თამო კეშელავა
„ალიას” ესაუბრება აკია ბარბაქაძე – ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი.
– წლებია გვესმის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ძლევამოსილია, დიდია, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა, სხვა რამ დაგვანახა. არაერთი ექსპერტი წერს დღეს, რომ რუსეთის 3300 ტანკიდან, 2 000 დასაწყობებულია და დახარვეზებული, დარჩენილი 1300 ტანკის მესამედი კი უკვე განადგურებულია. რეალურად, რა ტექნიკა დარჩა დღეს რუსეთს?
– რუსეთის გენერალურ შტაბში უნდა მუშაობდე, ზუსტი ინფორმაცია რომ იცოდე. უკრაინის გარშემო მობილიზებული, შეიარაღებული ძალების 60 პროცენტი და ტექნიკის დაახლოებით ამდენივე ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა (ზოგი დაჭრილია, ზოგი გარდაცვლილი, ზოგი ტყვედ ჩავარდნილი, ზოგიც დაკარგული), ეს ინფორმაცია ვრცელდება ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით და ჩვენც ამ ინფორმაციას უნდა ვენდოთ. რუსეთმა იქ ჩართული ძალები 100 პროცენტით გამოიყენა, უკრაინა ყოველ დღე აახლებს ინფორმაციას, რამდენი საფრენი აპარატი, რამდენი ტანკი, რამდენი ჯავშანტექნიკა, რამდენი ავტომობილი, რამდენი პირადი შემადგენლობა განადგურდა – ეს ციფრები მზარდია. 14 000 გარდაცვლილ რუს სამხედროზეა საუბარი, 400-ზე მეტ ტანკზე, 100-ზე მეტ ვერტმფრენზე, 77-ზე მეტი საბრძოლი თვითმფრინავზე, 3 გემზე და ა.შ. ბრძოლის ინტენსიობა, ყოველი ახალი დღე და ახალი ღამე დანაკარგს ნიშნავს. იქ გააფთრებული ბრძოლა მიდის და ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ანადგურებს ტექნიკას, მტრის პირად შემადგენლობას. ის, რომ რუსეთს უჭირს, ეს ჩანს იქედან, რომ მან ფაქტიურად გააშიშვლა კავკასიაში დისლოცირებული შენაერთები – სომხეთში და აზერბაიჯანში მყოფი სამხედრო ბაზებიდან, ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მყოფი საოკუპაციო ჯარებიდან, ვიცი, რომ ტექნიკის და პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი გაიყვანა. ვხედავთ, ის ითხოვს დახმარებას, ითხოვს ტექნიკას, ითხოვს ცოცხალ ძალას, პირდება ფულის გადახდას დაქირავებულ ჯარისკაცებს, ჩართული ჰყავს ჩრდილოეთ კავკასიელი დაქირავებული მებრძოლები, კერძო სტრუქტურები, როგორიცაა კომერციული საბრძოლო სტრუქტურები, ვაგნერი და ა.შ. რეალურად ვიცით, ისიც, რომ ციმბრის ცენტრალური ნაწილიდან და შორეული აღმოსავლეთიდან, მას დიდი ხანია გაყვანილი, გადმოსროლილი ჰყავს პირადი შემადგენლობა. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ რუსეთი ემზადება კიდევ ერთი გენერალური შეტევისთვის.
– დღეს გამოაჩინეს ე.წ. “კინჯალი”, რა ტიპის იარაღია ეს, რით გამოირჩევა და რამდენად შესაძლებელია მისი განადგურება?
