ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გახსნეს.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის მნიშვნელობაზე. ერთიანი სტატისტიკის წარმოება ყოველთვის იყო გამოწვევა თითოეული უწყებისთვის. აღნიშნული მიმართულებით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, პასუხისმგებელი უწყებების მიერ შეიქმნა სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე საპილოტე რეჟიმში გამოქვეყნდა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკური ანგარიში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და პასუხობს სტატისტიკის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებს.
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
თანამშრომლობის მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა
კომენტარები