პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 4 ქართველი მოსამართლე დასანქცირდა. ბერდია სიჭინავას თქმით, ეს პირდაპირი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.
პარტია მოუწოდებს “ოცნების” ხელისუფლებას, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს.
“ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე. საწყის ეტაპზე გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ:
- შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან;
- საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენ მიერ დაინიცირებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. „ორმაგი 2/3-ის“ პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით.
- ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც წარიმართება ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართულობით.
ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდეს ჩამოთვლილ საკითხებზე და მოახდინოს მათზე მყისიერი რეაგირება”, – თქვა სიჭინავამ.
“საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია Twitter-ზე წერს:
“ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა!”
კომენტარები