შემდეგ, ამერიკამ დაკარგა გავლენა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ეს ფაქტია. ცენტრალურ აზიაში მისი გავლენა ნულამდე დავიდა, ფაქტიურად. მეტსაც გეტყით, ამერიკამ მტრად გადაიკიდა ყოფილი სტრატეგიული მოკავშირე, პაკისტანი, სადაც 20 წლის განმავლობაში, 83 მილიარდი დოლარი ჩადო. პაკისტანმა საჰაერო სივრცე დაუხურა ნატო–ს და ამერიკას. ამერიკა პაკისტანის ტერიტორიიდან, მათი სამხედრო აეროდრომებიდან ვეღარ ანხორციელებდა ავღანეთში სამხედრო და სხვა ტვირთების გადატანას ამერიკული სამხედრო ბაზებისა თუ ავღანეთის შეიარაღებული ძალების მოსამარაგებლად. ეს კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ იმისა, თუ რატომ გამოვიდა ამერიკა ავღანეთიდან. ეს აქამდე არავის უთქვამს.
– ავღანეთიდან დასავლეთის სახელმწიფოებისთვის ტერორიზმის გაძლიერების რა საფრთხეები არსებობს?
– ძალიან სერიოზული საფრთხეებია. ჯერ ერთი, „თალიბანს“ 3 სამხედრო ბაზა აქვს, სადაც დივერსანტებს ამზადებს. ახლა, ამერიკაში ავღანელი ლტოლვილები ჩაიყვანეს და კაცმა არ იცის, მათ შორის რამდენია ამ ბაზებზე მომზადებული დივერსანტი. იგივე ითქმის სხვა ქვეყნებზეც, რომელთაც ავღანელი ლტოლვილები მიიღეს. გარდა მაგისა, არ გამქრალა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდა“, რომელიც 3 000 წევრს მოითვლის და „თალიბანის“ მმართველობისას კიდევ უფრო მოძლიერდება. 15 000 მებრძოლი ჰყავს „ისლამურ სახალიფოს“ და მათგან ბევრი პოტენციური ტერორისტია. დიდი შანსია, „ისლამურმა სახალიფომ“, რომელიც ახლა სირიასა და ერაყში მოქმედებს, ავღანეთში გადაინაცვლოს და იქ შექმნას სამხედრო და ტერორისტების მოსამზადებელი ბაზები. თავის დროზე, 1996–2001 წლებში, ბინ ლადენმა ავღანეთში დივერსანტებისა და ტერორისტების მოსამზადებელი 3 სამხედრო ბანაკი შექმნა და ამ სამიდან, ორ ბაზაზე მომზადებულებმა მოაწყეს 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკაში 4 ტერორისტული აქტი. რეალურია, რომ ავღანეთი გადაიქცეს საერთაშორისო ტერორიზმის ჰაბად. ცხადია, ტერორიზმის სერიოზული საფრთხეები არსებობს.
– ბატონო ვახტანგ, ყველამ ვიცით, რომ ამერიკა ავღანეთში შეიჭრა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ და ეს გააკეთეს შურისძიების მიზნით. ავღანეთში ამერიკის 20 წლიან ომს ბევრი ადამიანი შეეწირა. ვფიქრობ, რეალური საფრთხე არსებობს იმისა, რომ ავღანეთში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, „თალიბანმა“ ტერორისტული აქტებით შური იძიონ არა მხოლოდ ამერიკაზე, ნატო–ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებზეც, რომელთა სამხედრო შენაერთებიც ამ წლების მანძილზე იყვნენ ავღანეთში. მათ შორის საქართველოც არის. რა პოტენციური საფრთხე გველის?
