ვაჟა ფშაველა – საშობაო ამბავი
(თქმულება)
I
ღარიბი არი გეგენა,
როგორც ზამთარში მინდორი,
რომ ცოლ-შვილს პური აჭამოს,
შეძლება არ აქვს იმდონი.
ჩაცმაზე ვინღა რას იტყვის?
ტანზე აცვიათ კონკები
ცოლსა და შვილებს ერთგვარად,
სანაგვეს მონაპოვები.
ხარი არა ჰყავს, არც ფური,
თითქმის არც ერთი ქათამი;
სახლში არ უჩანს არც ქვაბი,
არც საფხეკელი, ასტამი,
და ქოხს, გადახრილს გვერდზედა,
ხელს ახლებ – გააქვ თამთამი.
დღიურის ნამუშევარით
იგი სულს უდგამს ცოლ-შვილსა.
წამს მოსვენება არა აქვს
გეგენას, წელში მოხრილსა.
ცოდვას არ იზამს არაფერს:
ღმერთი აშინებს ძალიან,
ლოცულობს გულ-მხურვალედა,
დროს რომ იხელთებს, სცალიან.
ღარიებებისა ღვთის მიმართ
მას ესმის აურ-ზაური;
თვით არ ემდურის, თუნდ წლამდე
ვერსად იშოვოს შაური.
II
ხვალ შობა არი, სოფელში
მზადება, ფაცა-ფუცია,
ყველა იმას ჰკლავს, რის დაკვლაც
სოფლის კაცს გულში უძია.
სამუდამოდა ღორს თუ ცხვარს,
ბევრს თვალი დაუხუჭია.
დიასახლისებს უპყრიათ
ხელში ბატ-ქათმის კუჭია.
გეგენა ოჯახობითურთ
მიყუჩებულა, მუნჯია:
რა დაკლან, რა გამოაცხონ,
როს ბედი მათთვის ძუნწია?!
ცეცხლი უნთიათ კერაზე,
ზედ უდევს დიდი კუნძია.
მჭადი თუ ექნათ ხვალისთვის
და ზედაც წყალი სასმელად,
ღმერთს შესწირავენ მადლობას,
არაფერი აქვთ სათქმელად.
დაღამდა, თოვნაც დაიწყო,
ქარისა ისმის ზუილი;
ასკდება ჩამოვარდნილი
ქარიდან, მგლების ყმუილი
ქოხი კედლებს და კერასა,
როგორც საქონლის ზმუილი.
იქ საქონელსა რა უნდა –
ოცნება არი ტყუილი!..
ცეცხლის ალიცა ბარბაცებს
მთვრალივით აქეთ-იქითა,
თითქოს უსვია კახური
ჯიხვით და არა ჭიქითა.
III
გარედან ისმის ძახილი,
არაკუნებენ კარებსა:
„მომხედეთ, კაცი ვინა ხართ,
უმწეოს, შესაბრალებსა!“
გეგენამ კარი გააღო,
გაიცქირება გარეთა;
წინ უდგას ვიღაც გლახაკი,
დაღონებული მწარედა.
ყელს უწევს ემუდარება:
„მგზავრი ვარ შორის გზიდანა,
მისტუმრე, აგრემც უფალი
წყალობას მოგცემს ციდანა.
სასმელ-საჭმელი არ მინდა,
ოღონდაც მქონდეს საფარი, –
ოღონდაც გავთბე ცეცხლზედა,
მგზავრობა-გადმონაყარი“.
– მობრძანდი, შენი ჭირიმე,
ვაჰმე, მომიკვდა თავია!
სტუმრის მიღება სახლშია
ეგრეც თუ ძნელი არია?!
მობრძანდი, ძმაო, მობრძანდი! –
ებღაუჭება გეგენა,
წინ მიუძღვება ცეცხლისკენ,
თან მგზავრი მიჰყავს ნელ-ნელა.
– ღარიბ-ღატაკი კაცი ვარ,
გული კი ღმერთმა იცოდეს!
ვინ არის, გულის პასუხსა
კაცისას გამოიცნობდეს?
მცხვენიან, რა ვქნა, რა გიყო?
რით გიმასპინძლო ან კია?
ძირს რა დაგიგო, დაგხურო? –
სთქვა, თავი გადაარწია.
„რადა სწუხდები, მეც თავად,
მხედავ, კაცი ვარ გლახაო,
მარტო ცეცხლზე რომ გამათბო,
სიკეთედ დაგინახაო,
დიდ სიკეთედა. ნუ ამბობ,
რა სათქმელია ეგაო,
ბოდიშის მოხდა მეტია,
შენს სარჩოს თვალით ვხედაო.“
უთხრა პასუხად სტუმარმა,
კვნესით ჩამოჯდა კერაზე:
„ცეცხლი ამ სიცივეშია
საამურია ყველაზე;
გარეთ სიცივე მომკლავდა.
ეს ჩემთვის დიდი მადლია,
ბედნიერი ვარ ფრიადა,
მე არაფერი მაკლია.“
გეგენა იხდის ფარაჯას,
ბეჭებზე ახვევს სტუმარსა,
სჭუჭკავს და თავზე ევლება
თავ-დაკიდებულს, მდუმარსა.
თუმც მეტის ლოლიობისთვის
გლახაკი ეტყვის მდურვასა.
ყველა – დიდი და პატარა –
ოჯახის უფროსს ჰბაძავენ
და არ იციან, ვით დაჰხვდნენ,
სტუმარს ღმერთადა ჰსახავენ!
ერთი ფეხებს ჰხდის, მეორე
უფრო თბილს ადგილს უმარჯვებს
და, თუ რამ მოეპოვება,
მხრებზე გასათბობს უმატებს.
„ღმერთმა გიშველოსთ, ჩემს ნაცვლად
იქნებ მან მოგცესთ წყალობა,
ვევედრი, თქვენს საწყლობასა
მან გაუწიოს წამლობა.“
თავად თუმც ჰშიანთ. მაგრამა
მჭადი სულ სტუმარს მოართვეს
და უხარიან ყველასა –
მშიერი კაცი გააძღეს.
შემდეგ მის მოსასვენებლად
თბილი ლოგინი გააწყვეს.
თავად კი მშივრები დაწვნენ,
რა გადიწერეს პირჯვარი.
ეძინათ, ვიდრე განთიადს
თან მოჰყვებოდა ცისკარი.
IV
პირველად გეგენა ადგა
და გადაქექა ნაცარი,
ცეცხლისა შესანახადა
ნაკვერჩხლებზედა ნაყარი.
დაანთო ცეცხლი. განათდა
ქოხი და ქოხში რაც არი;
გაოცდა მეტის-მეტადა,
სუართი ნახა საზარი:
იმის ქოხისა კელდები
თეთრია, როგორც საყდარი,
სავსეა სანოვაგითა,
რასაც ინატრებ, აქ არი,
მაგრამ ლოგინში სტუმარი,
უყურებს, აღარსად არი!..
1910 წ.
“ალია” გილოცავთ დამდეგ შობას.
კომენტარები