თამო კეშელავა, ალია
რამდენიმე თვის წინ, შსს-მ კიდევ ერთი ხმაურიანი და პომპეზური დაკავება განახორციელა. ე.წ. მასშტაბური სპეცოპერაცის დროს 4 ადამიანია დაკავებული და ყველას ქურდულ სამყაროსთან კავშირებს ედავებიან. დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდის გია სოხუმსკის შვილი, ირაკლი დანგაძე და ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და სამართალდამცველებს კი, დაკავების დროს ძალადობაში ადანაშაულებდა, რის გამოც ინსპექტორის სამსახურს მიმართა. მისი ადვოკატები ჯერ კიდევ 2021 წლის 25 დეკემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან საუბარში ითხოვდნენ სამართლიან გამოძიებას და ამბობდნენ, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ვალის დაბრუნების მოთხოვნას და არა გამოძალვას.
“ალიას” დაუკავშირდა წყარო და მოგვაწოდეს აუდიოფაილები, სადაც წყაროს მტკიცებით, საქმის ე.წ. ოქროს მოწმე ამბობს, რომ კონკრეტულად დანგაძის საქმეს “თბილისიდან მოყვებიან” და კითხვას, “ვინ აძალებდა” მას ჩვენების მიცემას, ასე პასუხობს “სამხარეოს უფროსი… ვინაა, პოლკოვნიკია… მაგას თბილისიდან მოყობიან… მოიცა, არ მეწერა მაგ დედამო@@ნულის სახელი, ახლა ამომიგდო, თენგიზა…”
როგორც “ალიამ” გაარკვია, ირაკლი დანგაძის საქმეში ფიგურირებს დ.ზ. დაზარალებულის სტატუსით. წყაროს მტკიცებით, ჩანაწერში სწორედ დ.ზ. საუბრობს, თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ჩვენ, რასაკვირველია, ექსერტიზა არ ჩაგვიტარებია და სურვილის შემთხვევაში, ამის გაკეთება საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ.
“რეალურად, ირაკლი დანგაძემ ასესხა ფული ამ ადამიანს, ფულის სესხება მოხდა რუსეთის ფედერაციაში და შეთანხმდნენ რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ამ ფულის ნაწილს ფულად დაუბრუნებდა, ხოლო დარჩენილი ნაწილით კი, ირაკლისთვის მანქანა უნდა ეყიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ირაკლიმ ვალი მოსთხოვა, მაგრამ არა და არ დაუბრუნა. ამის შემდეგ, უცებ, ირაკლის სპეცოპერაციით იჭერენ, როგორც კრიმინალს, არადა, შეგიძლიათ ჰკითხოთ მის ადვოკატს, ირაკლიმ ამ ვალის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეუტანა ამ ე.წ. ბიზნესმენს დაკავებამდე და სამოქალაქო დავით, კანონიერი გზით ითხოვდა ამ თანხის დაბრუნებას. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ფულს სძალავდა და თან სასამართლოში სარჩელი შეიტანა? ეს აუდიოჩანაწერი, არის იმის მტკიცებულება, როგორ იკერება საქმეები საქართველოში. ე.წ. დაზარალებული ჰყვება, რომ მას პოლიციელებმა შესთავაზეს, აიძულეს ირაკლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. “დაგითრიაო და დაგიწყო ითანამშრომლეო?” – ეკითხებიან ჩანაწერში და პასუხობ, კი, დამიბარაო… ეს კაცი, ე.წ. დაზარალებული, არაერთხელ ჰყავდათ დაკავებული, თუ დააჭერინებდა ირაკლის – გაუშვებდნენ, როგორც ჩანს და ასეც მოხდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს საქმეებს უკერავენ, სხვადასხვა მოტივით. ფული ვეღარ გაგვისესხებია შიშით და მერე ვალის დაბრუნება თუ მოითხოვე, არიქა, კრიმინალური ავტორიტეტი ხარო, გეტყვიან.”- გვიყვება წყარო.
“ალია” დაუკავშირდა ირაკლი დანგაძის ავდოკატს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ საქმის დაზარალებული რამდენიმეჯერ არის ნასამართლევი, რომ საქმეში ნამდვილად დევს სარჩელის ასლი, რომლის მიხედვითაც, ირაკლი დანგაძე, კანონიერი გზით ცდილობდა ვალის დაბრუნებას დაკავებამდე.
ადვოკატი, ნინო შავგულიძე:
“გაუგონარი ამბავია, ხელში მაქვს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად ეს იყო ვალი, არაერთი მოწმე ადასტურებს ამას, მიუხედავად ამისა, სამართალს ვერ ვპოულობ, თუმცა, ნამდვილად ვერ და არ გავჩერდები, უდანაშაულო ადამიანს ციხეში არ დავტოვებ და ამ ქვეყანაში თუ ვერ მივაღწევ სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრასბურგში გავაგრძელებ ბრძოლას.”
გამომდინარე იქედან, რომ ჩანაწერში, საუბარია პოლიციის მხრიდან მოწმის, დაზარალებულის, თუ უბრალოდ, მოქალაქის მიმართ პოლიციის მხრიდან იძულების წესზე და იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერი ავთენტურია, შეიცავს დანაშაულის აღწერას, ვაქვეყნებთ წყაროს მოწოდებულ ორ აუდიოფაილს, რომელიც მოგვაწოდეს. სურვილის შემთხვევაში, შსს-ს, გენ.ინსპექციას, პროკურატურას და სასამართლოს, აუდიოფაილთა ექსპერტიზა არ გაუჭირდება. აი, რა მოხდება შემდეგ, თუ ფაილი ავთენტური გამოდგა? რას ნიშნავს აუდიოფაილში გაჟღერებული ფრაზა – “თბილისიდან მოყვებიან”? და გაგრძელდება თუ არა საქმის გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალადობის, ან საქმის გაყალბების მუხლით? იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ჩანაწერი ავთენტურია, აუცილებლად უნდა დადგინდეს რა სახის ძალადობა იქნა გამოყენებული პოლიციის მიერ და უნდა იქნეს გადახედილი ყველა ის საქმე, რომელზედაც საქმის ფიგურანტი გამომძიებლები მუშაობდნენ.
თუ მეორე მხარეს, რომლის ვინაობას “ალია” შეგნებულად არ ვასახელებთ, კომენტარის გაკეთება მოუნდება, დაგვიკავშირდეს ნომერზე – 555 46 08 04
კომენტარები