თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა, რომელიც გალიფ ოზთურქის მიერ მარიხუანას შეძენა-შენახვას-გადაზიდვას ან გადაგზავნას ეხებოდა.
გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.
გადაწყვეტილებას მისი ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ბიზნესმენი პროცესს დისტანციურად დაესწრო.
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 30 მაისს, ბათუმში მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენმა დიდი ოდენობით გადასახადებს აარიდა თავი, თუმცა ოზთურქს ამ დრომდე ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი არ აქვს.
2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები