ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააორმაგებს შიდა რეფორმებზე ძალისხმევას და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეები საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერენ:
„ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია მისი მეტად განმტკიცება. განსაკუთრებით კი, ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა, შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო განაგრძობს საქართველოს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლისკენაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციის მიღწევისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
კომენტარები