“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები”, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ამბობს:
[საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას] არ დავსწრებივარ, სპეციალურად არ წავედი, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ საერთოდ ვერ ვხედავდი ამ ადამიანების ნახვის ვერანაირ აზრს.
ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან მესმოდა, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. იქამდე ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას ვნახულობდი, ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ [საქართველოს] სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად არიან ჩართულები ამ პროცესებში…
და იმისთვის რომ რეალურად იყო ჩართული, უნდა დაიცვა ის სანქციები, რომელსაც მთელი მსოფლიო ადებს რუსეთს. მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა რომ გავუხსნათ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები ბანკში და დღეს საქართველოში ბანკები დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, რუსი ბიზნესმენები კი თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით. ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს საქართველოში…
საქართველო უნდა შეუერთდეს იმ სანქციების პაკეტს, რომელიც დაედო რუსეთს და თუ არ უნდათ ან თუ მტკივნეულია ეკონომიკური თვალსაზრისით ესეც ახსნადია, მაგრამ უბრალოდ ნუ დაეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთის ბიზნესს, გვერდი აუარონ იმ სანქციებს, რომლებიც დააწესეს მათ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა…
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმართა ყველა ევროპულ პარლამენტს, საქართველოს პარლამენტში არ გამოსულა. ამავდროულად, ქართული ხელისუფლების პოზიცია უნდა დავიწყოთ იმით, რომ უნდა მიეცეს პრეზიდენტ ზელენსკის საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს. ეს იქნება კარგი ჩვენება იმისი, რომ ხდება მიმდინარე სიტუაციის გადაფასება.”
კომენტარები