საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“10 თებერვლის შეჯამება უკრაინაში:
– იმდენად აქტიურია შეტაკებები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ დონეცკსა და ლუგანსკის რაიონში, რომ შესაძლოა სწორედ პროგნოზირებული შეტევის წინაპირობებს (ან სულაც ძირითად ფაზას) ვხედავდეთ. ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი მარიინკა-ავდიივკას მონაკვეთზეა წარმოდგენილი. მოცემულ რუკაზეც კარგად ჩანს – ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ ფრონტის ხაზი მთელი ერთი წლის განმავლობაში ცალკეულ მონაკვეთებში 5-6 კილომეტრით, ზოგან კი საერთოდ არ შეცვლილა. პრაქტიკულად არმია, რომელიც მსოფლიოში აშშ-ს მეტოქეობაზე აკეთებდა აქცენტს ქალაქი დონეცკის მომიჯნავე ტერიტორიას ვერ იკავეს მთელი ერთი წელია.
ამჯერად კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიმდინარეობს როგორც ავდიივკაზე ისე მარიინკაზე – ცოცხალი ძალით შევსებული. ბოლო ერთი კვირაა იერიშის მასშტაბი ამ მიმართულებით ყოველდღიურად იზრდებოდა, გუშინ და დღეს კი დამატებითი ცოცხალი ძალის თავმოყრის შემდეგ კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ბოლო ერთ კვირაში ავდიივკას სამხრეთით რუსებმა 200 მეტრით წაიწიეს წინ და უკრაინულ თავდაცვის ზღუდეს მიუახლოვდნენ. აშკარაა რუსები ფლანგებიდან ცდილობენ უკრაინული პოზიციების შემოვლას თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად რამდენად შეძლებენ ამას საეჭვოა, მით უფრო რომ ავდიივკა დაცვის თვალსაზრისით საუკეთესოდაა წარმოდგენილი, ხოლო მარიინკასათვის ბრძოლა ქალაქის ცენტრში ნახევარი წელიწადია მიმდინარეობს (მანამდე გარეუბანში მიმდინარეობდა).
– ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია, ძირითადად, უცვლელად მძიმეა. შეტაკებები ქალაქის პერიფერიულ უბნებში მიმდინარეობს როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთით, ისე აღმოსავლეთით და სამხრეთით.
– დონეცკის ოლქის სამხრეთით, ვუჰლედარზე თითქმის დაუჯერებელი რუსული იერიში ახალი ძალით განახლდა. დაუჯერებელია იმიტომ, რომ საარტილერიო უწყვეტი იერიშების შემდეგ ისევ იგივე ტაქტიკით, პირდაპირი ფრონტალური იერიშით გადავიდნენ რუსები შეტევაზე. ჩართულია მძიმე ტექნიკაც, რომლებიც კოლონებად გადაადგილდებოდნენ. უკრაინელებმა ისევ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და არტილერია გამოიყენეს. რუსების რიგებში ამ შეტევაში მყოფი დანაყოფის დიდი ნაწილი კვლავ განადგურდა და ტერიტორიის დაკავება კვლავ ვერ მოახერხეს. ეს რომ ბახმუტი იყოს, სადაც რუსები საკუთარ სამხედროებთან ერთად “ვაგნერელებსაც” აწირავდნენ შედარებით გასაგები იქნებოდა, მაგრამ ვულჰედარს რუსული არმიის ელიტა უტევს საზღვაო ქვეითებისა და მედესანტეების სახით. შესაბამისად, ძალიან უცნაურ სურათს ქმნის ეს ყველაფერი.
– ამ სასიკვდილო იერიშების ფონზე დონეცკის რაიონში მდგარი მობილიზებული რუსული დანაყოფების ნაწილი ოფიცრებს დაუმორჩილებლობასაც უცხადებენ და იერიშზე წასვლაზე უარს აცხადებენ. ოფიცრებს ომში კრიტიკული და საკვანძო მნიშვნელობა აქვთ. რუსულ არმიაში კიევთან და ხარკივთან დიდი რაოდენობით დანაკარგი მიიღო რუსულმა ისედაც დეფიციტურმა ოფიცრობამ თავიანთი გენერლებითა და პოლკოვნიკებით. ახლა კი იმდენად გაზრდილია არაპროფესიონალი ოფიცრების რაოდენობის წილი რუსულ არმიაში, რომ საშუალო მობილიზებული შეიძლება მასზე უკეთაც კი აფასებდეს არსებულ რეალობას. ერთადერთი უპირატესობა რაც რუსეთს აქვს ცოცხალი ძალის გამოყენებისა და მათი დანაკარგის ადვილად გაღებაა. თუკი მობილიზებულ ნაწილებში დემორალიზაციამ იმატა და იერიშებზე უარი იქნა გაცხადებული, ეს უპირატესობაც შემცირდება.
– რუსებმა “კალიბრის” ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით უკრაინული კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა დაბომბეს. შემდგომ მოქმედებდა და კვლავ მოქმედებენ ირანული წარმოშობის დრონები. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდეს, მაინც რამდენიმე მათგანი მოხვდა მიზანს, რის შედეგადაც დენი გაითიშა როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ უკრაინის ნაწილში.
რამდენიმე ერთეულმა რაკეტამ მოლდოვას საჰაერო სივრცე გაიარა, ზოგიერთ მათგანს კი რუმინეთის საჰაერო სივრცეც შეიძლება გადაეკვეთა, თუმცა ამაზე რუმინეთის ოფიციალური განცხადება გავრცელდა და უარყოფილი იქნა მსგავსი დაშვება. ისინი საკუთარ ცას კარგად აკონტროლებენ.
– Business Insider წერს, რომ თითქმის ყოველთვის, სანამ უკრაინული შორ მანძილზე მსროლელი არტილერია იწყებს მოქმედებას, მანამ ისინი დასავლურ მონაცემებს ამუშავებენ და მხოლოდ ისე ადგენენ სამიზნეს. შესაბამისად, რაკეტა ან ჭურვი მიზანს თითქმის არასდროს სცდება. ეს კი უდიდესი უპირატესობაა.”
კომენტარები