ლევან ჯავახიშვილი
“ალიას” ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.
– ოთო, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. აქვე შეგახსენებ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, საკვები პროდუქტის დეფიციტის შესახებ, ჯერ კიდევ კორონა პანდემიის პირველ წელს ლაპარაკობდნენ გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ომმა უფრო დაამძიმა ვითარება. მართლა ასეთი საშინელი საფრთხე მოგველის?
– რაც შეეხება განცხადებებს, რასაც გაერო სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ავრცელებენ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ერთგვარი მოცემული ეკონომიკური რეალობა. საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და გეტყვი, რატომ გავუსვი ამას ხაზი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ის რესურსია, რომელიც აბალანსებს რეზერვების ნაკადებს და ვაჭრობის სტრუქტურას. შესაბამისად, ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ იქნება რაღაცა კრიზისი, ასე არ არის. რუსეთი და უკრაინა გასაგებია, საწვავი, ხორბლის და კიდევ სხვა პროდუქციის დეფიციტზეა ლაპარაკი, რომლის მთავარი მომწოდებლებიც ეს ქვეყნები არიან. თუმცა, არის ალტერნატიული ბაზრები და ისინი მიაწვდიან ამ და სხვა პროდუქტებს იმ ქვეყნებს, სადაც მათი დეფიციტი იქნება. მსოფლიო გლობალური სასურსათო თუ სხვა სახის კრიზისი არ იქნება. ბევრ პროდუქციაზე ფასები მოიმატებს და ფასისმიერი პრობლემები იქნება, რაღაცები გაძვირდება. განსაკუთრებით საუბარია ნავთობზე, რადგან რუსეთის ნავთობის ჩანაცვლება ხდება სხვა და სხვა ქვეყნების მიერ და ეს პროცესი, შესაძლოა, კიდევ გაღრმავდეს. თუმცა, ამერიკა აპირებს სანქციები მოუხსნას ვენესუელას და ირანს, მათთან მიაღწიოს შეთანხმებას და თუ ეს მოხდა, ამ ორი ქვეყნის ნავთობი პირწმინდად ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობს. მოკლედ, გლობალური კრიზისი არ შეიქმნება.
– იმის საფრთხე არ არსებობს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების კრიზისი შეიქმნას? საერთოდ ხომ არ გაქრება და ხელმიუწვდომელი ხომ არ გახდება?
– არა, ეს არ მოხდება და ეს არავის აწყობს. ასე არ ხდება თანამედროვე რეალობაში. პურის, ზეთის, შაქრის და მსგავსი პროდუქციის პრობლემა არ შეიქმნება. მოხდება ფასების კორექტირება. ეს და კიდევ ბევრი პროდუქტი გაძვირდება, მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ სასურსათო კრიზისი არ იქნება. არსებობს რეზერვები, არსებობს ალტერნატიული ქვეყნები, არსებობს მოპოვების წყაროები. როდესაც მოთხოვნაა, მიწოდების საშუალებები ყოველთვის ჩნდება. კრიზისი განვიხილოთ სხვა კონტექსტში. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, სხვა ქვეყნებისთვისაც ძირითადი მწარმოებელი იყო ნავთობის გარდა, სხვა რესურსებისა, მათ შორის საკვებისა. ჩვენთან თავისთავად იქნება დეფიციტი. არ იმიტომ, რომ ფაქტიურად არაფერს ვაწარმოებთ, არამედ აქ იმუშავებს “სვიფტი” და სანქცირება, ეს იმუშავებს. თუმცა, ალტერნატიული ბაზრები ათვისებული იქნება.
– ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ უცხოური ქარხნების საქართველოში გადმოტანის შანსი გაგვიჩინა რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა.
– ამ ქვეყანას პრიმიტიული აზროვნება ღუპავს. რას ნიშნავს ქარხნის გადმოტანა? მინიმუმ, ერთი წელი უნდა “ფოლკსვაგენის” ქარხნის გადმოტანას. ერთი წელი უნდა კადრების გადამზადება-კვალიფიცირებას და ერთი წელი კიდევ წარმოების სრული ციკლის ამუშავებას. მოკლედ, 3 წელი სჭირდება, საქართველოში აწყობილი პირველი “ფოლკსვაგენის” ავტომობილი რომ გამოვუშვათ. 3 წელიწადში რა იქნება მსოფლიო ბაზარზე, იცის ვინმემ? 3 წელში, შეიძლება რუსეთში ისეთი ხელისუფლება და სიტუაცია იყოს, ჩვენ შევიტანოთ იქ პროდუქცია. ეს არის სრული სისულელე. ან რა ქარხანა უნდა ჩამოიტანო, 3.5 მილიონიანი ქვეყანა ხარ და სამმა კაცმა არ იცის, მანქანა როგორ კეთდება. მერე, სად რუსეთის 140 მილიონიანი ბაზარი და სად 3.5 მილიონიანი ქართული ბაზარი. რასაც რუსეთში აწარმოებდნენ მსხვილი კომპანიები, ფაქტიურად, სრულად ჰყიდდნენ რუსეთში. ნუ, შესაძლოა რაღაც ნაწილი სხვაგან გაჰქონდათ და აქ რომ აწარმოონ, ფაქტიურად, სულ უცხოეთში უნდა გაიტანონ გასაყიდად და ეს თვითღირებულებას გაზრდის და გარდა მაგისა, ბაზარი გადანაწილებულია, იმ “ფოლკსვაგენს” თავისი წილი აქვს ყველა ქვეყანაში და სად უნდა გაყიდოს “ფოლკსვაგენმა” საქართველოში აწყობილი ავტომობილები? რუსეთში ვერ გაიტანს და დანარჩენი ბაზარი ათვისებული აქვს. აი, ამაზე არ უნდა იფიქროს იმ ხალხმა, ვინც ამ სისულელეს ავრცელებს და ავითარებს? დაფრინავს ეს ხალხი, უკვე აღარ შემიძლია, იმდენ სისულელეს ვისმენ და ვკითხულობ. ჯერ 90-ანებში ხომ იმან გვიტირა დედა, რომ იძახდნენ, “ბორჯომი” და ჩაი შეგვინახავს მარტოო. ხომ იყო ეგრე? აი, ამგვარი სისულელეების გვჯერა. ეგეთ რაღაცებს იცი ვინ ამბობს? ვისაც ფული არ უშოვნია, ელემენტარული ხელშეკრულება არ გაუფორმებია, ბიზნესი არ უკეთებია. რომელი “ფოლკსვაგენი” უნდა შემოვიყვანოთ? აგერ, ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია “ჩანგანი” აპირებდა ჩვენთან ქარხნის აშენებას და აქ წარმოების დაწყებას, 2 თუ 3 წელი მიდიოდა ლაპარაკი მაგაზე და ბოლოს გვითხრეს ჩინელებმა, სპეციალისტების გადამზადება და კვალიფიკაციის საჭირო დონემდე ამაღლების საქმე არ გამოვიდა და მოდით, ელემენტები დავამზადოთ საქართველოშიო. ეს უაზრო ილუზიები ჭამს ამ ქვეყანას, დავფრინავთ და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. სხდედან ვიღაც “გენიოსები” და ისეთ რაღაცებს იგონებენ, რასაც განხორციელება არ უწერია. ერთი არავის უთქვამს, მოდი, რუსი “აიტიშნიკები” ჩამოვიყვaნოთ და ბლოკჩეინ-ქალაქი ან რაღაც ამგვარი შევქმნათო, თანამედროვე ბიზნესი რაც არის. არა, დიდი წარმოება უნდათ, მაინც და მაინც. ჩვენთან ბიზნესი რა ჰგონიათ, იცი? აუცილებლად რამდენიმე ჰექტარზე უნდა იყოს გადაჭიმული უზარმაზარი ქარხანა და მილიდან ბოლი უნდა ამოდიოდეს. არადა, თანამედროვე ტექნოლოგიების 5 ოთახიანი სათაო ოფისიდან, იმაზე მეტი ხალხის დასაქმებაა შესაძლებელი, ვიდრე იმ ქარხანაში, იმაზე მეტი ფული შოვნა, ვიდრე იმ ქარხნით, მაგრამ ეს არ ესმით. ხორბალი რატომ აქ გვაქვს საკუთარიო, ბევრი სერიოზულად კითხულობს. აი, მთელი საქართველო რომ გადახნა, სახლები, კორპუსები და ოფისები რომ დაანგრიო და ისიც გადახნა, დათესო და მოიყვანო ხორბალი, საქართველოს მოსახლეობას 4 წელიც არ ეყოფა. არ იციან რა და დავიღალე ამაზე ლაპარაკით.
– ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ კრიზისის დროს? რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში, რომ კრიზისი შედარებით მსუბუქად გადავიტანოთ?
– სულ ვიძახი ერთ რაღაცას – გადასახადების ლიბრალიზაციაა აუცილებელი და ეს დღგ-ს გადასახადის შემცირებით და აქციზის გადასახადის გაუქმებით უნდა დაიწყოს. გაგანია ომში მყოფმა უკრაინამ გააუქმა ყველა გადასახადი და მხოლოდ ერთი გადასახადი დატოვა – ბიზნესის ბრუნვის 2%. ბანკებმა უპროცენტო სესხების გაცემა დაიწყეს. რასაც ერთი წელია ვიძახი, იმას აქ ვერ მოება თავი და უკრაინამ გააკეთა ეს. სასწრაფო საგადასახადო ლიბერალიზაციაა საჭირო. რამდენი პროგნოზი გითხარი და რომელი არ გამართლდა? ყველა გამართლდა. ვიძახდი, 4 ლარი გახდება ბენზინი, გააუქმეთ ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი-მეთქი, ხომ გახდა 4 ლარი? ცხოვრება მივუძღვენი ამ საქმეს. რამდენიმე თანამდებობის პირს ველაპარაკე. ინფლაციის დროს, ბიუჯეტიდან ნაკლები უნდა ხარჯო ლარი, რომ ინფლაცია გააჩერო-მეთქი. თუ ახლა საგადასახადო რეფორმას გააკეთებთ, გაქვს შანსი, რომ 4 მილიარდი ლარით ნაკლები დახარჯო და ინფლაცია აღარ გაზარდო-მეთქი. არა, არ აინტერესებთ. მარტო იმას გაიძახიან, რომ ბიუჯეტში ფული უნდა შევიდეს. მაისის ბოლოს 15%-ს გადასცდება ინფლაცია, ამას ყველაფერზე ფასების გაძვირება მოჰყვება და მერე უნდა ვიძახოთ, უი, ფასები ისევ ავარდაო.
– რუსები რომ აფუძნებენ კომპანიებს, ან რუსები და საქართველოს მოქალაქეები ერთად, ეს რაიმე საფრთხეა საქართველოსთვის?
– კომპანიის რეგისტრაცია არაფერს ნიშნავს საერთოდ. ერთ დღეში გააკეთებ შპს-ს. მთავარია, რა ბრუნვებში მუშაობ. რუსია, ქართველი, ჩინელი თუ არაბი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საწესდებო კაპიტალი რა პრინციპით შევა ამ შპს-ში. თუ ქეშად შევა, ამას დეკლარაციის შევსება სჭირდება და სად წავა ეს ფული, აქ რჩება თუ გარეთ გადის. დიდი ალბათობით, ვისაც რუსეთიდან ფული შემოაქვს, სჭირდება, რომ ეს ფული გარეთ გავიდეს, ევროპაში ან ისევ რუსეთში. მთავარია, სანქციებში არ მოვყვეთ, თორემ შპს-ების გახსნა პრობლემა არ არის.
კომენტარები