საფრანგეთში მყოფი თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი “თაიმერთან” ინტერვიუში, ეკლესიასა და საპატრიარქოზე საუბრისას, ამბობს:
მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ეკლესია, როგორც რაობა, როგორც ცნება, როგორც იესო ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმი და საპატრიარქო, როგორც ადმინისტრაცია, მენეჯმენტი და ორგანიზაციული ნაწილი. არ შეიძლება, როდესაც ადამიანი აკრიტიკებს “ეკლესიის პოლიტიკას”, ამის გამო, ის ეკლესიის მოწინააღმდეგედ შერაცხო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ, როდესაც ადამიანი კონკრეტული საავადმყოფოს მედ-პერსონალს აკრიტიკებს, მას ცილი დასწამო და შერაცხო, როგორც მედიცინის წინააღმდეგ მოლაშქრე. ჩვენ ეს უნდა ავუხსნათ, თუ სად გადის ზღვარი ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის, რა არსებითი და მნიშვნელოვანი სხვაობაა და საზოგადოება, თუკი იქნება მიუკერძოებელი, რა თქმა უნდა, სწორ დასკვნებს გამოიტანს, როდესაც ჩვენ მიზეზ-შედეგობრიობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მარტივი ენით, შედარებებით, ასოციაციებით, ზოგ შემთხვევაში, ხისტი განმარტებებითაც კი, მათ სიფხიზლე შევძინოთ და ავუხსნათ, რომ სოციალური უთანასწორობის ასეთ “პიკში” მყოფ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს 700 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი, 320 ათასი საბანკო დავალიანების მქონე პირი, 25 ათასი პატიმარი, მილიონ ნახევარი ემიგრირებული, იძულებით გადაადგილებული პირი და ადგილობრივი 400 ათასზე მეტი ლტოლვილი, სამღვდელოება ცხოვრობდეს ყველაზე დიდ ფუფუნებაში, კომფორტსა და განცხრომაში. და, რომ მუნიციპალური, თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებდნენ კოლოსალურ ფინანსურ სახსრებს და მათ არ ჰქონდეთ, არც აუდიტითი ვალდებულება, არც რაიმე რევიზირება და მონიტორინგი ხდებოდეს ფინანსური პოლიციის მხრიდან და ჩვენ არ ვიცოდეთ ხარჯების მიზნობრიობა, ეს საკითხი უნდა აფიქრებდეს ჩვენს ღარიბ საზოგადოებას, სადაც ოფიციალურად, უკვე 25% უმუშევარია, ხოლო სიღარიბეში მყოფი არის 50% და გაეროს კვლევების თანახმად, საქართველოში 80 ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველ წელს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემხედვარე საზოგადოებას, მინიმუმ, კითხვები არ გაუჩნდეს, არის, თუ არა ნორმალური ეპისკოპატისა და სასულიერო პირების ასეთი გაზულუქება?!
ის სასულიერო პირები, რომლებიც შემოწირულობით ცხოვრობენ და დამოკიდებულნი არიან მრევლის სარგოზე, მათ მიერ გაღებულ გულმოწყალებაზე, ხედავენ, რომ მათი ზემდგომები და კოლეგები სცოდავენ: ამორალურად, უზნეოდ, ანგარებიანად, მომხვეჭელურად ცხოვრობენ, მაგრამ მათ ამაზე პროტესტი, ამბოხი და წინააღმდეგობა არ აქვთ. იმიტომ, რომ აქვთ შიში დაუტევონ სამღვდელო პატივი, იციან, რომ მათ აქტივობას დევნა და შევიწროება მოჰყვება. ისინი მომხიბვლელი, მისაღები, ლამაზი სიტყვებით ქადაგებენ, მოგვითხრობენ ჩვენ აღმსარებლობაზე, მოწამეობაზე, რეპრესიებზე, მაგრამ თავად (ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა), არავინ მიდის იმ მძიმე ხვედრზე, რაც ყველა ქრისტიანისათვის გამზადებულია წუთისოფელში. როგორც მაცხოვარი ამბობს: “უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდექი მე”. საკუთარი თავის უარყოფა, რას გულისხმობს?! საკუთარ ეგოზე მაღლა დგომას და ეგო ხშირად არის პატივმოყვარული, სჭირდება გარანტიები, გარკვეული რესურსები, რომ საზოგადოებაში ტივტივებდეს. ამიტომ, მღვდლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი არჩევანს მაინც თავისი წოდების შენარჩუნებისათვის აკეთებენ და არა, პრინციპებისაკენ, რისთვისაც მოგვიწოდა მაცხოვარმა.
საპატრიარქო – ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც: არასდროს არ უმსჯელია არც ერთ პრობლემაზე პირველ პირში! არასდროს უღიარებია საკუთარი ბრალეულობა! არასდროს მოუხდია ბოდიში საზოგადოებისთვის! არასდროს უგრძვნია პასუხისმგებლობა იერარქიასა და სამღვდელოებაში არსებულ უზარმაზარ დარღვევებზე! არასდროს ჰქონია რეფლექსია და პრიორიტეტთა გადაფასება! არასდროს გამოქომაგებია დაჩაგრულს, დევნულს, დისკრიმინირებულსა და დაუცველს! არასდროს ყოფილა დემოკრატიული, ცივილიზებული და კანონის პატივისმცემელი! არასდროს უწოდებია რუსეთისათვის მტერი და დამპყრობელი, ხოლო რუსეთის ეკლესიისთვის – ანტიქრისტიანული! არასდროს უზრუნია მრევლის განათლებასა და კატეხიზაციაზე! არასდროს მიმხრობია სახელმწიფოს დასავლურ პლათფორმასა და პროევროპულ ვექტორს! არასდროს ყოფილა სოციალურ მსახურებაში, ან სოლიდარული ღარიბებთან, მშრომელ და უმწეო ხალხთან მიმართებაში! არასდროს ჰყავრებია მისგან განსხვავებულად მოაზროვნე! არასდროს დაუცავს სჯულის კანონი, სახარებისეული პრინციპები და დოგმატური სწავლება! საპატრიარქო არის ეკლესიის ცნების მტერი და ის წარმოადგენს კრემლის მეხუთე კოლონას საქართველოში!
რაც შეეხება ეკლესიას, ჩვენი სწავლა-მოძღვრებიდან გამომდინარე, ეკლესიას მარადიული მღვდელმთავარი, ანუ, იესო ქრისტე მართავს, ხოლო ის იმართება, რეგულირდება, სხემობს და არსებობს შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებით, ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განწესებით, სახარებისეული პრინციპებით, ათი მცნებითა და ცხრა ნეტარებით, რომელიც მოცემულია ბიბლიურ მემკვიდრეობაში. ეკლესიური უცდომელობის გამოვლინების რამდენიმე სივრცე არსებობს: საეკლესიო ტრადიცია, პატრისტიკა-პატროლოგია, ანუ, წმინდა მამათა სწავლებები და ის მემკვიდრეობა, რომელიც მათ წერილობითად გვიანდერძეს და საეკლესიო გარდამოცემა. ამ შემთხვევაში, თუკი, ჩვენ ვამბობთ, რომ სამღვდელოება იქცევა არასწორად, სწორედ, ამ ჩამონათვალის შუქზე ვამჩნევთ მათ სიმრუდეს, მათ პროფანაციასა და გაუკუღმართებას. შეფასებისას, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა მონაწილეობდეს სუბიექტივიზმი. ჩვენ ხომ არ ვუწუნებთ მათ თვალებს, შესამოსლის ფერს, ფეხსაცმლის სახეობას და ა.შ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ისინი თავის სიტყვაშიც და ქმედებაშიც, წინააღმდეგობაში მოდიან იმ გაგებასთან, რაც ეკლესიაში მოიაზრება.