– ეს არის ახალი, მოდერნიზებული, სარაკეტო-საარტილერიო საშუალება, ის არის ძალიან ძვირადღირებული და რუსეთს მისი მასობრივი წარმოება არა აქვს. ეგ რესურსიც გამოლევადი და მოწყვლადია. გამოირჩევა იმით, რომ სწრაფად მიფრინავს და რადარებს უჭირს მისი ადვილად დაფიქსირება. პირველი და მეორე ეშელონი თუ არა, საჰაერო თავდაცვის მესამე ეშელონი მაინც მოახერხებს რეაგირებას. რუსეთის მხრიდან, მათი გამოყენება, არ ნიშნავს იმას, რომ ამითი მოახერხებს ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას. მას ესეც სჭირდება მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ვხედავთ, რომ რუსეთმა ვერ გაანადგურა უკრაინის ვერც ერთი არტილერია, ვერ ვნახეთ ვერანაირი სურათი, რომ მათ აღმოაჩინეს და გაანადგურეს უკრაინის არტილერია. ერთადერთი რაც ვიცით, ომის პირველ დღეებში მათ მოახდინეს, სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომების დაბომბვა და დაზიანება, და პირადი შემადგენლობიდან უკვე დაცლილი სამხედრო ბაზების დაზიანება. პირველი სამხედრო ამოცანა, ყოველთვის არის მტრის არტილერიის განადგურება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განადგურება, სამხედრო თვითმფრინავების განადგურება, დიდი შენაერთების ალყაში მოქცევა, ჯავშანტექნიკის განადგურება და ა.შ. ჩვენ პირიქით სურათს ვხედავთ – რუსეთის სამხედრო ტექნიკაა განადგურებული და უკრაინის ტექნიკის ერთეულებია განადგურებული. ბრძოლა მიმდინარეობს და რუსეთმა ვერ წაიწია წინ, ვერც ერთი სერიოზული ქალაქი ვერ აიღო და ბოლომდე ვერ გააკონტროლა, ომის პირველ დღეებში, დასაწყისშივე სადაც იყო, იქ გაუჩერდა შეტევა და იქ არის ახლა ისევ შეტევის განხორციელების მცდელობა. მათ ვერ აიღეს კიევი, ვერ გაბედეს მასზე გენერალური შეტევა, აღარ ეყოთ მაგისი ძალა, გამოელიათ რესურსი. მარიუპოლი – გმირი ქალაქი, წარმოუდგენელი სიმამაცის მაგალითს გვაჩვენებს ყოველ დღე, მიუხედავად იმისა, რომ ალყაშია. ამიტომ, რამდენიმე რაკეტა და დამატებით ერთი სარაკეტო თავდასხმა არ ნიშნავს იმას, რომ ეს რამეს შეცვლის. იმ შემთხვევაში, თუ დღეს უკრაინას არა აქვს, ამ ე.წ. “კინჯალის” საწინააღმდეგო ტექნიკა, ხვალ – უკვე ექნება. დასავლეთი უზრუნველჰყოფს შესაბამისი იარაღით.
– საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთს არ გამოუყენებია თავისი ე.წ. ელიტარული დანაყოფები და შემოტოვებული ჰყავს გადამწყვეტი ბრძოლებისთვის – რამდენად რეალურია?
– ტყუილია, რომ არ გამოუყენებია ელიტარული დანაყოფი და გადანახული ჰყავს, საკონტრაქტო პირადი შემადგენლობა მას ჰყავდა გამოყენებული, ელიტარული სატანკო დივიზია გაუწყდა, ჰყავდა ჩართული, ჰყავდა კადიროვის ჩეჩნები და ელიტარული დანაყოფი “ვაგნერი”, რომელსაც იყენებდა სირიაში და სხვა ცხელ წერტილებში. ასე რომ, ტყუილია, თითქოს რუსეთს ჯერ მთელი ძალები არ გამოუყენებია. როდესაც იწყებ გენერალურ შეტევას და ამოცანა გაქვს სწრაფი დაკავება მოწინააღმდეგის ტერიტორიის, როგორც წესი, შენ არ იწყებ მეორეხარისხოვანი ჯარისკაცებით, იწყებ კარგად მომზადებული ჯარისკაცებით, რადგან შენ ინტერესებშია, ომის პირველივე წუთებში, პირველივე საათებში, პირველივე დღეებში, რაც შეიძლება მაქსიმალურად სწრაფად დაიკავო მტრის ტერიტორია. ამას ახალწვეულების იმედად ვერ და არ გააკეთებ, ცხადია. უკრაინაში გაგზავნილი დანაყოფებიდან ნაწილი დაიჭრა, ნაწილი დაიხოცა, ტექნიკა დაკარგა, დაეწვა ტანკები და შესაბამისად, მიაშველა წვევამდელებიც. რუსეთი ტექნოლოგიურად ჩამორჩება უკრაინას, უკრაინას დასავლეთის წყალობით აქვს უახლესი ტექნოლოგიები, ბაირაქთარები, ერთჯერადი გამოყენების მკვლელი უპილოტო საშუალებები, რომლებიც ამერიკამ მიაწოდა, ასევე აქვს ჯაველინები – ტანკსაწინააღმდეგო და სტინგერები – ჰაერსაწინააღმდეგო, დაბალი სიმაღლის საშუალებები. ერთადერთი, რაც უკრაინას უჭირდა და ამ მხრივ რუსეთი იყო პრიორიტეტში, უკრაინას არ ჰქონდა საკმარისი მაღალი სიმაღლის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ეს გამოსწორდა, ვიცით, რომ უკვე ეს-300, რუსული წარმოების, იგივე რაც აქვთ რუსებს, მიაწოდეს უკვე უკრაინას და და ეს პრობლემაც მოხსნილია. რუსეთის უპირატესობა საჰაერო თავდასხმებით მინიმალიზირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს მიეცემათ საშუალება გააქტიურდნენ, უფრო სახმელეთო ოპერაციების კუთხით.
– რისი იმედი აქვს, მაშ, რუსეთს? საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ შესაძლოა მან გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება…
– ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება რუსეთს, რა თქმა უნდა, აქვს, აქვს არამარტო რუსებს, ამერიკელებსაც, სხვა ქვეყნებსაც. ეს არის 70-იანი წლების ტექნოლოგია, მაგრამ მალევე მის გამოყენებაზე უარი თქვეს, რადგან თუ მას გამოიყენებს ქვეყანა, ვერც მისი ჯარისკაცები დაიკავებენ იმ დაბომბილ ადგილს, რადგან რადიაციამ არ იცის შენიანი და ჩემიანი. მეეჭვება, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს რუსეთმა, რადგან, ამ შემთხვევაში, ის უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგება და იქნება, როგორც სადამ ჰუსეინი. ვერც ქიმიურ, ვერც ბიოლოგიურ და ვერც ატომურ იარაღს ის ვერ გამოიყენებს, რადგან იცის, ამ შემთხვევაში, ანალოგიურს მიიღებს თვითონ. თუ აკრძალულ რაღაცას გამოიყენებს რუსეთი, ძალიან ცოტა ხანში, უკრაინას ექნება ზუსტად იგივე იარაღი. რისი იმედი აქვს და რას ფიქრობს პუტინი, ამას მე და თქვენ ვერ გადავწყვეტთ, არც ერთი არა ვართ ექიმი, დიაგნოზია დასასმელი, რამდენად ღრმად არის წასული პრობლემაში ეგ ადამიანი, პრინციპში, ადამიანიც აღარ არის, მხეცი! ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინის სახით, სერიული მკვლელია, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის მკვლელობები, რომლებსაც უკვეთავდა და სრულდებოდა და ის მასშტაბი სისხლიანი მკვლელობის და დანაშაულებრივი ომის, რაც მოაწყო უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისას. ის არის ჰააგის ტრიბუნალის კლიენტი. სადამდე წავა, უკვე ძნელი სათქმელია, რადგან პოლიტიკოსები და დიპლომატები ეძახიან უკვე გიჟს. რამდენად გიჟია, ამის გარკვევა, ცოტა რთულია. პუტინის გარდა გადაწყვეტილებას იღებენ სხვებიც, გენერლები, პოლკოვნიკები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, თუ ისინი დაიწყებენ ამ ტიპის შეიარაღების გამოიყენებს, მათ მოხვდებათ ზუსტად ანალოგიური იარაღი, ამიტომ, ისინი ტემპერატურას ამ სიმაღლეზე არ აწევენ. თუ ერთი შეიძლება გაგიჟდეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაწყვეტილების მიმღები და აღმსრულებელი ყველა ოფიცერი ერთდროულად ვერ გაგიჟდება.
– რაც ჩანს აქედან, უკრაინას თავისი ცოცხალი ძალა ჯერ სრულად არ გამოუყენებია, რადგან, მას ჯერ კიდევ აქვს ბაზები ზურგში, არ გადასულა შეტევაზე, როგორც აღნიშნეთ, რუსულ მედიაშიც კი არ ვრცელდება მასობრივად იმის კადრებია, რომ ნადგურდებოდეს უკრაინული ტექნიკა დიდი ოდენობით. უკრაინის რესურსი როგორია?
