თამო კეშელავა
„ალიას” ესაუბრება ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს.
– ვიცი, რომ პესიმისტურად ხართ განწყობილი საფრანგეთის ჟურნალისტები, არ მოგწონთ, ევროკავშირის ნაბიჯები და მეტი გინდათ, ასეა?
– რატომღაც ისე მოხდა, რომ საფრანგეთში ჟურნალისტები უფრო პროუკრაინულად არიან განწყობილები, ვიდრე პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი, თან ისეთი პოლიტიკოსების, რომლებიც ფრანგულ პოლიტიკას ქმნიან, ფრთხილობენ რუსეთთან მიმართებაში და ზედმეტად ფრთხილობენ, მე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში თუ იარაღს არ აიღებ ხელში და ომს არ გამოუცხადებ რუსეთს, რაღაც ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მაინც უნდა იყოს უკრაინის მისამართით, რომ იმ ხალხს, რომლებიც ამ ბოროტების მანქანას ებრძვიან, რაღაცნაირად წახალისება ჰქონდეთ. ამიტომ ვართ ჩვენ ცოტაზე მეტად გაბრაზებული პროცესებზე. კარგიც ხდება, მაგრამ უფრო მეტი გვინდა ჩვენ, მაქსიმალისტებად გადავიქეცით.
– სხვათა შორის, ზელენსკის მოთხოვნებიც მაქსიმალურია, ამბობს რომ კარგია, მაგრამ უფრო მეტი გვინდაო.
– კი ბატონო ესეა, ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში ევროპას გაახსენა პრეზიდენტ კაჩინსკის სიტყვა, რომ საქართველოს მერე შესაძლებელია იყოს უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და შემდეგ პოლონეთი… მეც ვეთანხმები ამ შედარებაში და მგონია, რომ პუტინი თუ არ გაჩერდა ახლა, თუ ახლა არ გააჩერა მსოფლიო საზოგადოებამ, შემდეგი იქნება ბალტიისპირეთი და შემდეგ პოლონეთი, მაგრამ პრობლემა იცით რაშია, ამ მომენტისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ იპოვა ის მექანიზმი, რომლითაც პუტინს გააჩერებენ. სულ მაინტერესებდა, როგორია გამოთქმა – კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა არის აგრესიული და ყველაზე საშიშიო, ეხლა ვხედავთ ამას, როგორია კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა, როგორი საშიშია. სანქციები ეფექტური გამოდგა ამ მომენტისთვის რუსეთის წინააღმდეგ და კარგია, მაგრამ ამ სანქციებში ორი მომენტია, ერთი ის, რომ სანქციები რუსეთისთვის დაწესება, ფაქტიურად ნიშნავს პეტერბურგისთვის და მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას. იმას იქით, რუსეთის მოსახლეობის 60-70 პროცენტი, ისედაც სანქციებით არსებობს.
– ძალიან გამიკვირდა, როცა მოვისმინე, ერთ-ერთი დიდი კომპანია წერდა, რომ ჩემი თანამშრომლების რიცხვი რუსეთში იყო 5000-იო და იმ კომპანიას საქართველოში ბევრად მეტი თანამშრომელი ეყოლება, დარწმუნებული ვარ.
– ნამდვილად ასეა, რუსეთში ორი თავკომბალა ქალაქია – პეტერბურგი და მოსკოვი, 30 კილომეტრში თუ გახვალთ, გზები დღემდე ცუდი აქვთ. ეს სანქციები ფაქტიურად რუსეთის კი არა, მოსკოვის და პეტერბურგის არის. პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირი მუდამ ცხოვრობდა სანქციების ქვეშო. მართალია, საბჭოთა კავშირი მუდამ ცხოვრობდა სანქციების ქვეშ, ფაქტიურად, ეს სანქციები იყო არაპოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სანქციები თვით ჩრდილოეთ კორეასაც არა აქვს, ძალიან მკაცრი სანქციები დაუწესეს, მაგრამ როგორც წესი, სანქციებს ორი ბოლო აქვს, შესაძლებელია, დაარტყას იმ ევროპულ ბიზნესსაც, რომელიც რუსეთში საქმობდა, ევროპულ ბიზნესს ესაჭიროება ახალი ბაზრების მოძიება, ახალ ბაზრებზე შესვლა და სასწრაფოდ გადაწყობა. ასე უცებ, ერთ-ორ დღეში არ მოხდება. ეფექტურია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს პუტინს ვერ აჩერებს და არ აჩერებს, ამაშია დიდი პრობლემა. პერსპექტივაში, სადღაც 6 თვეში რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება და პუტინი გაჩერდება – ძალიან გაწელვადი პროცესია. რას ვუშვებით 6 თვის განმავლობაში უკრაინის მოსახლეობას, რომელიც იღუპება ყოველდღიურად, ესენი ქალაქებს და სოფლებს მიწასთან ასწორებენ, ალეპოს აწყობენ, პირდაპირ რომ ვთქვათ, რაც გააკეთეს სირიაში, ალეპოში, იგივეს აკეთებენ, მიწასთან ასწორებენ ყველაფერს. მთელმა მსოფლიომ ვნახეთ, ის ცნობილი კადრები, რომ მარიუპოლი და ხარკოვი მიწასთან გაასწორეს, ზაპოროჟიე, ხერსონი მიწასთან გაასწორეს და წარმოიდგინეთ, 6 თვე ეს რომ გაგრძელდეს… „ჩამოიშლება რუსეთი და გაჩერდება“ – რას ვუკეთებთ მანამდე? უკვე 2 მილიონზე მეტი გადის უკრაინიდან და დღითიდღე იზრდება ეს ციფრი. ევროპამ და საერთაშორისო საზოგადოებამ თუ სასწრაფოდ არ გამონახა პუტინის გაჩერების მექანიზმი, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი არა მარტო უკრაინისთვის. ისღა დარჩა, წითელ ღილაკს დააჭიროს იმ გიჟმა ხელი და ატომური ბომბი აგვიფეთქოს.
– პარალელურად, პუტინმა გენერლები დასაჯა, დაზვერვის შეფი გადააყენა, სირიაში ეძებს დაქირავებულ მებრძოლებს, აფხაზეთიდან გაიყვანა ტანკების რაღაც ნაწილი, რას ამბობენ ევროპაში რუსულ ჯარზე?
– ევროპაში წარმოდგენა რუსული ჯარის ძლევამოსილობაზე არც არასოდეს ყოფილა, უბრალოდ, ევროპაში რუსებისადმი ევროპის შემაკავებელი ფაქტორი არის ის წითელი ღილაკი, რომელიც იმ გიჟს უდევს ჯიბეში. ეს არის ერთადერთი და ყველაზე მთავარი შემაკავებელი ფაქტი, თორემ, რუსის ჯარზე, მის მომზადებაზე და მის ცოცხალ ძალაზე დიდი წარმოდგენა არავის არ ჰქონდა. იგივე მარიუპოლი და ხერსონი რითი აიღეს, შეაწყვიტეს ამდენი რუსის ჯარისკაცი. ერთნაირად მეცოდება უკრაინელიც და ის გაუბედურებული 18 წლის ბიჭებიც, რომლებიც ჯარში წაიყვანეს და ერთ კვირაში ხორცის საკეპ მანქანაში გაუშვეს. რაც გააკეთა სტალინმა ქერჩში, ის გააკეთა პუტინმა მარიუპოლოში, ხალხის რაოდენობით მოუგო, შეაწყვიტა. პუტინისთვის სტატისტიკაა რუსის ჯარისკაცი, იქ არ ყოფილა არც ტაქტიკური და არც სტრატეგიული ნაბიჯი, მიიყვანეს და რუსებს თვითონ აქვთ გამოთქმა – „ძალა გვაქვს, ფიქრი არ გვჭირდება“, რაოდენობით მოუგო, დამცველი აღარ დარჩა უკრაინელი ჯარისკაცი და შევიდნენ, განა იმით, რომ რაიმე ტაქტიკა ჰქონდათ.
– რეალური საფრთხის ქვეშ არის საქართველოც, თუ არა?
– საქართველო ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა და ზუსტად დანის პირზე გავდივართ, არა ვართ 44 მილიონიანი უკრაინა, რომელსაც შესწევს ძალა ეომოს რუსეთს, თუნდაც ორი კვირა. პუტინისთვის არ არსებობს ერთი და ორი ჯარისკაცი, იმისთვის მთავარია იქ შევიდეს და “სარანჩა” შეუსიოს. სამწუხაროდ, ძალიან დიდი საფრთხეები არსებობს და არ ვიცი, მე და შენ ამას ვერ დავგეგმავთ, ჩვენ უნდა გვყავდეს გონიერი მთავრობა, რომელიც დანის პირზე გაივლის, ჩვენ უნდა გვყავდეს გონიერი ოპოზიცია და არ მინდა შევიდე პერიპეტიებში და ვინმე დავადანაშაულო, ცუდს აკეთებს თუ კარგს აკეთებს, ამ წუთისთვის ჩვენ ვზივართ ნაღმზე, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს აფეთქდეს და როგორ ვართ ამისთვის მზად, ეს არ ვიცი…
– ჩვენზეა დამოკიდებული ნაღმის აფეთქება, ან არ აფეთქება?
– ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რუსეთზეა დამოკიდებული, უბრალოდ, ჩვენ როგორ დავხვდებით მზად, რას გავაკეთებთ და როგორ იქნება? ეს ელემენტარულად არავინ არ ვიცით, საქართველოს სამხედრო დოქტრინაში რა გვიწერია, ვიცით? რუსეთი რომ შემოვიდეს, რას ვშვრებით, ვეომებით თუ კაპიტულაციას ვაცხადებთ, გვაქვს რაიმე სამხედრო დოქტრინა? ყოველ შემთხვევაში დღემდე არ წამიკითხავს და არცერთი ქართველი ჟურნალისტი ამაზე არ ლაპარაკობს, არადა უნდა ვლაპარაკობდეთ და ვიცოდეთ, რა ხდება ამ შემთხვევაში.
სხვათა შორის ამ ბოლო სამიტმა დაგვანახა ჩვენ, რომ ევროკავშირი ფაქტიურად ორადაა გაყოფილი – ის ნაწილი, რომელმაც საკუთარ თავზე და საკუთარ კისერზე გამოსცადა რუსული ჩექმა და რა ბოროტების მანქანაცაა ეს საზიზღარი რუსეთი და ევროპა, რომელიც ყოველთვის ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებაში, დიპლომატიურ გზებზე ლაპარაკობდნენ. წარმოიდგინეთ, პოლონეთისთვის რა საშინელებაა, რაც ხდება უკრაინაში, პოლონეთმა იცის, რაც არის რუსული სამხედრო მანქანა, რეპრესიული მანქანა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, ხორვატია და ა.შ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც ჩვენამდე შეასწრეს ევროკავშირში, კარგად იციან რა არის რუსული ჩექმა. იმიტომ ითხოვდნენ ეს ქვეყნები, უკრაინა კანდიდატად დარეგისტრირებულიყო, უკრაინას კანდიდატად დარეგისტრირება რა თქმა უნდა ომს არ შეაჩერებდა, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერა იქნებოდა. უკრაინელი ბიჭები და გოგოებისთვის, რომლებსაც იარაღი უჭირავთ ხელში, ეს იქნებოდა პოლიტიკური სტიმული.
– საფრანგეთს რა პოზიცია უკავია?
– შენ წარმოიდგინე, თავიდანვე საფრანგეთს ისეთი პოზიცია ჰქონდა, რომ არ სცნობდა, თუმცა მაკრონმა თქვა, რომ უკრაინა ამ წუთში ომის პირობებშია და შეუძლებლად მიმაჩნია უკრაინის კანდიდატად დარეგისტრირებაო, მაგრამ ეს ისეთი ნათქვამი იყო მაკრონის… იქ თუ უმრავლესობა გადაწყვეტდდა, მაკრონს შეეცვალა თავის პოზიცია, მით უფრო, რომ მასპინძელი ქვეყანა იყო. ასეთი გაურკვეველი ფორმულირება მიიღეს, რომ ევროკომისიას უნდა გადაეცეს განსახილველად და შესასწავლად, ევროკომისიამ უნდა გამოიტანოს დასკვნა. ჩვენ ევროპული ბიუროკრატია მშვენივრად კარგად ვიცით და ევროკომისიამ შეიძლება ხვალ განიხილოს, შეიძლება ერთი წლის მერე.
– თუმცა, ამჯერად, ამ ომის პერიოდში საკმაოდ სწრაფად ახერხებენ ბიუროკრატი ევროპელები შეკრებას; გაოცებული ვუყურებ, რომ იტყვიან შევიკრიბოთო, საღამოს შეკრებილები არიან.
– მაგ მხრივ ევროპამ ცოტა ყურები გამოიფხიკა, რასაც ვერ ვხედავდით 2008 წელს, სხვათა შორის მაშინ ფრანგმა ჟურნალისტებმა სარკოზს უწოდეს „ქაღალდის ვეფხვი“, შეიკრიბნენ 1 სექტემბრის სამიტზე, არაფერზე ილაპარაკეს, დანაყეს წყალი და დაიშალნენ, კრება დარჩა მაშინ მხიარული. ეხლა ასე თუ ისე, რაღაცა გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, ჩვენ ზუსტად ის ფორმულირებაც არა გვაქვს, სანქციების მეოთხე პაკეტი რას გაითვალისწინებს, ესეც ევროკომისიას გადასცეს განსახილველად და შესასწავლად. თუმცა, თავად ფაქტი, რომ სანქციების პაკეტი დაამტკიცეს და უნდა შეიქმნას სასწრაფო წესით, ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესია.
– ევროკომისიაში უფრო ვის ლობისტებს ვხედავთ?
– ევროკომისიაში არ სხედან რუსი ლობისტები, ევროკომისია ძალიან კარგი ევროკომისრებით არის დაკომპლექტებული და ვნახოთ, რა იქნება და როგორ იქნება. თუ ევროპარლამენტში მართლა ჰყავს ბევრი ლობისტი და ძალიან ბევრზე ხშირად მეც ვამბობ ხოლმე, რომ პირდაპირ არიან შემჩნეული რუსულ ლობიზმში, ევროკომისია მაინც ისეა გაფილტრული, რომ…
– საქართველო-მოლდოვეთს რა ელის, ამასობაში?
– ჩვენ, მოლდოვა და უკრაინა, საბედნიეროდ, ყოველთვის ერთ პაკეტში გავდივართ ბოლო ათი წელია და თუ უკრაინაზე იქნება საუბარი, იქ საუბარი იქნება ჩვენზეც და მოლდოვაზეც. სამწუხაროდ, მოლდოვას ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩვენ გავაკეთეთ და უკრაინამ გააკეთა, მაგრამ თუ გააკეთებს მოლდოვა, აუცილებლად ჩაჯდება ჩვენთან ერთად პაკეტში, ჩვენგან განსხვავებით მოლდოვას ძალიან კარგი ლობისტი ჰყავს ევროკავშირში, ეს არის რუმინეთი, რუმინეთი და მოლდოვა ფაქტიურად ერთ ენაზე საუბრობენ და ერთი ხალხია, ალბათ ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა ლობიზმის მხრივ მაგათ აქვთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოლდოვას მოსახლეობის სადღაც 45 პროცენტი უკვე რუმინეთის მოქალაქეა, ჩათვალეთ, ჩვენზე უფრო სწრაფად მოხდება მათი ინტეგრაცია. პოლიტიკური სპექტრი მოლდოვასი უფრო ფრთხილია, ჩვენზე პატარა ქვეყანაა, დნეპრისპირეთის პრობლემა აქვს დიდი, როგორც ჩვენ გვაქვს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა. კონფლიქტი დაკონსერვებულია, მოლდოვა ნახევრად შესულია უკვე დნესტრისპირეთის ბაზარზე, მაინც ფრთხილობენ მოლდოველები ჩვენგან და უკრაინელებისგან განსხვავებით, მკვეთრ რეაქციებს და მკვეთრ მოძრაობებს არ აკეთებენ. ჩვენ და უკრაინას დასაკარგი უკვე აღარაფერი გვაქვს, 2008 წელში ჩვენთან შემოვარდნენ, ეხლა უკრაინაში შევარდნენ, ჩვენგან დაიწყეს ყველაფერი, ჯერ ყარაბახი, აფხაზეთი, ოსეთი და შემდეგ დნესტრისპირეთი. აგერ გააკეთა რესმუსენმა განცხადება, რომ ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით 2008 წელში, როდესაც საქართველოს და უკრაინას მაპ-ი არ მივეცითო. მართლა ესეა, 2008 წელს საქართველოს და უკრაინისთვის მაპ-ი რომ მიეცათ, დღევანდელი უკრაინის ომი არ იქნებოდა, არ იქნებოდა საქართველოს ომი 2008 წელში, უკვე მაპმიცემულ ქვეყანა ნატოს კანდიდატი ქვეყანაა და იქ ვერ მოხდებოდა ის, რაც ეხლა ხდება. ევროდახვეწილი, დემოკრატიული წყობილების აღმშენებელი ევროპელისთვის, რომელმაც უკვე მიაღწია განვითარების მაღალ დონეს, ძალიან გაუგებარია პუტინი და მისი მოქმედებები.