ეკლესია, არის ცნება, რომლის უკანაც დგას უზარმაზარი ბიბლიური მემკვიდრეობა. ვინც ამას ღალატობს, რა თქმა უნდა, ის ეკლესიიდან სულიერად განდგომილია. ამიტომ, ჩვენ გვყავს ფორმალურად ეკლესიის დიდი საზოგადოება, მაგრამ რეალურად, მენტალიტეტით, ცნობიერებით, აზროვნებით, ისინი დისტანცირებულები არიან იესო ქრისტესგან, რომელიც არის ცოცხალი ღმერთი. დღეს, ეკლესია სოციალურ მსახურებას ეწევა?! არა! სჯულსა და მორალურ, ზნეობრივ პრინციპებს იცავს?! არა! ვხედავთ, რომ პედოფილური და ჰომოსექსუალისტური ლობი არსებობს; საერო სიბრტყეზე ეს შესაძლოა ნებადართული და ნორმალური მოვლენაა, მაგრამ საეკლესიო სივრცეში, მორალური გადაცდომები ცოდვაა და ის დასჯადია. დასჯა არ ნიშნავს დაღუპვას, დისკრიმინაციას და ადამიანის გარიყვას. დასჯა ყოველთვის არის აღმზრდელობითი, ყოველთვის მიმართულია გამოსწორების იდეისკენ, რეაბილიტაციისკენ, დაკარგული ცხვრის უკან დაბრუნებისკენ და საზოგადოებამ სწორად უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, სად არის და რა არის ჭეშმარიტება?! იდეა ქრისტიანისა, მისია და დანიშნულება ეკლესიისა. როდესაც ის ამას სწრად განსაზღვრავს, ბუნებრივია, მტერს და მოყვარეს ერთმანეთისგან, თავისთავად, გაარჩევს და ჩვენ, ანალიტიკოსებს, ექსპერტებს, თეოლოგებს, რომლებსაც გარკვეული კომპეტენცია და კვალიფიკაცია გვაქვს შევაფასოთ, თუ რაში მდგომარეობს კანონდარღვევა, გადაცდომა და სად არის ზნეობრივი, ან სულიერი მოწიფულობა, მტრები კი არ გვიწოდონ, ერთგვარი არბიტრები, გულშემატკივრები და შეიძლება ითქვას, რომ მსახურები, რადგან ჩვენ ამით ღმერთს ვემსახურებით. ამაში არც გასამრჯელოს ვიღებთ, არც თანამდებობას გვპირდებიან. მხოლოდ გვლანძღავენ, გვწყევლიან, გვემუქრებიან, ფიზიკურად გვეხებიან და იძულებით სამშობლოს გვატოვებინებენ. ამიტომ, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, თუ რამ გვაიძულა ჩვენ, თეოლოგთა სპექტრის 90%, რომ გადავიხვეწეთ სამშობლოდან. რატომ გვაბრალებენ ყოველთვის, რომ თითქოს, ვფინანსდებით, რომ თითქოს, რაღაც კონსპიროლოგიურ შეთქმულებებს ვუწყობთ ეკლესიას, გვინდა რევოლუცია, წინააღმდეგობა, ამბოხი, გადატრიალება და თუკი, ჩვენ ვიღაც გვკვებავს ფინანსურად, ეს რაღაცაზე ხომ უნდა დაგვეტყოს?! იცით, რომ თეოლოგების აბსოლუტური უმრავლესობა, არაპროფესიული დანიშნულებით მუშაობს, იმისათვის, რომ ოჯახები არჩინონ?! ასე ვიყავით საქართველოშიც და ასე გვიწევს ცხოვრება ემიგრაციაშიც, თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ჰონორარებს, როცა კი, რომელიმე ჩვენგანი რაღაცას თარგმნის, ან კონფერენციაზე გამოდის და ამას სულ ერთჯერადი გაელვებები აქვს ხოლმე, სპორადულად და არა – რეგულარულად.
როდესაც ჩვენ გადავედით მხილების ამ უმძიმეს ფორმაზე, რომელიც ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო ამპლუა, უნდა ითქვას, რომ სანამ აქამდე მივიდოდით, ჩვენ ვცადეთ, პრაქტიკულად, ყველა ინსტანციაში, ეკლესიის შიდა სტრუქტურაში, სხვადასხვა სივრცეში ვცადეთ, რომ ეს საკითხები წამოგვეჭრა სულიერი თვალსაზრისით, განგვეხილა ეპისკოპატში, სამღვდელოებაში, მაგრამ აღმოვჩნდით ძალიან პარადოქსულ ვითარებაში. მოცემულობა იყო, ბევრად ტრაგიკული, მტკივნეული და თავზარდამცემი, რადგან ჩვენ მივდიოდით საჩივრებით იმ ადამიანებთან, რომლებიც, აღმოჩნდა, რომ თავად იყვნენ აღმასრულებლები ამ ცოდვისა და თავად უწყობდნენ ხელს ასეთი ტიპის დარღვევების გავრცელებასა და ტირაჟირებას ეკლესიაში. ამიტომ, აზრს მოკლებული იყო შიდა საეკლესიო სივრცეში, ძმათა შორის განხილვა, რადგან ჩვენ არავითარი ხელწიფება, ბერკეტი და საშუალება არ გვქონდა იმისთვის, რომ იმ პრობლემებისთვის გვემკურნალა, რაც ეკლესიაში დაგროვდა. როდესაც მოგვმართავდნენ დაზარალებულები, მათი მშობლები, ასევე, თავადაც ვხდებოდით გარკვეული უხერხულობების თვითმხილველნი და ზოგიერთი მათგანი ჩვენთან საუბრებში “აღიარებით ჩვენებასაც” იძლეოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ საჯაროობის, ღიაობის და გამჭვირვალობის გზა აგვერჩია. ეს არ არის საუკეთესო გზა, მაგრამ მხოლოდ ეს, ერთადერთი გზა დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ, როგორმე ეს ორგანიზაცია (საპატრიარქო), რომელიც უზურპირებას უკეთებს ეკლესიის, როგორც ცნების რაობას და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს ეკლესიასთან, ვამხილოთ იმისთვის, რომ თავად, ისინიც გადარჩნენ და ასავე, ის მილიონობით ადამიანი, რომლებიც მათ ნდობას უცხადებს, ვინც მოტყუებულ, შეცდომილ ყოფაშია. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ უფრო უკეთესი ეკლესია გვქონდეს, მაგრამ ამოცანაა ის, რომ ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება საზოგადოებრივი დისკუსია და ხალხის თანამონაწილეობა.