– კი, სამწუხაროდ ეს საფრთხე არსებობს. მათგან შურისძიება მოსალოდნელია. საქართველოც სამიზნე შეიძლება გახდეს ტერორისტებისა, ეს ბუნებრივია. საქართველოში „ისლამურ ხალიფატსაც“ და „ალ ქაიდასაც“ ჰყავს დასაყრდენი ძალები და ამის შესახებ, ადრეც გვისაუბრია. ცხადია, ყველა ქვეყანა ემუქრება საფრთხე, რომელთა ჯარებიც ავღანეთში იყვნენ. გარდა ამისა, საქართველო კიდევ ერთი საფრთხის წინაშეც დგას. შესაძლოა, ავღანეთიდან ლტოლვილთა ნაკადი მოგვადგეს. თურქეთმა უკვე განაცხადა, რომ ლტოლვილთა სერიოზულ ნაკადს ელოდებიან. თუ „თალიბანმა“ რეპრესიები გააგრძელა, მინიმუმ, 2–3 მილიონი ადამიანი დატოვებს ავღანეთს და ეცდებიან, დასავლეთ ევროპაში გადასვლას თურქეთის გავლით. შესაძლოა, საქართველოც გამოიყენონ სატრანზიტო ქვეყნად, ირანის გავლით. შესაძლოა, თურქეთიდანაც გადმოვიდნენ. შესაბამისად, არის შანსი, რომ ზოგიერთი ლტოლვილი საქართველოშიც დარჩეს. ლტოლვილთა მიღებაზე კი უარს ვერ ვიტყვით. რამდენი „ჯიჰადისტი“ დივერსანტი იქნება მათ შორის, ეგ კიდევ ერთი უბედურებაა. თან, ვთქვი უკვე, მათ დასაყრდენი აქვთ საქართველოში.
– იმაზეც არის ლაპარაკი, რომ თუ „თალიბანი“ ძალმომრეობასა და ტერორიზმზე უარს იტყვის, შესაძლოა, ის სცნოს დასავლეთის სახელმწიფოებმა და მასთან ითანამშრომლონ კიდეც. ყოფილი ტერორისტებისა და მათი დამფინანსებლების ხელისუფლებაში მოსვლის ფაქტები გვაქვს. ტერორისტული ორგანიზაციის, „ირლანდიის განმანთავისუფლებელი მოძრაობის“ („ირა“) წევრები, მას შემდეგ, რაც ინგლისის ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ტერორიზმზე უარი თქვეს, ქვეყნის პარლამენტის წევრები და მინისტრები გახდნენ, „ირა“ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. გავიხსენოთ პალესტინის ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასიც“, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში. პალესტინა ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა, მაგრამ ფაქტია, „ჰამასის“ ყოფილ ტერორისტებს დღეს პოლიტიკოსები ჰქვიათ და არა ერთმა სახელმწიფომ პალესტინის დამოუკიდებლობაც აღიარა.
– ამ ეტაპზე, ამერიკამ, ნატო–მ, ევროკავშირმა უარი განაცხადეს „თალიბანის“ აღიარებაზე. რუსეთმა აღიარა „თალიბანი“ და თავისი საელჩოც დატოვა ქაბულში. „თალიბანს“ ყველა ვარიანტში აღიარებს პაკისტანი. ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებიც აღიარებენ. უეჭველია, რომ დღეს „თალიბანს“ მეტი ლეგიტიმაცია ექნება, ვიდრე 1996–2002 წლებში ჰქონდა, ვიდრე ამერიკა დაამხობდა მისი ხელისუფლებას. ჩინეთიც არ ამბობს უარს აღიაროს „თალიბანის“ ხელისუფლება, ეს უკვე სერიოზული გარემოებაა. თურქმენეთი და თურქეთიც აღიარებენ, სავარაუდოდ. არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანმაც აღიაროს. „ირას“ ვარიანტისა რა გითხრათ, მაგრამ პალესტინის ხელისუფლების მსგავსად, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებმა არ აღიარონ „თალიბანი“, აღიარონ სხვა ქვეყნებმა და ნაწილობრივ აღიარებულ ხელისუფლებად იქცეს.
– ჩვენ, ალბათ, არ ვაღიარებთ, რადგან ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები ვართ?
– კი, ვართ და გვქვია ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება დასცილდა ამერიკულ პოზიციებს და უფრო ჩრდილოეთისკენ გადაიხარა, რუსეთის პოზიციებთან უფრო ახლოს არის. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა რას იზამს, ვერაფერს გეტყვით, ამათი საქმე და მოსალოდნელი ქმედებები, როგორც იტყვიან, მარტო ეშმაკმა იცის. არ გამოვრიცხავ, რომ აღიაროს „თალიბანის“ ხელისუფლება საქართველოს მთავრობამ.
კომენტარები