– კიდევ აქვთ იმედი, რომ რუსეთი მოლაპარაკებაზე წამოვა? რატომ მიიღეს ეს სანქციების მეოთხე პაკეტი ორი კვირის მერე და რატომ არ იყო ერთად ოთხივე პაკეტი?
– პირველი, მეორე და მესამე პაკეტმა არ გაამართლა, ეგონათ გაჩერდებდა და მეოთხეზე ავედით. ამ წუთში საერთაშორისო საზოგადოება არის ჩავარდნილი საგონებელში, ვერ ნახეს ის მექანიზმი, რომლითაც ამ კაცს გააჩერებენ. შევიდეთ და ვეომოთ? ვაიდა, დააჭიროს ხელი? იციან, რომ დააჭერს წითელ ღილაკს…
– თავის ხალხსაც გაწირავს?
– რა თქმა უნდა, გაწირავს. თავის ხალხი მარიუპოლში გაწირა, მეტი რაღა უნდა გაწიროს? მისთვის არ არსებობს არაფერი, ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტოებმაც დაადასტურა, კადიროველებმა 12 რუსი ოფიცერი დახვრიტეს, იმიტომ, რომ მათ თქვეს არ გვინდა უკრაინელებთან ომიო. 11 ომი მაქვს გადაღებული და ომის დროს, ერთადერთი და ყველაზე მთავარი პრობლემა რაც არის, ჩვენ არასდროს ვიცით სიმართლე, ომში სიმართლე არ არსებობს, უბრალოდ, ჩვენ ჟურნალისტები ომის დროს გადმოვცემთ იმას, რასაც ორივე თვალით ვხედავთ. ომი მარტო იარაღის სროლა ხომ არ არის, სხვადასხვა კომპონენტებია, მათ შორის, საინფორმაციო ველებიც. ღვთის წყალობით უკრაინელები საინფორმაციო ველს იგებენ. პუტინისთვის არაფერს წარმოადგენს ინსტაგრამის და ბანკების დაკეტვა…
– რას ითხოვენ ფრანგი ჟურნალისტები, მართლა ცის დაკეტვას ითხოვენ? მიუხედავად იმისა, რომ რიგი პოლიტიკოსების აზრით, ცის დაკეტვა მესამე მსოფლიო ომის ტოლფასია?
– იმ ჟურნალისტებს ვემხრობი, რომლებიც ითხოვენ ცის დაკეტვას და სრულებით არ მიმაჩნია, რომ ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. არ შეიძლება უკრაინის ასე მიტოვება. ამან შეიძლება უფრო მეტი ცუდი მოიტანოს საერთაშორისო საზოგადოებისათვის, ვიდრე ცის დაკეტვას. მესამე მსოფლიო ომი დაიწყებაო და უკაცრავად, მესამე მსოფლიო ომში არა ვართ?! მაინცდამაინც რუსეთში უნდა დაეცეს ბომბები? პუტინთან იწილო-ბიწილო არ გამოდის, რაღაცა ქმედითი ზომებს უნდა მიმართონ. ფრანგი პოლიტიკოსები კი გვლანძღავენ ჟურნალისტებს, რომ მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ფრანგი ჟურნალისტები იქ, წინა ხაზზე არიან ფრანგი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით და საკუთარი თვალით ხედავენ იქ რაც ხდება, ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დისკომფორტში.
– არც ამერიკას სწყალობენ საფრანგეთის ჟურნალისტები და პარალელურად, ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ნატოს საპირწონე ევროპულ სამხედრო გაერთიანება უნდა შეიქმნას – რეალურია ეს?
