ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირიან ნიკოლაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნებოდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ იგი პარტიული სიით წარსდგება არჩევნებზე და გარდა ამისა, უხელმძღვანელებს გედი ფოფხაძის საარჩევნო შტაბს.
-ბატონო მირიან, თქვენ თქვით, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში უნდა იბრძოლოთ არა მარტო „ნაციონალების“ წინააღმდეგ, არამედ „ოცნების“ წინააღმდეგ, ხომ ასეა?
-ცალსახად ასეა.
-„ოცნების“ მომხრეები მხარს გიჭერენ, აგერ პროკურატურამ და შსს-მ თქვენი ნდობა ჯერ დაიმსახურა, მერე კი ეს თქვენი ნდობა ბოლომდე გაამართლა, ყველა დეპუტატი, ყველა კანონმდებელი, მთელი ეს რთული პერიოდი მხარს გიჭერდათ, ამის გათვალისწინებით, არ გაგიჭირდებათ „ოცნებასთან“ ბრძოლა?
-მაგ ლოგიკით, შსს და პროკურატურა მინისტრების და გენერალური პროკურორის შპს გამოდის და ასეა? რატომ უნდა გამიჭირდეს? ეს არის სტრუქტურა, რომელიც არსებობს ხალხისთვის, ჩვენ თუ შევძელით ის, რომ სიმართლე დაგვედგინა და მკვლელები პასუხისგებაში მიგვეცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ოცნება“ კარგად იქცევა. რომ ჩამოგითვალოთ „ოცნებას“ რა სახელმწიფო „აფიორები“ აქვს ნაკეთები და რის გამო არ არის ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი, მთელი დღე არ გვეყოფა. ნომერ პირველი, რასაც ვერასოდეს ვერ ვაპატიებ, სანამ პირში სული მიდგას, არის ის, რომ გადააგდო ხალხი სამართლიანობის აღდგენის კუთხით, 22 ათასი განცხადებიდან 1% შედეგია დამდგარი, ვერ ვაპატიებ იმას, რომ ყველა „ნაციონალი“, რომელიც იყო რიგითი, თუნდაც და სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიოდა, დღეს ამ სისტემის ავანგარდშია და დაწინაურებულია. ამიტომ წამოვედი „ოცნებიდან“. კი იძახიან, რომ არ ვყოფილვარ პოლიტიკაში, მაგრამ 2006 წლიდან პოლიტიკურ პარტიებში ვარ, კონსერვატორების გენერალური მდივანი ვიყავი, 2014 წლამდე ვიყავი „ოცნების“ წევრი, ვარ აქტიური მოქალაქე. ყოველთვის ვიყავი მეორე პლანზე, არ მქონდა ამბიცია, ვიღაცას ჰგონია, რომ პარლამენტარობაზე თვალებში უბნელდება ხალხს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მე არ მაინტერესებს. კიდე, ასევე ვერ ვაპატიებ „ოცნებას“, განათლების სისტემაში უარმაზარ ხინჯს, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა და ამათ არაფერი გააკეთეს. ბიზნესები რომ გადაანაწილეს, ვიღაცებს რომ ჩააბარეს ბიზნესები და ხალხს წვდომა არა აქვს, ვერც ამას ვაპატიებ, ის რომ დეგენერატების ხელშია უმრავლესობა და კობახიძისნაირ კაცს რომ უმრავლესობას ჩააბარებ, იქ რომ დამთავრებულია პოლიტიკა, მაგასაც ვერ ვაპატიებ. კობახიძე რომ ცნობილი გადამგდები და მატყუარა, ყველამ იცის.
-მოხვდებით პარლამენტში?
მე მაჟრიტარობაზე ვთქვი უარი, მხოლოდ და მხოლოდ გიორგის საქმის გამო, არ მიღირს, ასჯერ მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა, მეტსაც გეტყვით, ერთი დიდი უბნის მთელი შემადგენლობა მოვიდა და მთხოვეს, მოდი, მირიან დადექი და ამ „ნაციონალებსაც“ და ამ „ქოცნებასაც“ ამ რაიონში ფეხი არ ჩავადგმევინოთო, არ შემიძლია. ვერ ვიზამ, რომ ვიღაცას ვათქმევინო, ტელევიზორში ორჯერ გამოჩნდა ეს გაჭირვებული და თავისი საქმე გაიკეთაო. რაც შეეხება პარტიის სიას, ხომ იცით, თუ ხარ პოლიტსაბჭოს წევრი, ავტომატურად სიაში იქნება. არ ვიცი, სიაში მერამდენე ადგილზე ვარ და ისიც არ ვიცი, პარტია რამდენ ხმას აიღებს.
-თუ მოხვდით პარალამენტში, რის გაკეთებას აპირებთ?
-პარლამენტში თუ მოვხვდი, საერთოდ არ მაინტერესებს პარლამენტში სიარული, მაგრამ აუცილებელია, რომ დაფიქსირდე, ხელფასი რომ არ დაგექვითოს, როგორც ვიცი და გინდა რომ იარსებო, ხო? – ერთადერთი მაგის გამო თუ ვივლი. დანარჩენი, პარლამენტარს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ხალხთან. პარლამენტში იქმნება ვაკუუმი და წარმოდგენა არა აქვთ, ხალხს რა უნდა. ეს ემართება ყველას, ეს არის სენი. წარმომიდგენია, ეს რომ ემართება პარლამენტარს, რა ემართება ოპოზიციურ მმართველებს, როგორიც იყო სააკაშვილი და როგორიც არის ივანიშვილი. წარმოდგენა არა აქვთ, რა ხდება ქვეყანაში – აბა, რატომ გახდა ის დორბლიანი გასაქცევი? იმიტომ გახდა, რომ თვლიდა, რასაც იტყოდა, ის იყო კანონი და ხალხი იყო მასა. ისეა ახლაც. შუშებში ზის, გადახედავს ქვეყანას, დედა რა ბედნიერია, იტყვის. ხალხთან ურთიერთობის სიბრძნე იმათაც მოკლეს და ამათაც მოკლეს. ხელისუფლება ხალხთან თუ კონტაქტობს, ის ხელისუფალი ხალხს ყოველთვის უყვარს,
-„ოცნების“ მომხრეების ნაწილი, ამ ინტერვიუს რომ ნახავს, იტყვის, რომ უმადური ბრძანდებით, რადგან მათთვის ვინც ბრმად არ ენდობა, მტერია.
რისი და ვისი უმადური, ხალხნო, გამოძიებას არ ევალება, რომ საქმე გახსნას? გუშინაც და მის წინაც შევხვდი გამოძიებას – ას მადლობას ვუხდი ამ ბიჭებს. უმადური რომ ვყოფილიყავი, გამოვვარდებოდი და ვეტყოდი, თან საქმეც გამოიძიეთ მეთქი. ვისი უმადური? კობახიძემ გამოიძია საქმე? ვინც კარგია, კარგია და ვინც არ ვარგა, არ ვარგა. ბევრია ვინც არ ვარგა, ძალიან ბევრი. შედით სამინისტროებში, ვერც ერთგან ვერ ნახავთ დალაგებულ მექანიზმს. ყველაფერი მოშლილია. არაფერი ხდება. უბნებში სიკვდილის ბრიგადები, ბოდიში და, რატომ „ბლატაობენ“? შიში არა აქვთ დასჯის.
-სპორტსმენებს ხელისუფლება იყენებს? არჩევნებამდე, ან არჩევნების დროს, მაგალითად და ამიტომ ვეღარ სჯიან?
-არ გამოვრიცხავ, ბუნებრივია, მაგალითსაც ვერ დავასახელებ, მაგრამ ყველა რომ იყენებდა, ვიცი… „ნაციონალური მოძრაობიდან“ მემკვიდრეობით მიიღეს ყველაფერი და რაღა მაგას არ მიიღებდნენ? ჯიბეში არ ესხათ ყველა – შავი, ჭრელი, სპორტსმენი, ყველა ტერორში არ ჰყავდათ. შეიძლება განსხვავება იცით, რა იყოს? – ოცნება შეიძლება ფულს და პრივილეგიებს ჰპირდება და ნაციონალებს კიდევ მონებად ჰყავდათ.
-ბაჩალიაშვილის საქმეზე თუ გაქვთ რამის თქმის სურვილი?
ვუთანაგრძნობთ, ჩვენ უკვე ვიცით ეს რა არის, როგორ გადავიტანეთ შვილის სიკვდილი და მერე ეს მითქმა-მოთქმა. მე მინდა, სიმართლე დაადგინონ, ოჯახი ვუდგავართ გვერდში და გვინდა, რომ მათ საქმეში კითხვები აღარ დარჩეს. თანადგომის და გვერდში დგომის გარდა ვერაფერს გამოვხატავ.
-უხერხული კითხვა მაქვს, სადაც არ უნდა იყოთ, ცხოვრების რა ეტაპიც უნდა გაიაროთ, ხომ არ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის თქვენ ყოველთვის დარჩებით გიორგის ბიძად?
-მეგონა, რაღაცა საშინელებას მეკითხებოდით, სწორი კითხვაა. ვსაუბრობდი კიდეც, ნიღაბს და სათვალეს უფრო იმიტომ ვიკეთებ, რომ უამრავი ადამიანი მცნობს ქუჩაში და მაჩერებს. თუმცა. ნიღაბში და სათვალეშიც ბევრი მცნობს მაინც. ამდენი თანაგრძნობა კარგია, მავსებს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებიან. რა თქმა უნდა, გიორგის ბიძა ვარ ყველგან, სამწუხაროა, მაგრამ ასეა. სახელი და გვარიც იციან ჩემი, მიკვირს, როცა სახელით მომმართავენ, იმიტომ რომ გიორგისთან ასოცირებული ვარ. ტელევიზორში გამოჩენა არც ადრე მენატრებოდა, მქონდა გახმაურებული და სკანდალური საქმეები, მაგრამ ეს ის ინტერესი და ის სიხშირე არ იყო. ახლაც გრძელდება გიორგის საქმის მიმართ ინტერესი და გაგრძელდება ყველა დამნაშავის დასჯამდე და მერეც. ასეა, კი, მე გიორგის ბიძა ვარ და მეამაყება, რომ მისი ბიძა ვარ და არა მკვლელების.
ბატონო მირიანს, რა თქმა უნდა, შაქარაშვილის საქმეზეც ვესაუბრეთ, იგი „ალიასთან“ ისევ აჟღერებს ოჯახის პოზიციას და ამბობს, რომ მათ სჯერათ გამოძიების. ვკითხეთ, ბატონ მირიანს, ოჯახი, ხომ ითხოვდა გამოძიების რაღაც ეტაპზე „ტოიოტას“ ექვსივე მგზავრის დასჯას და ახლა როგორ ეთანხმება პროკურატურას, რომელმაც მხოლოდ 5 ადამიანს დაუმძიმა ბრალი და არ დაუმძიმა მძღოლს ბრალი – რაზეც გვიპასუხა, რომ ვიდეოთვალის მიხედვით, მძღოლი ორჯერ ატრიალებს მანქანას, ესე იგი მანქანაშია და სწორედ ამიტომ ვერ ედავებიან მას მკვლელობას. კითხვაზე, დარწმუნებულნი არიან თუ არა, რომ მძღოლი მართლაც მახარაძე იყო, ამბობს, რომ კი, რადგან კამერების ჩანაწერი ზუმით ახლოს მოსწიეს და თავისი თვალით ნახა. როგორც ბატონი მირიანი გვიყვება, „ტოიოტა“ არაგვის ხიდის მიმდებარედ გაჩერდა სულ 13-15 წუთი, ხოლო მთელი ინციდენტი, გაქცევა, არაგვისპირზე ჩასვლა და მკვლელობა 10 წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდა, დაახლოებით 8-9 წუთში. ვინ არიან პირები, რომლებიც „ტოიოტაში“ ვიდეოთვალის მიხედვით 6 წუთში სხდებიან, ბატონმა მირიანმა ამ ეტაპზე არ იცის, რადგან, როგორც გვიყვება, კამერა 400-500 მეტრის დაშორებით კარგად ვერ აფიქსირებს პირებს. ვინ დადო ჩანთა ხიდის ფეხზე, დღემდე არ იცის. ბატონი მირიანი გვეუბნება, რომ ენდობა ამირხანაშვილს და ის ერთი ჩვენება, სადაც ამირხანაშვილი მანქანაში ჩაჯდომის მომენტს ბუნდოვნად აღწერს, გამომძიებლის კითხვების ბრალია.
თამო კეშელავა, ალია №29
კომენტარები