“ალიას” დაუკავშირდნენ დევნილები, რომლებიც ისანში, “დირსის” კომპლექსში ცხოვრობენ და მოგვაწოდეს ფოტოები, რა მდგომარეობაშია მათი კორპუსები.
“1600-მდე ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე კორპუსია, ყველა ერთნაირად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კომპანიაა, რომელიც უნდა მოემსახუროს კორპუსებს და როგორც ვიცით, საკმაოდ დიდ თანხასაც უხდიან ამისათვის, მაგრამ მობრძანდით და ნახავთ, კორპუსებს უკვე სოკოები გაუჩნდა, თუ იციან, რა საფრთხის შემცველია აქ ცხოვრება, ამ პირობებში? ერთ-ერთ კორპუსში საბავშვო ბაღიცაა განთავსებული, საერთოდ როგორ შეიძლება იქ ბავშვები მივიყვანოთ? არავინ მოსულა მთავრობიდან, არავის შეუმოწმებია. ხვალ, 12 საათზე აქცია გვაქვს, ვიკრიბებით 21-ე კორპუსთან. სანამ ტრაგედია დატრიალებულა, თორემ, მერე დამთავრდება იმით, რომ იტყვიან, შეხედეთ, რა მოხდა? აბა, აბა…” – გვიყვებიან დევნილები
ჩასწორება:
“ალიას” დირსის საცხოვრებელი კომპლექსში მცხოვრები სხვა ადამიანებიც დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ კომპლექსს მართლაც ემსახურება კომპანია, რომელსაც თვეში 45 ლარიდან ზემოთ უხდიან გადასახადს, ბინის ფართის მიხედვით, კომპანია უზრუნველჰყოფს დაცვას, წყლის რეზერვუარების მოწესრიგებას და ა.შ., თუმცა, მოსახლეობის თქმით, მოსახლეთა ნაწილი კომპანიას ყოველთვიურ გადასახადს არ უხდის.
ჩვენ მათ ვკითხეთ, რატომ არის შეუფუთავი და უწესრიგოდ დაყრილი სადენები და მილები, რომელშიც, ზოგში, სავარაუდოდ, გაზი გადის, ზოგში – წყალი და ზოგშიც ელექტროენერგია, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამის მოწესრიგება მიმწოდებელ კომპანიებს ევალებათ, თელმიკოს, გაზის კომპანიას.
იურისტების თქმით კი, კომპანიას, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული მიხედოს კომპლექსს, იმ შემთხვევაში, თუ ვერ იღებს ანაზღაურებას, უფლება აქვს შეწყვიტოს მომსახურება და აცნობოს მაცხოვრებლებს ამის შესახებ, რადგან, თანხის, თუნდაც ნაწილობრივი აღება, მათ დაკისრებული მოვალეობებისგან არ ათავისუფლებთ.
კომენტარები