საფრანგეთში, პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცი კვირას დააპატიმრეს. მას 23 ივლისს ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
გამოძიება სწავლობს საფრანგეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით უცხოური ძალისთვის სადაზვევრო მონაცემების შესაძლო გადაცემის საკითხს. გამოძიება მიიჩნევს, რომ სავარაუდო გეგმა არ ითვალისწინებდა ტერორისტული თავდასხმის მოწყობას. გამოძიებას კონტრდაზვერვის სპეციალისტები აწარმოებენ.
პროკურატურის ცნობით, დაკავებული მამაკაცის პარიზში მდებარე საცხოვრებელში ჩხრეკა ჩატარდა. გამოცემა Le Parisien-ი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნდობით წერს, რომ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ მამაკაცი ამზადებდა „პრორუსულ ოპერაციებს“ ოლიმპიადის დროს საფრანგეთში დესტაბილიზაციისთვის. კიდევ ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ სავარაუდო გეგმა იყო „ფართომასშტაბური პროექტი“, რომელსაც შესაძლოა, „სერიოზული შედეგები“ მოჰყოლოდა.
გასულ კვირას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოლიმპიადის დაწყებამდე შეამოწმა ერთ მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის სპორტსმენები, ჟურნალისტები, მოხალისეები, დაცვის თანამშრომლები და ღონისძიების ჩატარების ადგილების მახლობლად მცხოვრები მოქალაქეები. ფრანგული მედიის ცნობით, 4 360 ადამიანი ოლიმპიადაზე არ დაუშვეს, მათგან 880 უცხოური ჩარევის ეჭვების გამო.
„ჩვენ აქ ვართ, რათა უზრუნველვყოთ, რომ სპორტი არ გამოიყენება ჯაშუშობისთვის, კიბერთავდასხმებისთვის ან კრიტიკისთვის და ზოგჯერ ტყუილისთვის საფრანგეთისა და ფრანგების შესახებ“, – განაცხადა დარმანინმა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
კომენტარები