ასოციაცია “ბროწეულის” დირექტორის, გოჩა გაბოძის მანიფესტი:
„2011 წლიდან ყველა 17 მაისს გადავურჩი. 2013 წლის პოგრომისას მღვდელკრუიზერზე ამხედრებული სასულიერო პირები მოგვდევდნენ ყვითელ ავტობუსში მსხდომ სამოქალაქო აქტივისტებს.
მღვდელი საჭესთან იჯდა, ლუქიდან ორი ტიტველი კაცი იქნევდა მუშტებს. გეები ჩვენ ვიყავით, ისინი ოჯახის სიწმინდეს იცავდნენ. ინტერნალიზებული ჰომოფობია მძიმე მენტალური მდგომარეობაა.
არც სახლებია ჩვენთვის უსაფრთხო სივრცე. 2015 წელს 17 მაისს დისკრიმინაციული ნიშნით ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი გავხდი, საკუთარ სახლში.
5 მოძალადიდან 1 დაიჭირეს, სასამართლომ დისკრიმინაციის ნიშნები ვერ დაინახა, მობილური ტელეფონის ქურდობისთვის გაასამართლეს, 5 ადამიანიდან 1.
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ამ დღეს 1990 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან ამოიღო.
დღეს ასევე აღვნიშნავთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს. დაავადებას 1987 წლამდე G.R.I.D.(Gay.Related.Immune.Defiance) “გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტი” ერქვა. აივ ვირუსი რომელიც იწვევს შეძენილ იმუნოდებიციტის სინდრომს ბიოლოგიური სითხეების გაცვლით ვრცელდება.
ჰომოსექსუალი მამაკაცები დაავადების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი იყვნენ და დღემდე ასეა. პირველი შემთხვევები სწორედ გეი მამაკაცებში გავრცელდა.
პოლიტიკურმა ჰომოფობიამ და გეებში მიმდინარე ახალი დაავადების უგულებელყოფამ 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტები დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა.
ჰომოფობიამ პანდემია გამოიწვია, რომელიც უკვე 40 წელია გრძელდება.
აივ/შიდსის პანდემიის დასრულებამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი. მსოფლიოში 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აივ ვირუსით, რომელიც უკვე მართვადი ქრონიკული დაავადებაა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ფონზე, არაგანსაზღვრადი ვირუსი არაგადამდებია.
საქართველოში შიდსით 1 674 ადამიანი გარდაიცვალა, ყოველი მეხუთე ვისაც დიაგნოზი დაუსვეს. აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი ქვეყანაში 9 400 ადამიანის შეადგენს, მათმა 42% მა ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი.
თბილისში გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტის კვლევითი ცენტრი ა.კ.ა შ.პ.ს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი 1984 წელს გაიხსნა. საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა საქართველოში.
სტალინის მიერ 1938 წელს მიღებული საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსით ჰომოსექსუალობა 5 წლიანი პატიმრობით ისჯებოდა.
საბჭოთა კავშირში შიდსის დიაგნოზის მქონე ადამიანი პატიმრობაში თბილისში მდებარე გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტის კვლევით ცენტრში ხვდებოდა.
რომლის კედლებს გულაგის სუნი დღემდე ასდის. შიდსის პანდემიისას იყო სლოგანი #დარჩიგულაგში. ტოტალიტარული “დრაკონული” მეთოდებით საბჭოთა კავშირმა შიდსის ეპიდემია აიცილა თავიდან.
დღეს მსოფლიოში მრავალი ადამიანი ცხოვრობს ვინც შიდსის კრიზისს გადაურჩა. საბჭოთა მოქალაქეებიდან არავინ არის ცოცხალი.
მათი სიკვდილი სტატისტიკაშიც არ ასახულა. მათი ჯალათები ყოველ დილას და საღამოს ტელეეკრანებიდან მოგვიწოდებენ #დარჩითსახლში.
იყო სლოგანები – არის ადამიანი არ არის პრობლემა! საბჭოთა ავადმყოფი, ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფი“
კომენტარები