დღეს ზაზა გახელაძე გათავისუფლდა, ე.წ. შეწყალებით.
პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, “ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის და პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში; ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი!”
“ალია” ულოცავს ზაზა გახელაძეს გათავისუფლებას.
გულწრფელად გვიხარია, რომ პრემიერს, პრეზიდენტს, პატრიარქს ერთიანი მუშაობის შემთხვევაში, შედეგის ჩვენება შეგსძლია, შესაბამისად, გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული კიდევ ორი პირი, გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუა, ისევ ციხეში სხედან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პატრიარქმა, რუსეთის პატრიარქს, ზაზას გათავისუფლების მოთხოვნით წერილობით მიმართა, წერილში არ იყო ნახსენები არც ბესტაევი და არც ბებუა, შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ საპატრიარქო, კიდევ ორ წერილს გაგზავნის რუსეთის პატრიარქთან.
რასაკვირველია, მიუღებელია, ტყვედ აყვანილი ჩვენი მოქალაქეები “შეწყალებით” გაათავისუფლონ, თუმცა, ალბათ, ოდესმე იმასაც მოვახერხეთ, რომ დამნაშავეებმა, რომლებიც უკანონოდ უზღუდავენ ჩვენ მოქალაქეებს თავისუფლებას, კანონის წინაშე პასუხი აგონ, მანამდე კი, ბატონო პრემიერო, სანამ ყველანი შეკრებილნი ხართ და ერთმანეთს ულოცავთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, იქნებ, პარალელურად, დანარჩენი ორი მოქალაქის გათავისუფლებისთვის მუშაობაც დაგეგმოთ, როგორც გვითხარით, ზაზას გათავისუფლება ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია და თუ მოლაპარაკებებმა შედეგი მოიტანა ერთი წლის წინ დაკავებული ზაზას შემთხვევაში, იქნებ, ორი წლის წინ დაკავებული გენადის საქმეშიც დაგეხმაროთ.
საზოგადოებას შევახსენებთ იმასაც, რომ ზაზა გახელაძის ოჯახმა არაერთხელ დაადანაშაულა ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილში და აქციების გამართვითაც იმუქრებოდა, თუმცა, ბოლო წამს, თქვა, რომ კიდევ ესაუბრნენ მთავრობის წარმომადგენლებს და გადაწყვიტეს, კიდევ მიეცათ დრო. როგორც ჩანს, მიცემულმა დრომ გაამართლა.
“ალიასთვის” უცნობია, რა დრო ითხოვა და ითხოვა თუ არა საერთოდ, პრემიერმა ბესტაევის ან ბებუას ოჯახისგან…
2017 წლის შემდეგ ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ის უკვე მეხუთედ იყო დაკავებული. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს, და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით დასახმარებლად მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ.
გორის მერმა მაშინ განაცხადა, რომ ბესტაევს მალე უნდა მიეღო საცხოვრებელი სახლი, თუმცა, რატომ ვერ მიიღო მანამდე, ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გალში მცხოვრები ირაკლი ბებუა აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, მოგვიანებით კი აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბებუას სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია 30 სექტემბერს გავრცელდა. ერთწუთიანი ვიდეომასალა, სადაც მოქალაქე საკუთარ ქმედებას, სავარაუდოდ, გამომძიებელთან განმარტავს, “ფეისბუკის” აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირთეს. კომენტარები, რომლებიც თან ახლავს ვიდეოჩვენებას, მუქარას და აგრესიას შეიცავს.
თავად ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც ხალხთან და ეს აქტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ სურვილი აქვს, აფხაზებმა და ქართველებმა, როგორც უწინ, ისევ ერთად, მეგობრულად იცხოვრონ.
მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები” და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის.
დე ფაქტო სასამართლომ, რომელსაც დენის აშუბა თავმჯდომარეობდა, დამნაშავედ ცნო ბებუა და ჩადენილი დანაშულების ერთობლიობის შესაბამისად გამოიტანა ე.წ. განაჩენი, რომელსაც, როგორც ბებუას ადვოკატმა, აპოლონ გადელიამ განაცხადა, არ გაასაჩივრებენ. თვითონ ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო ორ ბრალდებაში, საბრძოლო მასალის შენახვა მას არ უღიარებია.
კომენტარები