იტალიის ქალაქ მონტიკიარის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი კარლო მოსკა პანდემიის დაწყებიდან საკმაოდ დიდხანს თავდადებულ მედიკოსად მიაჩნდათ, თუმცა ახლა ის კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ამის შესახებ გამოცემა La Repubblica იუწყება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 47 წლის ექიმი ცოტა ხნის წინ, გმირად ითვლებოდა, რადგან ის დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულ ავადმყოფებთან ე.წ. “დაბინძურებულ ზონაში” დაუღალავად მუშაობდა. ექიმ მოსკას, იგივე “სიკვდილის დოქტორს” ორი თვის განმვალობაში ოჯახიც კი არ ჰყავდა ნანახი, რადგან მთელ დროს პაციენტებთან ატარებდა.
ის ეჭვმიტანილი მას შემდეგ გახდა, რაც იმავე კლინიკის მედდამ განაცხადა, რომ ექიმი მოსკა ძლიერმოქმედი პრეპარატების მიტანას ხშირად ითხოვდა, ეს კი პროტოკოლით კორონავირუსის მკურნალობისთვის არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ექიმის მოთხოვნით, სრულიად მარტო რჩებოდა მძიმედ დაავადებულ პაციენტებთან, რაც თანამშრომლებში ეჭვის გაჩენის საფუძველი გახდა.
ექიმის ქმედებით, პაციენტის გარდაცვალების მინიმუმ ორი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. იტალიის პროკურატურის ცნობით, მარტის თვეში მოსკამ პაციენტებს ძლიერი ანესთეზია – პროპოფოლის ლეტალური დოზა 61 წლის ნატალე ბასისა და 80 წლის ანჯელო პალეტის გაუკეთა.
ამ დროისთვის, სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მოსკა, იგივე “სიკვდილის დოქტორი” ლომბარდიის საავადმყოფოში კიდევ ოთხი პაციენტის მკვლელობაში მონაწილეობდა. მკვლელობის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მოსკას კოლეგა-მედიკოსები ფიქრობენ, რომ პანდემიის სტრესის გამო ის შეიშალა. თუმცა, მათგან განსხვავებული ვერსია აქვთ პოლიციელებს – მათი აზრით, მოსკამ მოიშორა ისინი, ვინც, მისი აზრით, უიმედო პაციენტები იყვნენ, რათა ახალი პაციენტებისათვის საწოლი გაეთავისუფლებინა.
ბრალდებული ექიმი დაკავებულია, ის ბრალდებას უარყოფს.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები