ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია.
– ბატონო ლევან, „უცნობმა“ „მთავარი არხის“ ოფისში ჩაწერილი ოთხი ჟურნალისტის საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. თქვენი აზრით, არხის თანამშრომელმა ჩაწერა და გამოიტანა ეს ჩანაწერი თუ უსმენენ ჟურნალისტებს?
– ამ ჩანაწერის შინაარსობრივ განხილვაში არც ერთ შემთხვევაში არ შევალ. ეს არის, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სტილი, ყველას, ყველგან და ყოველთვის უსმენენ. თქვენ გემახსოვრებათ, საპატრიარქო, მესანთლიდან დაწყებული, პატრიარქის გარემოცვის წევრების ჩათვლით, ყველანი ჩართული ჰყავდა მოსმენებზე „ქართულ ოცნებას“. უსმენენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს… ჩვეულებრივი ასინეთები არიან და „ასინეთას სამსახური“ აქვთ ჩამოყალიბებული ამ ადამიანებს. თან დიდი ფარისევლებიც არიან. სარწმუნოებაზე ლაპარაკობს ხალხი და თუნდაც პრემიერ-მინისტრი, რომლებიც მღვდლებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს და ყველას უსმენენ. ამის შემდეგ მიდიან და მდინარე იორდანეს წყალს იპკურებენ ფარისევლურად, თითქოს ძალიან დიდი მორწმუნენი იყვნენ. ეს ჩანაწერიც კონკრეტული ტელევიზიის ოფისში, არის ამ სერიის გაგრძელება, მაჩვენებელი იმისა, რა ხდება ქვეყანაში თუ როგორ ესმენენ ყველას და ყველაფერს. ამ საკითხზე მხოლოდ ეს კომენტარი შეიძლება გავაკეთო. ის, რომ მოსმენები „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი სტილია, ეს ყველამ კარგად იცის.
კომენტარები