ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა:
„ვირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული. არის ერთეული შემთხვევები, რომელზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს და ამ კვლევის შედეგებს ველოდებით, სადაც წყარო ცალსახად იმპორტირებული არ არის.
რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სამზადისს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი, რომ ვიფიქროთ მოსალოდნელ რისკებზე სწავლის დაწყებისთვის, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად კი, საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება. ამ მოდელის დეტალებზე აჯობებს განათლების სამინისტროს მიმართოთ, თუმცა ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინკლასები. არის გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლის განვითარება ონლაინსწავლებით შესაძლებელი არ არის. ამას სჭირდება უშუალოდ საკლასო ან პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია, ონლაინმექანიზმის გამოყენება, ეს მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული“
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, შერეული სწავლება იძლევა საშუალებას, კორონავირუსი არ გავრცელდეს.
“[ეს მოდელი არის] იმისთვის, რომ აღდგეს სწავლება და სკოლებმა ფუნქცია დაიბრუნონ, მაგრამ ასეთი კონფიგურაციით – გაყოფილი კლასების დღეგამოშვებით დასწრება სკოლაში და მეორე ნახევრის ონლაინ რეჟიმში სწავლება. ეს არის ის საშუალება, რომელიც რეგულაციებს გაამყარებს ანუ ამ კლასებში შესაძლებელი იქნება დისტანცირება და პირბადეების გამოყენების ეფექტურობა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება”
კომენტარები