– ცოცხალ ძალას უკრაინა იყენებს ძალიან ეფექტურად, იყენებს უახლოეს ტექნოლოგიებს, მას თავისი ჯავშანტექნიკა, სატანკო შენაერთები არ გამოუყენებია, როგორც ჩანს, ინახავს კონტრშეტევისთვის. გენერალური შეტევა აუცილებლად იქნება. ომი არ დამთავრდება ერთ კვირაში და ერთ თვეში, ვფიქრობ, ამ დონის კონფლიქტის ვადა ერთი წელი მაინც იქნება. თუმცა, დამთავრდება უკრაინელების გამარჯვებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაწყვეტით.
– ეს არაფორმალურად, მესამე მსოფლიო ომია?
– მესამე მსოფლიო ომი შეიძლება დავუძახოთ ირიბად. მესამე მსოფლიო ომი რომ იყოს, მაშინ ბევრი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ღიად. ჯერ ღიად ჩართული მხოლოდ ორი სახელმწიფოა. რუსეთი ცდილობს გააკეთოს კოალიცია ბელორუსთან და სატელიტ სახელმწიფოებთან ერთად, ჯერჯერობით მას ეს არ გამოუვიდა. დაველოდოთ, ვნახოთ. ამ დღეებში უნდა გადაწყდეს ბელორუსია ჩაერთვება თუ არა. თუ სირიიდან ჩაიყვანა დაქირავებული ხალხი, კიდევ ერთი შავბნელი დაემატება ბოროტების ღერძს, მაგრამ ეს ჯერ არ არის მესამე მსოფლიო ომი. მესამე მსოფლი ომი დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იძულებულს გახდის ნატო-ს, რომ ჩაერთოს ამ ომში.
– სურვილი აქვს რუსეთს, ნატო მესამე მსოფლიო ომში ჩაითრიოს?
– კი, რუსეთს აქვს მაგის სურვილი, ამას მოწმობს მისი პროვოკაციები ატომურ ელექტრო სადგურზე, მუქარა ნატოს წევრ ქვეყნებზე, დაბომბვები ნატოს საზღვრებთან ახლო ზონაში, ესეც არის გამოწვევა და მცდელობა, მაგრამ გონივრულად მუშაობს ცივილიზებული კაცობრიობა და მისი საბრძოლო მანქანა ნატოს სახით. დიპლომატიურ ველზე, ევროკავშირი იქნება, თუ გაერო, ყველამ დაგმო რუსეთის საქციელი, გაეროს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სასწრაფოდ უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები. ირიბად მიმდინარეობს მოლაპარაკების მცდელობა, მაგრამ ეს მოლაპარაკებები, რუსეთის პოზიციებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უშედეგო იქნება. ჯერჯერობით, არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია, მაგრამ შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ ეს არის წინაპირობა მესამე მსოფლიო ომის, ვინაიდან, ირიბად, იარაღით, ლოჯისტიკური უზრუნველჰყოფით, ჰუმანიტარული უზრუნველჰყოფით, უკვე ჩართულია მთელი მსოფლიო ამ ომში.
– სავარაუდოდ, მას ურჩევნია მესამე მსოფლიო ომში დამარცხდეს, ვიდრე უკრაინასთან? ასეა?
– ეგ მოსაზრება გამოითქვა არაერთხელ, მათ შორის ჩემგანაც, თუმცა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება მის სურვილზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული და დასავლეთი იცილებს ამ პროვოკაციებს. აუცილებლობასაც ვერ ვხედავ ნატო-ს ღიად ჩართვით, უკრაინა მშვენივრად ართმევს თავს ამ ომს არსებული შეიარაღებით.
– საქართველო რა საფრთხეების წინაშე დგას დღეს? გვიმტკიცებენ, რომ საფრთხე არ არსებობს და არავინ ამბობს მთავრობიდან, რომ რამე ტიპის მომზადება გვჭირდება.
