2020 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 431 902 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 11,6 პროცენტს შეადგენს. სტატისტიკურ მონაცემებს სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღებთაგან 46 628 პირი 0-დან ექვს წლამდე ასაკის ბავშვია, 105 596 კი, ექვსიდან 18 წლამდე პირი. წინა წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 427 373 ადამიანი იღებდა, 2019 წლის იანვარში კი , 442 112.
2019 წლიდან სახელმწიფომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს თითო ბავშვზე დახმარება გაუხუთმაგა და 50 ლარამდე გაუზარდა.
იმისთვის, რომ ოჯახმა ბავშვზე გამოყოფილი თანხები მიზნობრივად განკარგოს, მუნიციპალიტეტების ნაწილში ერთ ბავშვზე განკუთვნილი 50 ლარიდან 30 ლარი სურსათისთვის არის გამოყოფილი, რომლის დახარჯვაც ოჯახს მხოლოდ საკვებ პროდუქტში, ბარათით შეუძლია. 20 ლარს კი, ფულის სახით იღებს. რეგიონების ნაწილში კი, 50 ლარი სრულად ფულის სახით გაიცემა.
ამ ეტაპზე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მთავრობა ახორციელებს ბავშვთა ფულადი დანამატების ზეგავლენის შეფასებას და შედეგები წლის ბოლოს გახდება ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რა სახით მოხდება 50 ლარიანი დახმარების გაცემა მთელი ქვეყნის მაშტაბით – სრულად ფულადი, კომბინირებული თუ მთლიანად სასურსათო სახით.
კომენტარები