ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს თავდაცვის სისტემასა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წლის მნიშვნელოვან გეგმებზე ისაუბრა. „2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ავიაციის პარკის განახლების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმის ნაწილია. მისი განცხადებით, მომავალ წელს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება. „2018 წელს დასრულდა ფრანგული პროექტის პირველი ფაზა და ჩვენ მივიღეთ ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. 2021 წელს წარმატებით დასრულდება აღნიშნული ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ებრაელ პარტნიორებთან, რაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაც. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საავიაციო პარკის განახლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მომდევნო წლებში თავდაცვის ძალებს სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებული საავიაციო პარკი ექნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წელს პირველად, ქართული ჯარის ისტორიაში, თავდაცვის ძალები საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანით აღიჭურვა. მისი განცხადებით, შემდგომ წლებში სსსტც „დელტა“ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნას გააძლიერებს.
მინისტრობის კანდიდატმა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება. „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის კუთხით და ე.წ. საბჭოთა კავშირის სპეც-ტექნიკის თანამედროვე ბრენდებით ჩანაცვლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ცნობილ ბრენდებთან, რომლის ფარგლებში 500 ერთეული სპეც- ტექნიკა შევიძინეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები