საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე საკარანტინო სივრციდან.
კვლავ რჩება ჩვენთან 35 პაციენტი. ერთი ახალი დადასტურებული მივიღეთ სოფელ მუშევანიდან, ბოლნისის რაიონიდან. ეს პაციენტი იქ დადასტურებულის კონტაქტია. კვლავ რჩება მძიმე სამი პაციენტი. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ რადიოლოგოური მონაცემებით არ გვაქვს გაუმჯობესება, განსაკუთრებულად ერთ პაციენტთან, რომელიც იყო კრიტიკული, მაღალი ასაკის პაციენტი. აქედან გამომდინარე, პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. კლინიკურად სტაბილური ვითარებაა.“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 730 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 522 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა 12 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 3511 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 243.
კომენტარები