ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ვერსიები ქვეყნდება, მათ შორის, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებებით, რომ თითქოს აქ იგრძნობა რუსული კვალი. ამ სისულელით უნდათ გადაფარვა იმ რეალობის და იმ მძიმე სურათის, რაც შექმნეს თავადვე. არანაირი რუსული კვალი არ არსებობს. აქ არსებობს საქართველოს ინტერესი და არსებობს საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მედია საშუალებები.
წინასწარ ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმება უკავშირდება პირდაპირ დავით გარეჯს, არ შეიძლება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან მძიმე. მოხდა უბედურება, ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით და ოფიციალური საშუალებებით განაცხადეს, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს და სულ ცოტა ხანში მოხდა იმ კანონის გაუქმება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს მე არ უნდა ვპასუხობდე. უნდა პასუხობდეს იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ძალები, ვინც ამ ქვეყანას მართავდნენ.
სამწუხაროა, ასეთ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსასჯელის სკამიდან, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ.
პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან, მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება გამოწვეულია იმისგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო საკუთარ თავსა და ინტერესებს უნდა იცავდეს და არა კონკრეტული ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა“
კომენტარები