აშშ-ში ევროპის უსაფრთხოებისა და კოოპერაციის კომისია – ჰელსინკის კომისია – კავკასიის რეგიონში რუსეთის გაძლიერებულ პოზიციებზე საუბრობს. გამოქვეყნებულ ანგარიშში კომისია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად რუსეთთან სომხეთის ეტაპობრივი ჩამოშორებისა, ფედერაციასთან უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებენ საქართველო და აზერბაიჯანი.
“სამხრეთ კავკასია საეჭვო სტრატეგიული დანის პირზეა. რუსეთი ცდილობს, რეგიონში თავისი გავლენა რეგიონული კონფლიქტების შექმნით შეინარჩუნოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა კი განსხვავებული მიდგომის შემუშავებაზე უნდა იფიქრონ.
სომხეთი, რომელიც ისტორიულად იყო რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მოსკოვს შორდება. ამავე დროს, აზერბაიჯანი უფრო აძლიერებს თავის კავშირებს რუსეთთან და ამას ნატო-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობით აბალანსებს.
ამავე დროს, საქართველოში “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის და არალიბერალურ ორიენტაციას ირჩევს, მიუხედავად მოსახლეობის პროდასავლური სენტიმენტისა”,- ნათქვამია ჰელსინკის კომისიის “ტვიტში”, რომელსაც 70-გვერდიანი დოკუმენტი ახლავს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მთავრობასა და მოსახლეობას შორის კონფლიქტი ევროპული მისწრაფებების გამო წარმოიშვა.
“საქართველოში ვითარება კომპლექსურია. წლების მანძილზე ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ ძალად მიიჩნეოდა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჰქონდა მისწრაფება. თუმცა ბოლო პერიოდმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ, “ქართული ოცნების” მმართველობით, ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური გზა აირჩია.
ცვლილება აისახა ოპოზიციის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებში, ისევე როგორც რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში. მიუხედავად მთავრობის ამ მცდელობებისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რჩება პროევროპული მისწრაფებების ერთგულად, რაც მოსახლეობასა და მთავრობას შორის კონფლიქტს ქმნის”, – ნათქვამია კომისიის ანგარიშში.
დოკუმენტში ნახსენებია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიც და ნათქვამია, რომ 300 000-ზე მეტი ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
კომენტარები