საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა თამთა თოდაძემ, რომელიც საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა:
“დღეს მოვისმინე ილია ჯიშკარიანის მიერ შეთხზული, სრულიად აბსურდული რეალობა. მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება განსხვავდება სასამართლოში მიცემული ჩვენებისაგან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება ჩემი დაკითხვის პროცესის დახურვას, ჩემი დაკითხვა დავხურე არსებული ემოციური ფონის გამო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ყველაფრის ხელახლა გახსენება და ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანი იქნებოდა დარბაზში ჩემთვის არ იყო მარტივი. თუმცა, ამ პროცესის აუდიომასალა არსებობს, მოსამართლე იქ იყო და ისმენდა ყველაფერს. მარიამ კუბლაშვილისაგან მოვისმინე განცხადება თითქოს ავიხლართე რაღაცებში და პროცესი იმიტომ დავხურე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მზად ვარ ჩემი დაკითხვის აუდიომასალა გასაჯაროვდეს, მე არაფერი არ მაქვს დასამალი, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა ჩემზე იძალადა, მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ცალკე სიმართლეა, რომელსაც აუცილებლად დავამტკიცებ.
საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის ჩემს კაბაზე არსებული მისი ბიოლოგიური მასალები, სამხარაულის ექსპერტიზა ფიზიკურ ძალადობაზე. ის ფაქტი, რომ მე მას ვურტყამდი, სრული აბსურდია, ადამიანი მაბრალებს, რომ ალკოჰოლიზმის სინდრომი მქონდა, აქეთ დავესხი თავს და ვიძალადე მასზე. თუ ილია ჯიშკარიანი არ იქნებოდა, აუცილებლად ვნახავდი მის გარეშეც სამსახურს.
გავდიოდი ფსიქოლოგთან რეაბილიტაციას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ძალიან დიდი ტრავმა მომაყენა ამ ადამიანმა. მას სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ ტკივილს ვერაფერი ვერ წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მოლოდინია, რომ დადგება სამართლიანი განაჩენი და რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს, გათვალისწინებული იქნება ამ ადამიანის მიმართ“
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
კომენტარები