საპატრიარქო ჟურნალისტებს რეგულაციებს უწესებს. საგანგებო ბრიფინგზე ანდრია ჯაღმაიძემ დღეს მედიის წარმომადგენლები წესრიგის დარღვევებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საპატრიარქო საკუთრების უფლებას გამოიყენებს და ჟურნალისტებს დიდ დღესასწაულებზე მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ადგილის დაკავების უფლება ექნებათ, გააკონტროლებენ მათ ქცევებს და რიგ შემთხვევებში მოსთხოვენ შესაბამის აკრედიტაციებს.
მან მედია სასულიერო პირების მიმართ თავდასხმებსა და კომენტარების ჩაწერის მიზნით, ეკლესიებსა და სახლებში “შეჭრაში” დაადანაშაულა და სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოკადრები აჩვენა, რომელიც მისივე თქმით, ჟურნალისტების მხრიდან წესრიგის დარღვევას ადასტურებს.
ჯაღმაიძის მტკიცებით, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებმა სასულიერო პირებს “ბანდიტები” უწოდეს და უარი თქვეს მედიისთვის გამოყოფილი ადგილიდან მუშაობაზე. ჯაღმაიძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ცალკეულმა მედიამ ეს დღე არ გააშუქა როგორც დღესასწაული და მხოლოდ “მოგონილი სკანდალის” თემაზე სვამდა შეკითხვებს.
სავარაუდოდ, ჯაღმაიძემ პატრიარქის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იგულისხმა, რომლის გადამოწმებასაც ჟურნალისტები უშუალოდ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ცდილობდნენ და რომელზედაც თავადაც გააკეთა კომენტარი.
ანდრია ჯაღმაიძე:
საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, ვისარგებლოთ მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებიდან, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს.
უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ქართველი ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას” თქვა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, საპატრიარქომ აღნიშნულ ბრიფინგზე “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი არ შეუშვა.
კომენტარები