გამოცემა ტაბულას ცნობით, ჩინეთში 18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ირკვევა, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცეპრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.
ღონისძიების ფარგლებში გამართული ბანკეტის ვიდეოში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მსხდომი სტუმრები, რომელთა შორის, როგორც კადრებზეა ასახული, ვლადიმირ პუტინი და ლევან დავითაშვილიც არიან.
ამას გარდა, ღონისძიების სხვა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვიცეპრემიერი დავითაშვილი, ჩინეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიასთან ერთად ფორუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლასაც უსმენდა.
ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ უსმენენ დარჩიაშვილი და კალანდია ვლადიმირ პუტინს, დაბალი გარჩევადობისაა, თუმცა სხვა ჩანაწერებიდან (3:39)კარგად ჩანს, ამავე დღეს, ამავე დარბაზში, ამავე ადგილებზე მსხდომი ვიცეპრემიერი და ელჩი როგორ უსმენდნენ სი ძინფინგს.
ლევან დავითაშვილი გასულ დღეებში თავად ამბობდა, რომ ჩინეთში გამართულ ფორუმს ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია ესწრებოდა.
ფორუმს ესწრებოდა განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც, დავით საგანელიძე.
რუსეთის მხრიდან, ვლადიმირ პუტინის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვიც.
წყარო – ტაბულა
კომენტარები