პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ქართულ პოლიტიკასა და სიებს რომ შეავლებს თვალს დაკვირვებული ადამიანი, რამდენიმე კანონზომიერებას აღმოაჩენს.
მაგალითად, ვინ შეიძლება აღმოაჩინოთ ჩვენი პარტიების სიებში? მხოლოდ შემდეგი კატეგორიის ხალხი:
1. “ცნობადი სახეები” (რა შემაძრწუნებელი ტერმინია) ან მათი ადგილმონაცვლეები (შვილები, შვილიშვილები, ნათესავები). ქართული პოლიტიკისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რითი გახდა კონკრეტული ადამიანი სახელგანთქმული – სიმღერით, კლოუნობით, ყვირილით, ნიჭით, უნიჭობით, კამოს იმის ჭამით… მთავარია ცნობილი იყოს, ტელევიზორში იყოს გამოჩენილი, მის პრინციპულობას, პოლიტიკურ შესაძლებლობებს, უნარს მნიშვნელობა არ აქვს…
2. ფულის ტომრები.
3. ანონიმური, პოლიტიკური ბიოგრაფიის არმქონე, უსიტყვოდ მორჩილი, ტექნიკური საქმეების შემსრულებელი ქვეშევრდომები.
რა ჰგონიათ ამ კატეგორიის ადამიანებს პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკის ქმნადობა (“პოლიტიკის კეთება”)?
1. “კავკასიური სახლისკენ” მიმავალ გზაზე, ძალიან ხშირად მიწევს ქალაქის ცენტრში მდებარე, ღია ვერანდის მქონე სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების წინ ავლა-ჩამოვლა. სულ ვხედავ ამ “ცნობად სახეებს”, ფულის ტომრებსა და ქვეშევრდომებს + ჟურნალისტიკი კორიფეებს. ერთმანეთს ელაპარაკებიან, ეფუთფუთებიან, ალბათ, ჭორაობენ, ცვლიან ცნობებს, “გაუტეხელ ფიცს” დებენ და ა.შ. ერთმანეთში გადაზელვა ჰგონიათ პოლიტიკა.
2. ტელევიზიებით გამოსვლა, თან ყველა ტიპის გადაცემაში… სპორტზეც უნდა ისაუბრო, პირველ და ბოლო სექსზეც, ლარის კურსზეც და ა.შ. “ლაიქების” დათვლა, პოსტების დადება, ტროლები, ბოტები. საკუთარი “ინფლუენსერობით” საქველმოქმედო პროექტების განხორციელება. (ნანუკა ჟორჟო)
3. პარლამენტში ყოფნა, კაბინეტი, ჰალსტუხი ან ბურჯანაძისნაირი “დვოიკა”, პრივილეგიებით სარგებლობა, “კარფურში” ფასდაკლებით დახლზე დადებული ყველა ფარდის ერთად ყიდვა და ა.შ.
4. ვინც ეს ყველაფერი შეგძინა და მომავალშიც შეგინარჩუნებს, მის გოშიად ყოფნა.
ცხადია, პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებიც, კომუნიკაციაც, მედიაზე გავლენაც და თანამდებობრივი ბერკეტებიც… მაგრამ ნამდვილი პოლიტიკა მასებთან ახლოს ყოფნას, გამართული სტრუქტურების გამოყენებით მათი ნდობისა და მოქმედებისთვის მზაობის მოპოვებას, ხედვების ქონასა და იდეების ერთგულებას უფრო ნიშნავს…
საქართველოში პოლიტიკა ტუტანხამონის თანაკლასელი ბუბას, უკან რომ იკვრება ისეთ ხალათში გამოსაწყობი ირაკლი კობახიძისა და თემო ჭყონიას ძმაკაცების ხელშია…
შემოხაზეთ #11 მშრომელთა სოციალისტური პარტია, სახელი მაინც უვარგათ”
კომენტარები