„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია:
– საპატრიარქო რამდენად ადეკვატურადაა ჩართული ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროცესში?
– ძალიან გვიჭირს ხოლმე იმის გამიჯვნა, საპატრიარქოზე ვსაუბრობთ, თუ სინოდზე, მართლმადიდებული ეკლესიის პოზიციები უნდა შეიმუშაოს სინოდმა, საპატრიარქოს ამის უფლება არა აქვს. დღეს სინოდი დარჩა უფუნქციოდ, საეკლესიო ცხოვრებაში სინოდი უარყოფილია და საპატრიარქომ შეითავსა – რაც არაფერში არ ჯდება. თვითონ ის, რომ საქართველოს ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, ამაში მონაწილე მხარეა, გასაკვირი არ არის, აქ მონასტრის ტერიტორიებზეა საუბარი, მაგრამ – როგორი ფორმით არის ჩართული? რატომ არიან ასე ერთ ტალღაზე ხელისუფლება და საპატრიარქო? რაღაც პერიოდის წინ „ქართულ ოცნებას“, მათ შორის ივანიშვილს, გახარიას ჰქონდათ უმძიმესი ურთიერთობა პატრიარქთანაც და საპატრიარქოსთანაც. ეს ყველაფერი უცებ შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტ შიოს გავლენა გაიზარდა. მოდი, პირდაპირ ხაზი გავუსვათ, საპატრიარქო დღეს არის მიტროპოლიტი შიო. პატრიარქმა ყველა ეპისკოპოსი გადაწყვეტილების მიღებას ჩამოაცილა და დატოვა მიტროპოლიტი შიო. პატრიარქთან და საპატრიარქოსთან დამძიმებული ურთიერთობა უცბად შეიცვალა ახლა და უცნაური გახდა ეს სინქრონი ხელისუფლებასთან. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ, ლაპარაკობენ, რომ თუკი ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა, შესაძლოა ახლა ვხედავთ, იმ ტიპის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც მიტროპოლიტ შიოს გაპატრიარქებაში დაეხმარება. ეს კითხვა ჰიპოთეზის დონეზე მაინც ჩნდება.
– მეტიც, თეოლოგები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მიტროპოლიტ შიოსთან ერთად, ნიადაგს ამზადებს, რომ მოხდეს პატრიარქის გადაყენება.
– პატრიარქის გადაყენების მცდელობები სულ არის, ბევრი მცდელობა ვნახეთ და ბევრად მეტია ის, რაც არ ვიცით. დროდადრო სინჯავენ ხოლმე პროცესს, ხომ არ არის ისე დაუძლურებული, რომ ვეღარ გაუწიოს წინააღმდეგობა. დღემდე, ჯერჯერობით, პატრიარქი წინააღმდეგობას უწევს.
თამო კეშელავა, ალია №37
კომენტარები