ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:
“საქართველო უნდა გახდეს ახალი შვეიცარია” – ასე ფიქრობენ მოსკოვში. რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პირდაპირ გვითხრა კრემლის მესიჯი: საქართველომ უნდა მოირგოს საბანკო ანკლავის როლი, რომელიც თითქოსდა ამერიკელებმა შვეიცარიას წაართვეს.
ნამდვილი შვეიცარიისა რა გითხრათ, თუმცა, დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე, მოსკოვს მართლაც სურს საქართველოს მის საკუთარ, “რუსულ შვეიცარიად” ქცევა. ტერიტორიად, რომელიც პოლიტიკურად დასავლეთისგან მაქსიმალურად იზოლირდება, თუმცა ექნება ნახევრად ევროპული სახელმწიფოს სტატუსი, საიმისოდ, რომ იზოლაციაში მყოფმა მოსკოვმა, დასავლეთის ფინანსურ რესურსებზე, სატრანსპორტო თუ ენერგეტიკულ არხებზე წვდომა საქართველოს გავლით შეინარჩუნოს.
აშკარაა, რომ კრემლმა საკუთარი ხედვა საქართველოს როლთან და მის ფუნქციასთან დაკავშირებით გასაგებად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა: საქართველო, როგორც “რუსეთის შვეიცარია” არის სწორედ ის ფორმულა, რასაც დღეს უკვე ეყრდნობა რუსული პოლიტიკა და საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ასპექტი, იქნება ეს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, უსაფრთხოების საკითხები, ინვესტირების მოცულობა, ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტები თუ სხვა რამ, ამ პოლიტიკას მოერგება და ამავე პრიზმიდან გაიზომება.
სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს, 9 აპრილიდან 34 წლის თავზე, ის თაობა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამებთან ერთად უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო სამშობლოსთვის არა მხოლოდ 9 აპრილს, შემდგომი წლების განმავლობაშიც, აღმოვჩნდით ვითარებაში, როდესაც ქართული ხელისუფლება მთელ რესურსს და ძალისხმევას ისტორიულად მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის დამორჩილებას ახმარს. არადა მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, სწორედ დღეს გვთავაზობს საუკეთესო პირობებს ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტის, დემოკრატიის თუ ევროატლანტიკური პერსპექტივის შეუქცევადობის გარანტიების შესაქმნელად. ასეთი შესაძლებლობა არც აქამდე გვქონია და ხელიდან გაშვების შემთხვევაში – მომავალშიც, დიდი ალბათობით, კარგა ხანი არ გვექნება.
შესაძლოა ზოგმა მარტივად ვერც გაიგოს, თუ რატომ არის რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მონიჭებული ახალი როლი ასეთი სახიფათო. პასუხი ზედაპირზეა: კვაზისახელმწიფოდ გადაქცევის გარდა, იმიტომ, რომ საკუთარ თავში ის მოსკოვის ადგილობრივი კლიენტურისთვის სარგებლის გარანტირებასაც გულისხმობს. იმიტომ, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც საქართველო რუსული რესურსების რეცხვის, გადანახვისა და ცირკულაციის პლატფორმა ხდება. ეს სქემა სამწუხაროდ უკვე მუშაობს და ივანიშვილის ვერტიკალი და ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამით საგრძნობ სარგებელს ნახულობს, კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – პარაზიტირებს. მეტიც, საქართველო სულ უფრო მეტად ხდება რუსულ რესურსებზე, როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებული. რომ არ ყოფილიყო დასავლეთის მხრიდან მოსკოვის იზოლაცია და რუსული რესურსების საქართველოს მიმართულებით ინტენსიური გადმოდინება, ქვეყანა დღეს უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში იქნებოდა, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არც ეკონომიკური განვითარების ხედვა აქვს და არც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ნება. საკუთარი გამორჩენისა და გადარჩენის მიზნით კი ქვეყანას სრულად დამოკიდებულს ხდის რუსულ რესურსებზე.
როდესაც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი შეფი აცხადებს, რომ “პუტინი მოსიარულე გვამია”, რომელსაც დიდი ალბათობით პირადი გარემოცვა, ბიზნეს ელიტა, ან სპეცსამსახურები მოიშორებენ, როდესაც გაერთიანებული დასავლეთი შეუზღუდავ დახმარებას ჰპირდება უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დროულად და ეფექტურად განსახორციელებლად – მარტივი მისახვედრია – მნიშვნელოვანი გარდატეხა ფრონტზეც და დიდ პოლიტიკაშიც ერთი ხელის გაწვდენაზეა. და როდესაც ამ ვითარებაში შენ ისევ “რუსეთის შვეიცარიობაზე” და კრემლის ელიტის შვეიცარობაზე ოცნებობ, იმ რუსეთის, რომელსაც გარდაუვალი კატასტროფა ემუქრება, ან გიჟი ხარ და შეშლილი, ან უბრალოდ სამარცხვინო მოღალატე, რომელიც 9 აპრილის სისხლით მოპოვებულ საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას უკან, მტერს აბარებ.
კომენტარები