ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– ქვეყანაში ატეხილია მასობრივი ცემა–ტყეპა. ჩვენს უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხელისუფლებას როგორც კი სჭირდება დამსჯელი ჯგუფების მობილიზება და ფიზიკური დაპირისპირების შექმნა, ის ხელისუფლება აუცილებლად მარცხდება. ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში, როდესაც შევარდნაძემ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა „ზონდერ დაჯგუფებები“ და როგორ დაამთავრა, კი ვიცით–2003 წლის არჩევნები დამთავრდა რევოლუციით და შევარდნაძის ხელისუფლების დამარცხებით. იგივე შეცდომა დაუშვა ასლან აბაშიძემაც და მანაც რევოლუციის გზით დაკარგა ხელისუფლება. სააკაშვილის რეჟიმის ბოლო პერიოდში იყო ხალხის გატაცება, ცემა, აქციების სასტიკად დარბევაზე აღაფერს ვამბობ და ბოლოს სააკაშვილის რეჟიმმაც დაასრულა არსებობა. მე ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკოსების მთავარი მინუსი ის არის, რომ ვერაფერს სწავლობენ ისტორიის მზა გაკვეთილებიდან. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაშიც მრავლად არიან ტყვინგაცხელებული ადამიანები, რომლებიც ისტორიის გაკვეთილებიდან ვერაფერი ისწავლეს და ეს გამოიწვევს ხელისუფლების კრახს, თუ ასე გაგრძელდა. ცემით დარბევით ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს, მით უმეტეს, საქართველოში. ძალადობა საპასუხო ძალადობას წარმოშობს და ესეც არ იციან ხელისუფლების ლიდერებმა. შესაძლოა, ამან მიგვიყვანოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელმაც შეიძლება ბოლოს შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდოს. ეს ძალზე სახიფათო პროცესია, არ ვურჩევ ხელისუფლებას ამ გზით საირულს, რადგან ეს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს სერიოზულ კატაკლიზმებამდე. ხელისუფლებაში თავმოყრილ ადამიანებს არ გააჩნიათ არც პოლიტიკური და არც სხვაგვარი გამოცდილება და კომპლექსებითაც არიან შეპყრობილნი. ეტყობა, მაგალითად, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ მას თუ ვინმე შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართავს, რაც ჩემთვის მიუღებელია, ამას მუშტი–კრივით უნდა უპასუხოს და ეს არის მაგარი ბიჭობა. თუ კობახიძეს და მისთანებს ხელისუფლებიდან მაინცდამაინც ძველბიჭობა უნდოდათ, ახალგაზრდობაში უნდა ეძველბიჭათ და არა ხელისუფლებაში მოსვლის მერე, როცა ძალაუფლება მათია. ეს ანაქრონიზმია და იმის გამო, რაც მოხდა, ნორმალურ ქვეყანაში ირაკლი კობახიძეს დეპუტატის მანდატს დაატოვებინებდა ხალხი და მერე მთელი ცხოვრება პოლიტიკას არ გააკარებდა. ხელისუფლებაში და პოლიტიკაში თუ ხარ ადამიანი, კრიტიკაც უნდა აიტანო და შეურცხყოფაც. თუ ამის ატანა არ შეგიძლია, არ უნდა იყო პოლიტიკაში და ხელისუფლებაში. ევროპის ქვეყნებში, სადაც მიცხოვრია, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ არავინ უგზავნის საცემრად ხალხს. ეს არის დემოკრატია და ელემენტარული ვალდებულება პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისა. ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა ამ ხელისუფლებისა ის არის, რომ არ უყვართ ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა, არ უყვართ თავისი სამშობლო და ფიქრობენ, რომ ხალხი უნდა ემსახუროს მათ და არა პირიქით. ამ გაუკუღმართებული აზროვნებიდან მოდის ყველაფერი, რა უბედურებაც დღეს გვჭირს. ყველა ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას გარდა, ამას ფიქრობდა.
– ჭიათურაში მაღაროელები იყვნენ გაფიცულები, ყველგან პროტესტია სოციალურ ნიადაგზე, ქვეყანაში არნახული გაჭირვებაა. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
– ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა და სხვა რეგიონებში დაიწყო გამოსვლები სოციალური მოთხოვნებით. აუტანელ პირობებში მომუშავე ადამიანები გამოდიან და აფიქსირებენ საკუთარ პროტესტს. პირდაპირ ვთქვათ, რატომ არის ეს ხალხი ასეთ დღეში –მმართველმა კლანმა ფეოდალიზმი და ბატონყმობა დააბრუნა საქართველოში. ვიცი, ბევრ ადამიანს ეშინია ამ თემაზე საუბრის, მაგრამ ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, სხვაგვარად არ გამოვა. მმართველ ელიტას სურს, რომ ქვეყანა საკუთარ თავზე მოირგოს. მაგალითად, მათმა შვილებმა სტენფორდის, ჰარვარდის, კემბრიჯის უნივერსიტეტებში უნდა ისწავლონ და ამაში უზარმაზარი ფული გადაიხადონ, ჩვენმა შვილებმა კი საქართველოშიც ვერ უნდა მიიღონ განათლება უფულობის გამო და ათასობის სტუდენტს ამის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობი პირთა არც ერთ შვილს ქართულ ჯარში არ უმსახურია. ბრიტანეთში სამეფო ოჯახის წევრები, პრინცები ჯარში მსახურობდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ პრინცი ჰარი, ავღანეთში, ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში ომობდა, როდესაც ნატო–ს ჯარები შევიდნენ ავღანეთში. ამერიკის პრეზიდენტების, კონგრესმენების შვილები მსახურობდნენ ჯარში და მათგან ზოგიერთი ავღანეთსა და ერაყში იბრძოდა. სხვა ნორმალურ ქვეყნებშიც ასე ხდება. ჩვენთან, თავიანთ შვილებს ფუფუნებაში ხომ აცხოვრებენ და სხვის ნიჭიერ, განათლებულ შვილებს ეუბნებიან, ან ჩვენი და ჩვენი შვილების ყმები გახდით, ან თვითმფრინავის ბილეთები აიღეთ და უცხოეთში წადითო. ფაქტიურად, ყრიან ქვეყნიდან ახალგაზრდებს და ემიგრაციის რიცხვმა კოლოსალურ ციფრს მიაღწია. გადახრეს ქვეყანა, ტენდერები, მშენებლობები, გადაზიდვები, ბაზრობები, მარკეტები, საჰერო, საზღვაო, სახმელეთო ტრანპორტი, გაზი, ჰესები, ელექტროენერგია, ბანკები, წყალი, ფარმაცევტული კომპანიები, კლინიკები, სადაზღვევო კომპანიები, ბენზინი, დიზელი, ქვანახშირი, ხე–ტყე, ხორბალი, ალკოჰოლური სასმელი… აბსოლუტურად ყველაფერი არის მმართველი კლანის ხელში, რომელიც ბიუჯეტს ძარცვავს, ხალხს ფულს პარავს, მერე სამევახშო კანტორას აარსებს და ისევ ჩვენზე აპროცენტებენ ჩვენთგანვე მოპარულ ფულს და ისეთი კოლოსალური პროცენტებით, რომ ხალხს მერე სახლ–კარს ართმევენ და ოჯახებს ღია ცის ქვეშ სტოვებენ ბავშვებიანად. სახელმწიფო მიწები, ტბები, მდინარეები, ტყეები, წიაღისეული, ყველაფერი საკუთარ ოჯახებს აჩუქეს. პატარა ჯიხურს ვერ ჩადგამ ვერსად, თუ მმართველი ელიტის თანხმობა არ გაქვს. ევროპაში, ამერიკაში პრესტიჟული ქალაქი და კურორტი არ დარჩა, სადაც ამათ სახლები და აგარაკები არ ჰქონდეთ. საკუთარი ცოლების, შვილების, ოჯახის სხვა წევრების დაბადების დღეებისა და ქორწილების გადახდას საქართველოში აღარ კადრულობენ, უცხოეთში ისეთი სასტუმროების რესტორნებში იხდიან, სადაც არაბი შეიხები დადიან. საკუთარ ძვირადღირებულ იახტებზე იხდიან დღეობებს, ქორწილებს. მოჯამაგირები ჰყავთ, მოურავები და უცხოეთიდან ჩამოყვანილი მზარეულები და გუვერნანტები. ერთ ოჯახს 15–20 კაცი ჰყავთ მომსახურე პერსონალად და თავი შუა საუკუნეების ფეოდალებად წარმოუდგენიათ. ორ, სამ და ხუთ მილიონს ფულს აღარ ეძახიან, რადგან მილიონ ლარამდე ღირს მათი პერსონალური დაცვის ავტომობილები. გარდა ამისა, ყველას თავისი პატარა შეიარაღებული ფორმირება ჰყავს, ვიღაც გორილები, კუნთმაგარი მანქურთების ამალა ახვევიათ თავს და თუ პატრონი უბრძანებს, მზად არიან, ნებისმიერი ადამიანი დაასახიჩრონ, დააარბიონ, ოჯახი აუწიოკონ, ცხოვრება გაუცამტვერონ და მოკლან. ბატონყმობა, მონობა დააბრუნეს ქვეყანაში. მმართველი ელიტა არის ქვეყანაში კანონი, სამართალი, მოსამართლე, სამართალდმცავი, კანონების დამწერიც და ამ კანონების აღმსრულებელიც. მოვა 2024 წლის არჩევნები და თავად იქნებიან არჩევნების ჩამტარებლებიც, ხმების დამთვლელებიც და გამყალბებლებიც. დაჩაგრავენ, დააშინებენ და მოისყიდიან ხალხს, მოპარავენ ხმებს და ვისაც ვერ მოპარავენ, ვისაც ვერ დააშინებენ, ისე გაუხდიან საქმეს, საარჩევნო ურნამდე ვერ მივიდეს და მერე უცხოეთში გააქცევენ. ამის ფონზე, კიდევ 4 წლით დაიკანონებენ ხელისუფლებაში ყოფნას და კიდევ უფრო დიდი ტემპით გააგრძელებენ ქვეყნის ძარცვას. რამდენი ხანია ამათგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე სიტყვა აღარ დაუსველებიათ? ან დავით გარეჯზე? თითქოს ეს პრობლემები აღარც არსებობს, აღარ ახსენებენ. ქვეყნის განვითარების გეგმა არ არსებობს. მთელი ქვეყანა ემსახურება მმართველ ელიტას, რომელიც ძარცვავს საქართველოს ჭიათურაში, ტყიბულში, ზესტაფონში და სხვაგან, ყველგან… ეს პროტესტები ლოკალურ ადგილებზე შედეგს ვერ მოიტანს. მშვიდობიანი აჯანყების დრო დგება. ამ მმრთველ ელიტას, ამ გაზულუქებულ მილიარდერებს, ჩვენი ხალხი ადამიანებად აღარ მიაჩნია. ყოველდღიურად გვძარცვავენ, ჩვენს შვილებს მათი შვილების ყმებად მიიჩნევენ, მომსახურე პერსონალად. მათ წინააღმდეგ უნდა მოხდეს მშვიდობიანი აჯანყება – სხვა გზა არ არსებობს. თანამედროვე ბატონყმობა თუ ფეოდალიზმი სხვაგვარად ვერ დამარცხდება. ეს უნდა იცოდეს ყველამ. ეს ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რაღაც სისულელეები და მაიმუნობები, მმართველი ელიტის წისქვილზე ასხამს წყალს. ხშირ შემთხვევაში, ესენი ერთად იპარავენ ბიუჯეტიდან ფულს და ერთად ხრავენ ქვეყნის სიმდიდრეებს. „ნაცმოძრაობაში“ ყველანი მილიონერები არიან და ყველა ბიუჯეტის ხარჯზეა გამდიდრებული. თუ გვინდა მმართველი ელიტის გამოცვლა, ჯერ უნდა გამოვცვალოთ ე.წ. ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებს მას. ვიდრე „ნაცები“, სააკაშვილი და ლიბერალები უპირისპირდებიან ხელისუფლებას, ამ დაპირისპირებაში ყოველთვის გაიმარჯვებს ხელისუფლება. თუკი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება ეროვნული, ქართული, პატიოსანი და გულანთებული ოპოზიცია, მაშინ ცვლილებები გარდაუვალი იქნება ქვეყანაში. ეს არის ფორმულა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს და ყველამ უნდა გაითავისოს ერთი: იმისთვის, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს, ამისთვის საჭიროა ბრძოლა! ბრძოლის არ უნდა შეგვეშინდეს! ფეოდალებისგან ჩაგრულ ყმებს, დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბორკილების გარდა, რომელიც უნდა მოვიხსნათ და გადავაგდოთ… უნდა მოხდეს მშვდობიანი აჯანყება მმართველი გაზულუქებული ელიტის წინააღმდეგ, რომელმაც შეჭამა ქვეყანა. უნდა მოხდეს ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება. სხვაგვარად არაფერი გამოვა. ასე, წერტილოვანი პროტესტებით არაფერი შეიცვლება.