– გინდა მშვიდობა? ემზადე ომისთვის, ეს აქსიომია, ამას მტკიცება არ უნდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, საფრთხე ელის საქართველოს და მოლდოვასო და ამ ტიპის განცხადებებს, ასეთი დიდი პოლიტიკური ფიგურები, დაზვერვის გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე არ აკეთებენ. ეს განცხადებაც რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ, უშიშროების საბჭოს შემდეგ, სერიულმა მკვლელმა პუტინმა თავისი “მაინ კრაფტი” – წაიკითხა, სადაც პირდაპირ იძახის, რომ უნდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მოახდინოს რუსეთის იმპერიის მოდერნიზება, რაღაც ახალი ფორმით და რა თქმა უნდა, აქ უკვე ჩვენც მონიშნული ვართ. ჩვენ ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ საქართველოში პრორუსული ძალები და მეხუთე კოლონა, ყოველდღე ცდილობენ არეულობის გამოწვევას და ამას ახერხებენ, ვხედავთ სუსტ, გადაწყვეტილების მიღების უუნარო ხელისუფლებას, უნდობლობა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის დიდი ნაწილის, ეს არის ნაკადი იმისათვის, რომ რუსეთმა ბოროტი ზრახვები განხორციელდეს საქართველოში.
– რაშია გამოსავალი?
– გამოსავალია – შეჩერდეს ყველანაირი დაპირისპირება საზოგადოების სეგმენტებს შორის და მოხდეს საზოგადოების გაერთიანება ერთი საფრთხის გარშემო, დღეიდან მაინც გადაიდგას ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ მოვამზადოთ საზოგადოება ტოტალური თავდაცვისათვის და შეირაღებული ძალების შესაძლებლობა გავზარდოთ ძალიან სწრაფად, გავაუმჯობესოთ სამოქალაქო თავდაცვის შესაძლელობები, კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ კონტაქტი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და მოხდეს ნდობის აღდგენა ხელისუფლებისადმი.
– რომ რამე მოხდეს, თავშესაფრები გვაქვს? თუ მხოლოდ მეტროს გამოყენება იქნება შესაძლებელი?
– რომ რამე, არა, თუ დაიწყო რუსეთმა თავისი გეგმა – მოხდება. მეტროებიც არ არის გამოსადეგი, იქ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, აალებადი მოპირკეთების საშუალებები უნდა მოიხსნას, ჰაერგამწოვები, წყლის საქაჩები უნდა იქნეს მობილიზებული, უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია თავშესაფრების, უნდა გაკეთდეს და მოეწყოს ახალი თავშესაფრები, შეტყობინებების სისტემა უნდა მოწესრიგდეს, „სირენები“, მესიჯები და ა.შ. თვითმმართველობებში უნდა ჩატარდეს მთელი რიგი ღონისძიებებისა, უნდა იყოს გაწერილი სტანდარტული პაკეტები, რომ მათ შეძლონ ომის პირობებში თავისი მოსახლეობის უზრუნველყოფა უსაფრთხოებით.
– არ ვუწესებთ სანქციებს, მასობრივად ვიფარებთ რუსეთის მოქალაქეებს და არის ეჭვი, რომ ისინი საქართველოში, თაღლითური სქემების მეშვეობით, თავს არიდებენ საერთაშორისო სანქციებს, საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინის მმართველ ძალას ღიად ლანძღავენ სამთავრობო მედია-საშუალებებზე სხვადასხვა ე.წ. ექსპერტები, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს რეალურ მტერზე ისაუბრონ და ამ დროს, მაინც გვესმის რუსეთიდან მუქარა საქართველოს დაბომბვაზე…
– უკრაინას 2014 წლამდე განაცხადიც კი არ ჰქონდა ნატოში შეტანილი, ამან მას არ უშველა, არ დაიცვა იმისაგან, რომ ყირიმი არ წაერთმია რუსეთს. რეალურად, ჩვენ რა განცხადებებს ვაკეთებთ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, განცხადება შეიძლება აღმოჩნდეს საბაბი, მიზეზი კი არის პუტინის ზრახვა, რუსეთის გუბერნიად აქციოს საქართველო.
– აფრთხილებთ რამდენიმე ექსპერტი მთავრობას, მოემზადე, თუ მშვიდობა გვინდაო და ზემოდან გვესმის პასუხი, მაგას ვერ ვიზამთ, აბა, ომი გინდათო? ხალხი ცალკე იმას ისმენს, რომ უნდა დავიწყოთ მზადება და გაძლიერება უსაფრთხოების და ცალკე პასუხს – ამას არ ვიზამთო და რა ვქნათ? რა ქნას ხალხმა?
– ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლება, გადაადგმევინოს ნაბიჯები. ზეწოლის ეფექტი აქვს ხალხს და ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, გარეთ გამოსვლა. ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლება გამორთოს რუსული პროპაგანდისტული საშუალებები – ტელევიზიები, აკრძალოს პრორუსული პარტია, გამოვიდეს და თქვას, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ რუსეთი მტერია, თუ მოყვარე? რატომ, არ იძახიან ამას? თუ მტერია რუსეთი, აი, ამ სიტუაციაში, როცა მესამე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ხარ, რატომ არ კრძალავ პრორუს პარტიებს? კომფორტულია სახლში კოტრიალი, უიმე, უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენც გვეშველება, პუტინს ვინმე გაგუდავს, მერე კეთილი კაცი მოვა რუსეთში პუტინის მაგივრად, მზეჭაბუკი, ის იქნება იმდენად კეთილი, რომ იტყვის, ჩვენ მივქარეთ ისტორიულად თქვენ მიმართ და ახლა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, უფასოდ მოგცემთ გაზს, ბიძინას ვეტყვით, თავისი მილიარდები ყველას გადაგინაწილოთ… – ესეთი რაღაცა ხომ არ მოხდება, არა? ესეთი მიამიტობა დღევანდელ, 21-ე საუკუნეში ნიშნავს ჩვენ გონებრივ ჩამორჩენილობას და თუ გონებრივად ჩამორჩენილები ვართ, მაშინ გასაგებია რეაქცია და პასუხისმგებლობაც ნაკლები მოგვეთხოვება… თუ არა ვართ გონებრივად ჩამორჩენილები, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისათვის. ჩვენ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზები არიან კანონდარღვევით, იმ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაში წერია, რომ მათ უნდა გაეყვანათ სასწრაფოდ ბაზები და 2008 წლის ომის მდგომარეობაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამ ბორდერიზაციის, მცოცავი ოკუპაციის, ჩვენი მოქალაქეების მოტაცების, წამების, გამოსასყიდის მოთხოვნის, რაც ყოველ დღე ხდება საოკუპაციო ხაზებთან, ფონზე, ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ „არგაღიზიანების პოლიტიკა“ არ მუშაობს რუსეთთან? აბა, რატომ გვგონია, რომ სანქციას თუ არ შევუერთდებით, ეს რუსეთს უფრო ლმობიერს გახდის ჩვენ მიმართ? ორი დღეა ვაკვირდები, ნაცმოძრაობას ეძახიან ომის პარტიას და ალტ-ინფო დასდევს და იწვევს და არის ერთ ამბავში. ეს ხომ არის დასაწყისი სამოქალაქო დაპირისპირების? რას აკეთებს ხელისუფლება? ხელისუფლება ნაცმოძრაობას ხომ არ დაიცავს, იმიტომ რომ მარტო ნაცმოძრაობასთან ომითაა დაკავებული, ხელისუფლებას ჰყავს პატრული დაყენებული ალტ-ინფოს ოფისებთან, რომ არავინ ხელი არ შეუშალოს. ცოტა ხნის წინ აპირებდნენ კოლონიალური კანონის მიღებას, ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადეს თავად, რუს თუ ვინმე აწყენინებს – ის უნდა იყოს დასჯილიო და ამას დაარქვეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ოღონდაც გამაგებინეთ, ქვეყანასთან, რომელთანაც ოფიციალურად ხარ ომში და 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ჯარები უყენია, იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა მივიღოთ ასეთი კანონი? რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ კოლონია ვართ? საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, საზოგადოებამ მთლიან პოლიტიკურ კლასს უნდა მოსთხოვოს რეალური ნაბიჯების გადადგმა, უნდა გააფრთხილოს, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, უნდა გამოვიდეს და უნდა თქვას, რომ კმარა თავის მოტყუება, კმარა უმოქმედობა, ნება იბოძეთ და მიიღეთ შესაბამისი კანონები, რაც სჭირდება ზემოთ ჩამოთვლილს და გაზარდეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სასწრაფოდ – აი, ეს უნდა გააკეთოს ხალხმა.
კომენტარები