ოქროყანის შემზარავი ტრაგედიიდან და 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 15 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მეგობრებმა გარდაცვლილი იპოვეს. მას მრავალჯერადი დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც მოგვიანებით, გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებდა, 28 წლის ახალგაზრდას ჭრილობები ბასრი საგნით ქონდა მიყენებული. ამ მკვლელობამ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია და დღემდე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად რჩება.
სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს, მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად „შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგოს, თამარ მაისურაძეს, მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან, ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.
მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: „მან მკითხა, თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან“, მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური)“.
ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანი და ბუხაიძე უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ, ML კლასის „მერსედეს-ბენცში“ შეყარეს და გაიტაცეს.
გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს
ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს.
ვანო მერაბიშვილის შსს-მ კი ძიების თავდაპირველ ეტაპზე განაცხადა, რომ მკვლელობა ე.წ. „სვანურ გარჩევებს“ უკავშირდებოდა. ვანო მერაბიშვილის საქართველოს პარლამენტში, ამ საქმეზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ, მაშინდელმა ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მალევე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა – მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, მაშინ ეს აქციები ხელისუფლებამ დაშალა.
სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, ჯერ კიდევ 2006 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი დასჯილი არ იყო. შვილის გარდაცვალებიდან, დაახლოებით, წელიწადნახევარში, გარდაიცვალა თავად ირინა ენუქიძეც, ხოლო გირგვლიანის საქმე ევროპულ სასამართლომდეც მივიდა.
2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
კომენტარები