ერთიც მინდა ვთქვა. დღეს გამოიყვანეს ჯგუფები, რომლებიც კონსერვატორობასა და ეროვნულობაზე ლაპარაკობენ. პირდაპირ მინდა გითხრათ, „ხალხის ძალაში“ არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე, ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ ლგბტ–სამკლაურის გაკეთებას მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ისინიც დიდი სიამოვნებით გაიკეთებდნენ იმ სამკლაურს.
– მახსოვს, მიხეილ ყაველაშვილმა დაუჭირა საჯაროდ მხარი მაშინ გურამ კაშიას.
– და არა მარტო მან. არიან ადამიანები, რომლებიც ლიბერალური ნარატივით ცხოვრობდნენ, სოროსის ბუდეში გაიზარდნენ და დღეს კონსერვატორობას იბრალებენ. კონსერვატორობა და ეროვნულობა იმისთვის დასჭირდათ, რომ როგორმე არჩევნებში მიაღწიონ წარმატებას. კონსერვატიზმის და ეროვნულობის გაუკუღმართებული გაგება არის ეროვნული იდეის ყველაზე დიდი მტერი. ვერც ერთი „პრო“, ვერასდროს ვერ იქნება ვერც კონსერვატორი და ვერც ეროვნული–ორივე გამორიცხავს უცხო ქვეყნის მსახურებას. უნდა გაიმიჯნოს პრორუსული, პროსოროსული, პროლიბერალური და ნებისმიერი „პრო“ ჭეშმარიტი ეროვნული იდეისგან. ხარ ეროვნული და კონსერვატორი, არ ნიშნავს იმას, რომ იყო პროგრესის მტერი, რომ გიყვარდეს ბოლშევიკები, კომუნისტები, ლენინი და საბჭოთა იმპერია. თუ ეროვნული და კონსერვატორი ხარ, პირველ რიგში არ უნდა ურიგდებოდე შენი ქვეყნის ოკუპაციას და ყველაფერს უნდა აკეთებდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამათ, ამ ძალად კონსერვატორებს, იმის თქმის ეშინიათ, რომ საქართველოს ტერიტტორიები ოკუპირებულია და რუსეთი მტერია საქართველოში. დღეს ისეთი კონსერვატორები გამოყავთ ასპარეზზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობენ. ეს არის ანტიეროვნულობა. მთავარი ღირებულება ეროვნული ძალებისა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა და არა იმის მცდელობა, რომ ერთი ბატონი შეცვალონ მეორეთი. არ უნდა მოგწონდეს უსამართლო სასამართლო, პოლიტიზირებული პოლიცია, მოსმენები, უკანონო კონტროლი და სხვა სახის მედია ცენზურა თუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ეს ყველაფერი არის დიქტატურის დამყარების მცდელობა და როგორ შეიძლება, ეროვნულ პოლიტიკურ, სახალხო ძალას თუ პიროვნებას, დიქტატურა მოსწონდეს და მის დამყარებას წინაღმდეგობას არ უწევდეს? არ უნდა შეურიგდე არც ერში, არც ბერში უკეთურობას. ისეთ უკეთუობას, როგორიც ანდრია ჯაღმაიძეა ჩანერგილი ქართულ ეკლესიაში. ასეთი ადამიანები უნდა ამხილო, როგორც ზვიად გამსახურდია ამხელდა მათ. ეროვნულ–კონსერვატორი მაშინ ხარ, თუკი ზვიად გამსხურდიასა და მერაბ კოსტავას გზით და იდეებით მიდიხარ.
კომენტარები