საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც თბილისის მეტროს მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას მოხმარდება. პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი საქართველოში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად იმყოფება. აღნიშნულ ვიზიტს წინ უძღვოდა 2022 წლის სექტემბერში EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს თბილისში შეხვედრები. ამჟამად, ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები