დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და სხვ. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას გააცნო ძირითადი ასპექტები, თუ რა ცვლილებები იგეგმება.
პაპუაშვილის განმარტებით, ქორწინების საკითხი 2017 წელს მოწესრიგდა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით.
„ჩვენ გვესმის საუბრები, რომ ქორწინების ალტერნატიული ზომები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონში იქნება, ისევე, როგორც შემდეგ კონსტიტუციურ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი 8 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თითქოსდა არსებობს რაიმე დისკუსია ქორწინების ალტერნატიული ფორმების შემოღების შესახებ, რის გამოც კანონპროექტით დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება — ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და კაცს შორის.
მისი თქმით, ასევე აეკრძალებათ არასრულწლოვანის შვილად აყვანა მათ, ვინც თავს საკუთარი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები. პაპუაშვილის თქმით, მათ შორის- მარტოხელა პირებსაც:
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე აიკრძალება სქესის შეცვლის ოპერაცია ან რაიმე სახის სხვა სამედიცინო მანიპულაცია და აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ საბუთში ადამიანისთვის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება:
„კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“, — აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მაუწყებლებს კი აეკრძალებათ ლგბტ ადამიანების ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ეთერში გაშვება:
„ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის წახალისებისკენ.
ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ მოხდეს ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა“, — აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხს და კრძალავს საჯარო შეკრებას ან მანიფესტაციას, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია „ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“:
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო სამართლებრივ დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულებებში, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული „ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ“.
კომენტარები