ანი დვალიშვილი, ალია
სანამ ოპოზიცია გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადება, ხელისუფლება იმ საკრებულოებს კარგავს, სადაც ძალთა ბალანსი გახარიას პარტიის ხარჯზე უნდა დამჯდარიყო. ექსპრემიერის მოთხოვნები “ოცნებაში” არ დააკმაყოფილეს და აგერ, წალენჯიხის საკრებულოც ოპოზიციური გახდა. თუმცა, ეს ყველაფერი რეპეტიციაა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების წინ. იმის მიუხედავად, რომ წალენჯიხა არ არის პატარა მუნიციპალიტეტი, მთავარი საჭიდაო მაინც რუსთავია, ქალაქი, სადაც ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საკრებულო ოპოზიცური გახდეს, თუმცა აქ თავმჯდომარის პოსტი ნაციონალურ მოძრაობას სურს. როგორც გვეუბნებიან, სწორედ ამის გამო დათმეს ნაციონალებმა ორ მუნიციპაალიტეტში პოზიციები და ახლა გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ რუსთავის საკრებულოში მისი პარტიის სამმა წევრმა მხარი სწორედ ნაციონალების კაანდიდატს დაუჭიროს. ასეთ შემთხვევაში, რუსთავში, მაისში გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაციონალები სერიოზულ უპირატესობას მიიღებენ და გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის სოლიდურ ნაწილსაც გადაიბირებენ, მიმდინარე პროექტების შეჩერების და დაფინანსების გაწელვის შესაძლებლობაც ექნებათ, რაც ხელისუფლებას დაარტყამს. არადა, გახარიას პარტია “ოცნებას” რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის გარდა, ვიცე-მერის პოზიციას, სამი სამსახურის უფროსსა და ოთხი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის თანამდებობას სთხოვს, რაზეც “ოცნება” კატეგორიულ უარს აცხადებს.
არსებული რეალობის ფონზე, “ოცნებაში” მინისტრთა კაბინეტის ორი წევრის მოხსნაზე ჯერჯერობით თავს იკავებენ. საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილზეა. დავითაშვილის მისამართით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი არარეალურად გაძვირდა და ხორბლის ექსპორტთან დაკავშრებით სერიოზული კითხვები გაჩნდა. მოგეხსენებათ, მცურავი ბაჟის გამო, ხორბალი გაძვირდა და ყველა წისქვილკომბინატი დახურვის საფრთხის პირასაა. მეწარმეებმა დავითაშვილს “რაღაცის” მოფიქრება შესთავაზეს და ის, რაც მან მოიფიქრა, პურის მზა ფქვილზე ბაჟის გაზრდაა. ანუ, დავითაშვილის უწყება იმას კი არ ცდილობს, ხორბლის შემოტანის გზები გააიოლოს, არამედ ფქვილზე ზრდის ბაჟს, რაც ავტომატურად გამოიწვევს პურის ფასის გაზრდას და თანაც მთელი 30 თეთრით, რაც “ოცნების” ისედაც მყიფე რეიტინგს საგრძნობლად დაარტყამს. კულუარულად ამბობენ, რომ დავითაშვილი ფქვილის შემომტანებს ვერ ერევა და ეს მონოპოლიზირებული სფერო საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი “კრიშით” სარგებლობს. ჰოდა, სავარაუდოდ ამ “კრიშასთან” ბრძოლაში მარცხდება მინისტრი, თუმცა ხალხს ამით სარგებელი არ ექნება – გაზაფხულისთვის პურის კიდევ ერთხელ გაძვირება ძალიან რეალურია.
კომენტარები