პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა:
“ჩვენ მოვიგეთ დრო. ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ყველა სისტემა მაქსიმალურად მომზადებულიყო შემდგომი შესაძლო სირთულეებისათვის. 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემა დღეში მხოლოდ 150-მდე „პისიარ“ ტესტის გაკეთებას ახერხებდა, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეში შეგვიძლია 8000 და უფრო მეტი ტესტის გაკეთება. სულ მალე კი, საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ 10 ათასამდე გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა.
თუ ეპიდემიის დასაწყისში მხოლოდ ხუთი ჰოსპიტალი იყო ჩართული პროგრამაში, დღეისათვის კოვიდ ინფიცირებულთა ანუ პაციენტების სამკურნალოდ ჩართულია 20-ზე მეტი კლინიკა და 2400-მდე გაიზარდა საწოლფონდი. საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისათვის მომზადებულია საქართველოში არსებული კლინიკების 80%, ასევე მზადყოფნაშია 4 სასტუმრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ანაკლიაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით საწყისი ჰოსპიტალურ მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევენ პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში.
მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან წესები, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან, და მითუმეტეს გადაკოცნისგან. შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, ასეთ დროს ჩვენ შესაძლოა სხვისგან მივიღოთ ვირუსი ან სხვას გადავცეთ ის და მოვახდინოთ დაინფიცირება.
ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი. ახლოს არის არჩევნები და ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი ვალდებულება ქვეყნისაც, ხელისუფლებისაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებისაც, რომ ჩვენ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში და ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ქვეყანას არჩვენების შემდეგაც არ შევუქმნათ პრობლემები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
14 მარტს ქვეყანას მზად ჰქონდა 4040 საწოლი კოვიდინფიცირებულებისათვის და არსებობდა 3 პუნქტიანი გეგმა.
დღეს, 15 სექტემბერს დიმიტრი ხუნდაძე გვეუბნება რომ საწოლფონდი 2400 -მდე გაიზარდა.
სასწაული ზრდაა – 4040 საწოლი – გვქონდა მარტში და სექტემბრამდე 2400-მდე როგორ გაზარდეთ? მაგრად გიმუშავიათ!
ტაში რომელ საათზე დაგიკრათ, ბატონო დიმიტრი და დღეში რამდენჯერ? ჭამის წინ, თუ ჭამის შემდეგ?
კი გავზარდეთ 4040 საწოლიდან საწოლფონდი 2400-მდე, მაგრამ მაინც არ გვყოფნის და სასტუმროებში ვუმკურნალებთ უსიმპტომო პაციენტებსო, მერე რა, რომ უსიმპტომო პაციენტებს საერთოდ არ მკურნალობენ, თენგიზ ცერცვაძეს მაინც ჰკითხეთ და გიპასუხებთ, რომ მხოლოდ აკვირდებიან, დიმიტრი ხუნდაძე მაინც უმკურნალებს, თან სასტუმროში, რას ვიზამთ, მოდის არჩევნები და საჭიროა სასტუმროს მეპარონეთათვის გადახდილი ფული, ალბათ…
კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს გვეუბნება ხუნდაძე – ჩვენ კი გავზარდეთ საწოლფონდი 4040-დან 2400-მდე, კი გადავამზადეთ მედპერსონალიო, მაგრამ თქვენ რომ ერთმანეთს ხელს ართმევთ და კოცნით – მაგიტომ ვრცელდება ვირუსი და თუ არჩევნები ვერ ჩავატარეთ, ან არჩევნების მერე თუ რთული პერიოდი დადგა თქვენი ბრალი იქნებაო – აბა, რა, ბატონო დიმიტრი, აბა, რა, მარტო ჩვენი ბრალია, ღირსნი ვართ, არჩევნები არ ჩაატაროთ, რად გვინდა არჩევნები, პირდაპირ შეგვიძლია გამოვიდეთ და უბრალოდ გაგყაროთ! – ხო?
ვიკითხეთ, ბატონო.
დრო მივიგეთო, ადრე ვაკეთებდით 150 ტესტს და ახლა ვაკეთებთ 8 000 ტესტს და მალე გავაკეთებთ დღეში 10 000 ტესტსო – გაჩვენოთ, ბატონო დიმიტრი, რომელ თვეში იძახდით ათასობით ტესტი გვაქვს უკვე ნაყიდიო? გაჩვენოთ, რამდენი ათასი ტესტი როდის შეიძინეთ? დრო კი არ მოიგეთ, დაკარგეთ, მარტში 4040 საწოლი გქონდათ და 150 ტესტს აკეთებდით დღეში, 6 თვის მერე 2400 საწოლი გაქვთ და დღეში 8 000 ტესტს აკეთებთ, არჩევნების წინ, მოახლოებული გრიპის სეზონის დროს – რატომ არ გამოიყენეთ გაზაფხული და ზაფხული ტესტირებისთვის?
მეხსიერებას არ ვუჩივით, ბატონო დიმიტრი და ციფრები მაინც აკონტროლეთ, არა, კაცო, სასტუმროებისთვის გადარიცხული თანხის ციფრს არ ვგულისხმობთ, საწოლფონდის ციფრი აკონტროლეთ, მარცხი მარცხზე მოგდით.
მარცხზე გამახსენდა, მართალია, მედ. პერსონალი გადაამზადეთ, მაგრამ აი, ე.წ. მეორე ტალღამდე 12 პროცენტი ინფიცირებულის მედპერსონალზე მოდიოდა და მაგას ხომ ვერ ახსნით? რანაირად გიავადდებოდათ დღეში 10-15 პაციენტის პირობებში მედპერსონალი? იქნებ, ახალი სტატისტიკაც დადოთ ამასობაში, ამჟამად რამდენი პროცენტია მედ.პერსონალის დიანფიცირებული?
და ბოლოს, დღის კითხვა ბატონ დიმიტრის – ვინ შეჭამა 1640 საწოლი ბოლო 6 თვეში?
ალია
კომენტარები