თბილისი (GBC) – ბრიტანულ–ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ნათია ჯანაშია განცხადებას ავრცელებს ინვესტორ კომპანია „საქართველოს კაპიტალთან“ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. ნათია ჯანაშიას განცხადების თანახმად, ინვესტორი კომპანიის დირექტორს ირაკლი გილაურს, რომელსაც საინვესტიციო ვალდებულებები არ შეუსრულებია, ახლა სკოლის დირექტორად მის მიერ შერჩეული კანდიდატის დანიშვნა სურს. ნათია ჯანაშია აცხადებს, რომ არაკეთილსინდისიერი ინვესტორის მიერ შემოთავაზებული დირექტორის კანდიდატის, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე იოჰან ვან ლილის ბიოგრაფიის შესწავლით დადგინდა, რომ ინტერნეტ სივრცეში მისი ავტორობით გავრცელებულია პორნოგრაფიული შინაარსის ტექსტები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანდიდატი მანამდე გილაურმა კონსულტანტადაც შესთავაზა სკოლის დირექციას, თუმცა მან უმარტივეს დავალებასაც ვერ გაართვა თავი და გასაუბრების საჭირო ეტაპებიც ვერ გაიარა.
„დღეს კიდევ ერთხელ დავდექით იმ სამწუხარო რეალობის წინაშე, რომ ინვესტორი ცდილობს ძალდატანებით, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად და სასკოლო საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ, ჩამომაშოროს დირექტორის პოზიციას და ჩამანაცვლოს მის მიერ შერჩეული ჩვენთვის უცნობი წარსულის და კვალიფიკაციის მქონე კანდიდატით“, – ნათქვამია ნათია ჯანაშიას განცხადებაში. მისივე თქმით, სკოლის დირექტორად გათვალისწინებული პირის ვინაობა „საქართველოს კაპიტალის“ მიერ საჯაროდ გამჟღავნდა პრესის საშუალებით, ბოლოდროინდელ ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რის შემდეგაც ნათია ჯანაშია უფლებას იტოვებს, ღიად ისაუბროს ამ კანდიდატის შესახებ.
„საქართველოს კაპიტალი უპასუხისმგებლოდ, ყველა სტანდარტის დარღვევით ცდილობს იოჰან ვან ლილის დანიშვნას დირექტორის თანამდებობაზე; ბატონ ვან ლილს არ აქვს გავლილი საერთაშორისო სკოლის მაღალი რგოლის მენეჯერის თანამდებობაზე დანიშვნის, COBIS-ისა და საერთაშორისოდ აღიარებული, სკოლაში დანერგილი სავალდებულო ეტაპები, მათ შორის, არ არის დაცული სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრების, მათ მიერ კანდიდატის მოწონებისა და კანდიდატის სიღრმისეული ბიოგრაფიული და რეპუტაციული შემოწმების (“Background Check”) სტანდარტები. დღეს კი, როდესაც ვან ლილის ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას ცდილობს „საქართველოს კაპიტალი“, როგორიცაა სკოლების დირექტორობა, ჩვენ ვალდებული ვართ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გამოვიჩინოთ და გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია დირექტორობის კანდიდატზე. ინვესტორის ზემოაღნიშნული ქმედებებიდან გამომდინარე, სიღრმისეული კვლევის ჩატარების ბერკეტი სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. ერთადერთი რესურსი, რაც გვაქვს, არის ინტერნეტ სივრცეში პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება (web search), რაც უსაფრთხო რეკრუტირების პროცესის სტანდარტული ნაწილია. ამ კვლევით დადგინდა, რომ ბატონი ვან ლილის სახელი, გვარი, მოქალაქეობა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე) და ბიოგრაფიული მონაცემები ემთხვევა საჯარო სივრცეში განთავსებული პორნოგრაფიული ტექსტების ავტორის მონაცემებსა და მოქალაქეობას. ბატონ იოჰან ვან ლილს სამხრეთ აფრიკულ ენაზე და სამხრეთ აფრიკულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქვს ამორალური შინაარსის, პორნოგრაფიული ტექსტები“, – ნათქვამია ნათია ჯანაშიას განცხადებაში.
„ეს ყველაფერი აჩენს კითხვას, ჩაატარა თუ არა „საქართველოს კაპიტალმა“ კანდიდატის ბიოგრაფიის სიღრმისეული კვლევა, ხოლო თუ ჩაატარა და ამ ინფორმაციის მიუხედავად მაინც ცდილობს დირექტორად ვან ლილის დანიშვნას, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს კაპიტალის ხელმძღვანელი პირების გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ბავშვების მიმართ“, – აცხადებს ნათია ჯანაშია.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 თებერვალს დანიშნულია პარტნიორთა კრება, სადაც დადგება ჩემი გადაყენებისა და დირექტორად ვან ლილის დანიშვნის საკითხი. მე, როგორც დირექტორი და როგორც დამფუძნებელი პარტნიორი, არ შევწყვეტ ბრძოლას იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც სკოლას აქვს დასახული. სკოლის დაფუძნების დღიდან არ დამითმია და არც მომავალში დავთმობ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს – მივცეთ სრულყოფილი განათლება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას“, – ნათქვამია ბრიტანულ–ქართული აკადემიის და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლის და დირექტორის განცხადებაში.
(R)
კომენტარები