საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ავტორი მიმდინარე წლის სექტემბერში, 2 კვირით ესპანეთში, ლა-კორუნიაში გაემგზავრება, ხოლო ესპანელი ავტორი კი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს.
„პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება და ქართველი ავტორების უცხოეთში პოპულარიზაციაა. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა, მონაწილე ავტორს, შემოქმედებითი გარემოს გამოცვლის და მშვიდ, კომფორტულ, ახალ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შეტანა შეუძლია ავტორს (ჟანრის განურჩევლად), რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი. გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისურ ენის სასაუბრო დონეზე (A2) ფლობა. აპლიკანტმა მისამართზე info@tbilisiwbc.ge
უნდა წარმოადგინოს CV ან მოკლე ბიოგრაფია გამოქვეყნებული წიგნებისა თუ სხვა ნაშრომების მითითებით, სამოტივაციო წერილი და იმ ნაწარმოების ვრცელი სინოფსისი (ან/და ნაწყვეტი), რომელზე სამუშაოდაც სარეზიდენციო პერიოდს გამოიყენებს.
ქართულ-ესპანური სარეზიდენციო პროგრამისთვის მხოლოდ ერთი ავტორი შეირჩევა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 3 აგვისტოს 18:00 საათია. პროგრამის შესარჩევი ეტაპი 4 აგვისტოდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
კომენტარები