პოლონეთის პრემიერმინისტრი ადასტურებს, რომ ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პოლონეთის ინიციატივის შესახებ მუშაობს. კერძოდ, პოლონური მედიის ინფორმაციით, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა 27 ქვეყნის ერთობლივ წერილს მიიღებს.
“ვშიშობთ, რომ სააკაშვილს საქართველოში შეიძლება დაემართოს ის, რაც ყველაზე უარესია” – ამბობს პოლონეთის პრემიერი.
მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, “თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა”.
იქამდე, პოლონეთის საზოგადოებრივმა რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა ინიციატივა მოამზადა და ევროკავშირში ხელმოწერებს აგროვებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. წერილი უნდა შეიცავდეს დეკლარაციას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვას მიიღებს და საქართველოს დატოვებს, ის ასევე დატოვებს საზოგადოებრივ ცხოვრებას და არ ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში მანამ, სანამ ევროკავშირის ტერიტორიაზე იქნება.
პოლონეთის რადიოს ცნობით, წერილში იქნება საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის გარანტია, თუმცა, ასევე დრამატულად შეფასდება ექსპრეზიდენტის მდგომარეობა.
“თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, მისი სიკვდილი ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატოსთან“, – ნათქვამია წერილის ფრაგმენტში, რომელიც Polskie radio-ს ინფორმაციით, მათმა ბრიუსელის კორესპონდენტმა ნახა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები