ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, თქვენ არაერთხელ გითქვამთ „ალიასთან“ ინტერვიუში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, საბოლოოდ, ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო. მართლაც, ევროკომისიამ ევროკავშირთან რეკომენდაცია გაგვიწია, რომ ეს სტატუსი მოგვცენ. რა იყო თქვენი ოპტიმიზმის მიზეზი და ახლა რას იტყვით?
– მე ვამბობდი, რომ მივიღებდით ამ სტატუსს, სერიოზული დათქმებით. არ მინდა, ვიდრე არ გადავხტებით, ჰოპლა დავიძახოთ. ჯერ სტატუსი არ მიგვიღია, სტატუსს, სავარაუდოდ, დეკემბერში მოგვცემენ. ევროკომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი მძიმე გამოცდილება გვაქვს, რომ არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ რაიმე ისეთი სისულელე ჩაიდინოს დეკემბრის შუა რიცხვებამდე, რომ ააყირავოს ეს ვითარება და საჭოჭმანო გახადოს სტატუსის მოცემა. მით უმეტეს, ასეთი პრეცენდენტები, ევროკომისიასთან, ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან საქმის გაფუჭებისა და მათი „გადაგდების“ დიდი გამოცდილება აქვს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ჯერ ნუ ვიტყვით, რომ პროცესი დასრულებულია. დაახლოებით რა მდგომარებაა, იცით? საგამოცდო კომისია მოუმზადებელ სტუდენტს დადებით შეფასებას რომ მისცემს, რადგან მშობლები კომისიის წევრთა კოლეგაა და მოდი, დავუწეროთ ნიშანი, ნუ გავრიცხავთ, იქნებ მომავალ სემესტრში მაინც გამოსწორდეს, კარგად მოამზადოს საგანი და მერე უკეთ ჩაგვაბაროსო. ავანსად რომ დაუწერენ ნიშანს ჩამორჩენილ სტუდენტს, დაახლოებით ასე გვაძლევენ სტატუსს, რომ მომავალში გამოვსწორდებით და ევროკომისიის რეკომენდაციებს შევასრულებთ. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ ხელისუფლების ხელში, წინ წავიწევთ. კი, სტატუსს მოგვცემენ, სავარაუდოდ, მაგრამ ევროკავშირში გასაწევრინებლად მოლაპარაკებების დაწყებამდე ეს ხელისუფლება ვერ მიიყვანს საქმეს. ამიტომ, შემდეგი გამოცდა ისევ ქართველმა ხალხმა უნდა ჩააბაროს. წინ არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებზე ჩვენ, ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობას.
– გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნები მართლა რეფერენდუმი იქნება, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს. დიდი ომი იქნება იმ არჩევნებზე.
–კი, ფაქტობრივად, 2024 წლის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტია. იმას არ ვამბობ, ვის აირჩევენ. მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ შეძლოს ხელისუფლების იძულება, რომ მამაძაღლობის გარეშე ჩატარდეს ეს არჩევნები, მაქსიმალურად გახსნილ და კონკურენტულ გარემოში. თუ ისევ „ქართულ ოცნებას“ აირჩევს თავისუფალ არჩევნებში ხალხი, მაშინ აღარ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი. მე არა მგონია, ხალხმა „ოცნება“ აირჩიოს, მთავარია, არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს კითხვის ნიშნები არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. თუ კითხვები გაჩნდა, ჩათვალეთ, რომ ჩვენთვის სამუდამოდ დახურულია ევროკავშირის კარები.
– ფაქტია, რუსეთი უდგა ჩვენს ხელისუფლებას უკან და მისი გეგმითა და კარნახით მოქმედებს. დავიჯერო, რუსეთს უნდოდა, რომ ჩაეშალა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოცემა საქართველოსთვის და ვერ მოახერხა? ცოტა უცნაურია, ეს მომენტი, ათასი უბედურების დატრიალება შეეძლო რუსეთს საქართველოში სტატუსის არ მოსაცემად. რატომ არ გააკეთა არაფერი საამისოდ?
– არა მგონია, რომ რუსეთს არ უნდოდა, საქართველოს ეს სტატუსი მიეღო, არ იყო ამის წინააღმდეგი. რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს ევროკავშირთან, ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი მაღალჩინოსანი და ბიზნესმენი ჰყავს დასანქცირებული ევროკავშირს, მათი ოჯახის წევრებიც. საქართველოში, ამ ხალხს მარტივად შეუძლია საქართველოს მოქალაქის პასპორტის შეძენა და ამ პასპორტით ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს და თუ უნდა, დარჩეს კიდეც. ჩვენ ხომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. საქართველო, შესაძლოა, ერთგვარ „ტროას ცხენად“ იქცეს რუსეთისთვის ევროპაში შესასვლელად. აქ მარტო რუს ბიზნესმენებზე, პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებზე არ არის ლაპარაკი, სპეცსამსხურებიც გამოიყენებენ ამას. რუსეთის აგენტურას სერიოზული პრობლემები შეექმნა ევროპაში შესვლისა და იქ მუშაობის მხრივ. დაირიგებენ ახლა ქართულ პასპორტებს და იმუშავებენ ევროპის ქვეყნებში. ასევე, ქართული პასპორტებით, რუსი ბიზნესმენების, ოლიგარქების ოჯახის წევრები შესძლებენ ევროპაში ფულის დაბანდებას, უძრავი ქონების შეძენას და იქაურ ბანკებში ფულის შენახვას. ცხადია, ისინი, ვინც ჯერ არ არიან დასანქცირებულნი. რუსეთს აწყობს, რომ საქართველომ შეასრულოს „ტროას ცხენის“ როლი. ევროპაში ერთი ასეთი ქვეყანა უკვე ჰყავს რუსეთს უნგრეთის სახით და მეორეც ეყოლება – საქართველო. რუსეთი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ პერსპექტივას ასე მშვიდად რომ შეხვდა, მე ამით ვხსნი, მისი ინტერესები დევს ამაშიც კი.
– ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსები საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ, აქ დააფუძნებენ ფირმებს და ევროპიდან რუსეთში შეიტანენ გარკვეული სახის პროდუქციას, რისი დეფიციტიც რუსეთს უკვე შეექმნა. მაინც და მაინც, სამხედრო დანიშნულების პროდუქციას არ ვგულისხმობ, საყოფაცხოვრებო იყოს, მშვენიერი ტრანზიტი იქნება საქართველო რუსეთისთვის.
– ტრანზიტად დღესაც იყენენენ რუსები საქართველოს და არის ეჭვები, რომ სამხედრო ტვირთიც გადის. საქართველო ერთგვარი „სიცოცხლის გზა“ გახდა რუსეთისთვის და ამას მარტო მე არ ვამბობ, ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი და ექსპერტი იმავეს აცხადებს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სანქცირებულ პროდუქციას. ჩვენ ვიცით, რომ ლოჯისტიკური ბმები ძალიან გართულებულია და საქართველოთი კარგად სარგებლობს რუსეთი. იმავე ავტომობილების რეექსპერტზე რამხელა გამიშვი–გამატარე იყო, ვიდრე ამას გააჩერებდნენ, დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა დასავლური ავტომობილების ლეგალური რეექსპერტი რუსეთში. მარტო ავტომობილები არ არის ერთადერთი პოზიცია, არც ლეგალური რეჟიმია ერთადერთი გზა. ეჭვები დღესაც ძალაშია. თუ ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, შესაძლოა, სანქცირებული ტვირთებიც გადაჰქონდეთ რუსეთში, ჩვეულებრივი ამბავია და მეტიც, მოსალოდნელია ჩვენი ხელისუფლებისგან. რაც თქვენ თქვით, ეგეც მოსალოდნელია მოხდეს, იყიდიან რუსები ქართულ პასპორეტებს და აქ დაფუძნებული ფირმებით შეიტანენ რუსეთში, რასაც მოისურვებენ, სამხედრო ტვირთის გარდა. თუმცა, თუ ასე მოხდა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მოიძენება ბერკეტები ამის აღსაკვეთად. ავტომობილებიც საქართველოს მოქალაქეებს გაჰქონდათ რუსეთში, მაგრამ ევროკავშირის მოთხოვნით აკრძალეს.
– ევროკომისიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, მსოფლიოში მიმდინარე გეო–პოლიტიკური ცვლილებები ხომ არ იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი? რუსული პორტები აღარ არის საიმედო და სანდო, რუსეთში არ არსებობს პორტი, რომლის აფეთქებას და მწყობრიდან გამოყვანასაც უკრაინელები ვერ შესძლებენ, სხვას თავი დავანებოთ და დივერსიული მეთოდებით. ამ დროს ევროპა და ჩინეთი, აზიის სხვა ქვეყნები გამალებით ვაჭრობენ ერთმანეთთან. ახლო პერსპექტივაში საქართველოს პორტები ხომ არ ჩაანაცვლებენ რუსულ პორტებს?
– რა თქმა უნდა, გეო–პოლიტიკური მოტივები იყო ამ გადაწყვვეტილებაში. ჩვენ ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ამერიკა და ევროპა მარტო ლამაზი თვალებისთვის გვეფერებიან. ბუნებრივია, მათაც აქვთ გეო–პოლიტიკური ინტერესები, საქართველოს თვლიან საკუთარ პარტნიორად, იციან ხალხის განწყობა და არ უნდათ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომ კიდევ უფრო ღრმად გვიბიძგონ რუსეთისკენ. იმედი აქვთ, რომ აქ რაღაცები ისე შეიცვლება, რომ ჩვენ მათი ღირსეული პარტნიორები გავხდებით. აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მათი გეო–პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული. ასე, რომ არ იყოს, დაიჯერებს ვინმე? ყველა ქვეყანას საბოლოო ჯამში, საკუთარი ინტერესები აქვს. კი, შეიძლება შენზე ზრუნავს, პარტნიორად მიაჩნიხარ, მაგრამ ყველა საკუთარი გრძელვადიანი ინტერესებისთვის ზრუნავს.
– პერსპექტივაში, შესაძლოა, საქართველო იქცეს ეკონომიკურ ჰაბად? უფრო კონკრეტულად, ტვირთგადაზიდვის კუთხით?
– რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია. დღეს შუა დერეფანს რომ ეძახიან, სამხრეთ კავკასიიონის დერეფანი ავიღოთ. მას, ფაქტობრივად, როგორც აზია–ევროპის შემაერთებელ კვანძს დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის მარშრუტი პრაქტიკულად დაიხურა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ინფრაქსტრუქტურის განვითარების მოთხოვნილება უზარმაზარია. დღეის მდგომერეობით, ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმ გავატაროთ 30–35 მილიონი ტონა ტვირთი ჩვენი ინფრაქტრუქტურის პირობებში. არა მარტი ჩვენი, აზერბაიჯანსაც პრობლემები აქვს ამ მხრივ. იმავე კასპიის სანაოსნოს აქვს პრობლემები. წმინდა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ავიღოთ. რუსეთს ამბიცია აქვს, რომ შავი ზღვა მის შიდა ტბად აქციოს. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს დატვირთვას ღებულობს საქართველო, საქართველოს პორტები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ამ საწადელს ვერ მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ნატო–ს სამი ქვეყანაა შავი ზღვის მოსაზღვრე, საკმარისი ინფრასტრუქტურა რუსეთის შავ ზღვაში დასაბალანსებლად ამ ეტაპზე არ არსებობს. იგივე ანაკლიის პორტს მარტო ეკონომიკური ფუნქცია კი არ ექნება, რომელიც აუცილებლად აშენდება. მას უსაფრთხოების ფუნქციაც ექნება. ანაკლიის პორტი იქნება ღრმაწყლოვანი, მას ექნება შესაძლებლობები სამხედრო ხომალდებიც მიიღოს და წყალქვეშა ნავებიც, თუ ამის საჭიროება იქნება. პერსპექტივა გამოჩნდა, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკის და გლობალური მსოფლიო ეკომომიკური პროექტების ნაწილი გახდეს. შეიძლება ითქვას, ეს ქვეყნის გადარჩენის და შემდგომ უკვე ფეხზე დადგომის, განვითარების შანსია. ამის გასაკეთებლად კი, ეს კოლაბორციონისტული ხელისუფლება ან ჭკუაზე უნდა მოვიყვანოთ, ან სახლში უნდა გავუშვათ.
კომენტარები