თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.
– არჩევნებმა და პოლიტიკურმა ამბებმა ქვეყანაში მართლა სრულად ჩაანაცვლა კოვიდი საქართველოში – რა ხდება მსოფლიოში? საუბრობენ ახალ შტამებზე?
– უმძიმესი მდგომარეობაა სამეზობლოში და უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოში. გავიხედოთ მეზობელ ქვეყნებში – რუსეთში ბოლო 1 კვირის მანძილზე კატასტროფა ხდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ დიქტატორულ ქვეყანაში და მათ შორის რუსეთშიც, ოფიციალური მონაცემი, რეალურზე 5 -ჯერ ნაკლები იყოს შესაძლებელია, მიუხედავად ამისა, ოფიციალური ციფრებით, დღეში თითქმის 900 ადამიანი ეღუპებათ, ეს რიცხვი ლამის 5 ზე უნდა გავამრავლოთ. გამოვიდნენ ოფიციალური პირები და თქვეს ღიად, რომ რთული მდგომარეობაა და რეალური ქმედებებზე გადავიდნენ. რუსეთი აწარმოებს პირბადეებს და სამედიცინო ხალათებს, ექსპორტზეც გაჰქონდა, ახლა კი მათი ექსპორტი შეაჩერა – რატომ? იმიტომ რომ ელოდება მძიმე პერიოდს და ფიქრობს, თავად დასჭირდება – ეს არ უნდა იყოს ინდიკატორი ჩვენთვის? – არა, ჩვენ მაინც გახსნილი გვაქვს საზღვრები.
– ამბობთ, რომ მძიმე ნოემბერი გველოდება, რამდენად მძიმე იქნება მოახლოებული ზამთარი?
– ძალიან მძიმე ზამთარს ველოდები. ვთვლი, რომ ნოემბერში დაიწყება აფეთქება იმ ადამიანებში, ვინც რამდენიმე თვის წინ იყო აცრილი ჩინური ვაქცინებით, რადგან მათ უკვე დაკარგეს იმუნური დაცვა, უკვე ვიცით, რომ 2,5 თვე იცავს ჩინური ვაქცინა და მერე აღარ აქვს ძალა. დეკემბრის ბოლოდან, იანვარში, გვექნება ჩინური ვაქცინებით 2,5 და მეტი თვის წინ აცრილ ადამიანებში ვირუსის აფეთქება და ამას დამატებული იმ ადამიანებშიც, ვინც 5-6 თვის წინ აიცრა ფაიზერის ვაქცინით და საკმაოდ დიდი ოდენობა იქნება უკვე ასეთი. გარდა ამისა, დაუცველები იქნებიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და გავიდა უკვე დაავადების გადატანიდან 6 და მეტი თვე. პრაქტიკულად, ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანები იქნებიან დაუცველები! სამწუხაროდ, დეკემბრის ბოლოდან, იანვრის დასაწყისიდან, საქართველოს ელის ის სცენარი, რაც მოხდა ბრაზილიაში. ჩემი კოლეგების ნაწილი ამტკიცებს, რომ მათ, ვისაც უკვე ჰქონდა კოვიდი, აღარ სჭირდებათ აცრა, ეს ტყუილია, მათი მოსაზრება არამეცნიერულია და დაუსაბუთებელი. ჩვენ ვნახეთ, მეორედაც დაემართათ ადამიანებს კოვიდი და მესამედაც. დელტა ვარიანტმა ხომ საერთოდ ამოაყირავა ყველაფერი. ყოველთვის ყველაფერს ვამბობ წინასწარ, ჯერ მლანძღავენ, მერე ამბობენ, უი, ხო, ფხაკაძემ ეს ხომ თქვა? კი ვთქვი და იმიტომ ვთქვი, რომ მოსახლეობა გავაფრთხილო, ხელისუფლება გავაფრთხილო, რომ მიიღონ ზომები და თავიდან ავირიდოთ ჩემი პროგნოზები, თუმცა, სამწუხაროდ, პირიქით ხდება, ყველაფერის აკეთებენ, რომ ეს მოხდეს!
– ამას ემატება პოსტკოვიდური გართულებები, ე.წ. „გრძელი კოვიდი“, ეს განსაკუთრებით სახიფათო იქნება ასეთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ ექიმის და წამლის ფული.
– აქაც პირდაპირ ვიტყვი, მე ვთვლი, რომ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტს უკვე გადატანილი აქვს მინიმუმ ერთჯერ კოვიდი, ზოგს ვუჰანური, ზოგს ბრიტანული და ზოგსაც დელტა შტამი. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო მოსახლეობის 15-20 პროცენტს პოსტკოვიდური პრობლემები ექნება, იმუნური სისტემა ექნება დასუსტებული, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამასობაში, შესაძლოა გაძლიერებული შტამებიც გამოჩნდეს. ახალი შტამები უკვე წამოსულია… ერთი და მეტი თვის წინ ვამბობდი, შესაძლოა, ქართული შტამიც მივიღოთ-მეთქი, ახლა კი ვფიქრობ, შესაძლოა, უკვე გვაქვს კიდეც ქართული შტამი და არ ვიცით? ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის ლაბორატორიული ბაზა, მაგრამ იქ სრული კვლევა შტამებზე ლიმიტირებულად ტარდება და არა ოდენობით, რა ოდენობაც საჭიროა ამის დასადგენად.
კომენტარები