ქრისტიანობის ისტორიაში არსებული პრეცედენტები, გვაძლვს იმედისა და ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რომ უფრო ნათელ ფერებში წარმოვიდგინოთ ხვალინდელი დღე. რისკი ყოველთვის არ არის ხოლმე რაციონალური, რადგან ეს სინდისის საკითხია. როდესაც სინდისი გაძლევს შესაძლებლობას, რომ გადაწყვიტო და საკუთარ თავს უთხრა: “ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთისათვის ხელშეწყობა”, ამიტომ, მე ეს მომწონს, თუ არ მომწონს – ჩემთვის ეს მოსახერხებელია, თუ რთული: ამაზე მივდივარ, ჩავები ამ ბრძოლაში, რომ სინდისთან ვიყო თავისუფალი და მშვიდად მეძინოს, არ შემრცხვეს ხვალინდელი დღის. ეს არის არჩევანი, რომელსაც ქრისტიანი ინსტიქტურად უნდა აკეთებდეს და ამას არ სჭირდება ჰეროიკული აღტყინება, არ სჭირდება გმირული უნარ-ჩვევები. არ ვთვლი, რომ ჩემი საქმე არის თავდადება და თავგანწირვა, ვთვლი, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური, ჩვეულებრივი და ბუნებრივად სავალდებულო ნაბიჯებია, რომლებიც, როგორც ქრისტიანმა უნდა გადავდგა და ამით განსაკუთრებულ კვალს არც ჩემი ცხოვრების ბიოგრაფიაში ვტოვებ, არც ჩემი შვილებისთვის მოსაგონრად. ვთვლი, რომ ეს ჩემდაწილად არის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც შემიძლია გავაკეთო. მაძლევს ღმერთი იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია მოდის ჩემთან?! მაქვს შესაბამისი განათლება, რომ პრობლემის სწორად დიაგნოზირება მოვახდინო?! ერთადერთი გვრჩება დრო, რომელიც ამისთვის უნდა გავიმეტოთ და როგორ უნდა დაგვენანოს საამისოდ?! საზოგადოება ამას მიიღებს, თუ არ მიიღებს, ეს საზოგადოების ნამუსზეა, იმაზე პასუხს ვერ ვაგებ, რამდენად სწორად აღიქვამს, ან ოდესმე, თუ გაიაზრებს, მაგრამ ათი დაკარგული თანამოქალაქიდან ერთი მაინც, თუ დაფიქრდება, რომ იქ, რაღაც ისე ვერ არის და მინიმუმ, შეკითხვებს დასვამს, ან იტყვის, რომ ეს არის ქრისტიანობის პაროდირება, არის მკრეხელობა, სიცრუე და ჭეშმარიტების დაბრუნებას მოითხოვს, მაშინ, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს მისია არ ყოფილა მხოლოდ საკუთარ თავთან გათავისუფლების სარბიელი, რომ სინდისთან ვყოფილიყავით პირნათელი, არამედ, ამას უკვე საზოგადო სიკეთის ნაყოფიც შეუძენია და ამით, ორმაგად ბედნიერები ვიქნებით.
კომენტარები