– ფრანგებს ანტიამერიკული განწყობა ეროვნულ სპორტად გვაქვს გადაქცეული, სხვათა შორის ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნაზე ჯერ კიდევ პრეზიდენტი სარკოზიმ 2008 წელს საქართველოს კონფლიქტის შემდეგ დაიწყო საუბარი. საფრანგეთი ყოველთვის ავანგარდშია და მაკრონიც უკვე 3 წელია ამაზე საუბრობს, შეიძლება მართლა რეალური გახდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მოდით გულზე დავიდოთ ხელი, რითი ვაპირებთ ჩვენ ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნას გერმანიის არმიით, რომელმაც ეხლა გამოაცხადა მოდერნიზაცია? ამას ხომ დასჭირდება დრო, 10 წელი მაინც… ბელგიის არმიით, ნიდერლანდების არმიით, დანიის არმიით, თუ ლიტვა-ლატვია-ესტონეთის არმიით?! გვრჩება პოლონეთი, პოლონეთს საკმაოდ ძლიერი არმია ჰყავს და საფრანგეთი – რომელსაც ხუთი ატომური ბომბი აქვს, აქედან ორი გაფუჭებულია და გემი „შან დე გოლი“, რომელიც მუდამ რემონტზეა. ბრიტანეთი გავიდა ევროპული თანამეგობრობიდან… ნატო გვყავს ყველაზე ქმედითი და არ გვინდა ევროპული რაღაცების შექმნა, ამერიკა რომ არ გვყავდეს, კარგა ხნის შემოსული იქნებოდა პუტინი ბრიუსელშიც და პარიზშიც. ამერიკა ჩემთვის არის ის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის აკვანიც არის, ყველაზე ძლიერი ქვეყანაც არის და მისაბაძიც არის ჩემთვის.
– სწორედ ამერიკა არ უჭერს მხარს უკრაინაში ცის დაკეტვას და ძალიან უცნაურია…
– ისტორიულად ასეა, როდესაც დემოკრატები მოდიან ხელისუფლებაში ამერიკაში, რუსეთისადმი სიფრთხილე მაქსიმუმს აღწევს, ტრამპი თავის გამოთქმებსა და მოქმედებებში უფრო მეტად გაბედული იყო, ვიდრე ბაიდენი. უფრო მეტად გაბედული იყო, ვიდრე ბარაკ ობამა… თვითონ ამერიკელები ამბობენ, რომ ბარაკ ობამას სულელურმა პოლიტიკამ, როცა გადატვირთვა გააკეთა 2008 წელში, სულ რაღაც 6 თვეში საქართველოს ომის შემდეგ რუსეთთან, მიგვიყვანა ჩვენ აქამდე, რასაც ეხლა ვუყურებთო. ამერიკა შეუცდომელი არ არის, მაგრამ დიდი ქვეყანაა, სამხედროები ჰყავს ძალიან ძლიერი, სამხედრო მანქანაა უდიდესი, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი იყოს… არ უჭერს ცის დაკეტვას მხარს ახლა, მაგრამ მოვა დრო და აშშ ისეთს გაუკეთებს რუსეთს…
– შეიძლება უკვე უკეთებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ჯერ?
– შესაძლებელია, რომ უკეთებდეს უკვე. ამერიკას არ სძინავს, დიდი ქვეყანაა და არის უსაფრთხოების გარანტი.
– და მაინც, მოიგებს უკრაინა ამ ომს?
– ძალიან კარგები არიან უკრაინელები, საუკეთესო მეგობრები არიან, საუკეთესო მებრძოლები არიან. ვკითხულობდი სტატიას, ერთ-ერთი ფრანგი ფირმის წარმომადგენელი, რომელიც გადაზიდვებზე მუშაობს ევროპაში, წერდა, რომ დაახლოებით 60 პროცენტი მძღოლებისა მყავდა უკრაინის მოქალაქეები და ფაქტიურად გავჩერდი რადგან, როცა ომი დაიწყო, ყველა მძღოლი უკრაინაში დაბრუნდა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებადო. წარმოიდგინეთ, რა მაგარი ხალხია. უკრაინიდან ქალები და ბავშვები გადიან, მამაკაცები არ გადიან, ძალიან ცუდ ტონად ითვლება უკრაინაში, როცა მამაკაცი გადაკვეთს საზღვარს და მიდის ლტოლვილად. უკრაინელები ომს აუცილებლად მოიგებენ, სხვა გამოსავალი არ არის, ეს ბოროტების იმპერია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს და ძალიან კარგი იქნება, თუ უკრაინელები დაანგრევენ ამ ყველაფერს!
კომენტარები