საპროკურორო საბჭოში გასაუბრების პროცესი გრძელდება. დღეს ორ კანდიდატს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და გელა ჩივაძეს მოუსმენენ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, კითხვები ირაკლი შოთაძესთან ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით აქვთ.
„ხორავას საქმეზე განცდილი კრახის შემდეგ, შოთაძეს ისევ აქვს პრეტენზია, გახდეს გენერალური პროკურორი. ამ საკითხებს შევეხებით. ამის გარდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ივანიშვილის მხრიდან პროკურატურის გამოყენება, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების და ოპონენტების დევნის ინსტრუმენტის. ბატონი შოთაძეც გახლავთ ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ასრულებდა ამ დავალებებს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. მან მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა.
მეორე კანდიდატი გელა ჩივაძე კი, საქართველოს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ის დღემდე სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით.
ცნობისთვის, კონკურსში ამ დროისათვის 15 კანდიდატი მონაწილეობს, ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
კომენტარები